85 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მსახიობი ტონი კერტისი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ იგი მძიმე ასთმური შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს.
ტონი კერტისი (ბერნარდ შვარცი) 1925 წლის 3 ივლისს, ნიუ იორკში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. 1943 წელს აშშ-ის ფლოტში სამხედრო მოსამსახურედ ჩაირიცხა, სამსახურის მოხდის შემდეგ კერტისმა ნიუ-იორკში მსახიობის ოსტატობის შესწავლას მიჰყო ხელი, კინოსტუდია Universal Pictures–თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი ჰოლივუდში გადაბარგდა.
მსახიობი სუსტი სქესის წარმომადგენელთა კერპი მალევე გახდა. მან ათეულობით ფილმში, მათ შორის "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" და "სპარტაკში" ითამაშა. კერტისი ირწმუნებოდა, რომ მერილინ მონროსთან საიდუმლო რომანი ჰქონდა, რომელიც 8 წელი გაგრძელდა. 1959 წელს კერტისი "ოსკარის" პრემიაზე იყო წარდგენილი, თუმცა პრემია არ მიანიჭეს და ამის გამო ძალიან განაწყენდა.
კერტისი ხუთჯერ იყო დაქორწინებული, მას 5 შვილი დარჩა.
მომზადებულია msn.com-ის მიხედვით.