მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ რესინმა დედაქალაქიდან პეტრე პირველის ქანდაკების გატანის გადაწყვეტილება მიიღო, ”მოსკომარხიტეკტურაში” ზურაბ წერეთლის ქმნილებისთვის ახალი ადგილის მოძიების განკარგულება შევიდა.
თავად მოქანდაკემ რუსეთის დედაქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ საზღვარგარეთ ყოფნისას შეიტყო.
”შეგახსენებთ, რომ მონუმენტზე კონკურსი იყო გამოცხადებული. მასში მრავალი მხატვარი და სკულპტორი მონაწილეობდა, - განუცხადა წერეთელმა რუს ჟურნალისტებს, - ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა, კომპოზიციისთვის ადგილი ქალაქის დაგეგმარების საბჭომ თავად შეარჩია. მათ გეგმაში თავიდანვე მითითებული იყო, რომ აღნიშნულ ადგილზე დიდი და მაღალი სკულპტურა უნდა აღმართულიყო”.
ზურაბ წერეთლის აზრით, დედაქალაქიდან იმ ძეგლის გატანა, რომელიც უკვე იქცა მოსკოვის ნაწილად, გაუმართლებელია.
”ისტორია ყველაფერს თავად მიუჩენს ადგილს. გაიხსენეთ, რამდენი ცნობილი ადამიანი, მხატვარი და მწერალი აკრიტიკებდა ეიფელის კოშკს. ახლა, როცა ეიფელის კოშკს პარიზის სიმბოლოდ მიიჩნევენ და უნიკალურ მონუმენტად აღიარებენ, მის მოწინააღმდეგეებს ირონიით იხსენებენ”, - განაცხადა წერეთელმა.
ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ წერეთელმა პეტრე პირველის ქანდაკებას საფუძვლად ამერიკის აღმომჩენის - ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება დაუდო და მას მხოლოდ რუსი მეფისთვის დამახასიათებელი შტრიხები დაუმატა, რასაც მოქანდაკე კატეგორიულად უარყოფს.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.