აშშ-ის ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს მომავალი შუალედური არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირი იქნება. ანალიტიკური ორგანიზაცია Center for Responsive Politics-ის გათვლებით, კანდიდატები აგიტაციისთვის, საერთო ჯამში, დაახლოებით 4 მლრდ დოლარს დახარჯავენ.
შედარებისთვის: 2006 წელს საარჩევნო დანახარჯებმა 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა. 2002 წელს კი - 2,2 მლრდ. საარჩევნო ხარჯების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ახლახან მიღებული კანონპროექტი სახელდება, რომლის მიხედვით, ამა თუ იმ კანდიდატის მხარდასაჭერი კამპანიის დაფინანსება ლიმიტირებული აღარ არის. ხოლო რიგ შემთხვევებში, სპონსორის ანონიმურობაც გარანტირებულია.
2010 წლის 2 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში წარმომადგენლობითი პალატის 435 წევრსა და და 37 სენატორს აირჩევენ. ამჟამად ამერიკის პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატიული პარტია ფლობს, თუმცა საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელთა წარმატებას პროგნოზირებს.
მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.