შარლიზ ტერონს მახინჯების განსახიერება უყვარს

შარლიზ ტერონს მახინჯების განსახიერება უყვარს

შარლიზის შესახებ ცუდს არავინ არაფერს ამბობს - მის სამსახიობო ხელოვნებას მუდამ აქებენ, აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობაში "წყალქვეშა დინებებს" არავის ეძებს... აბა, ვის შეუძლია მასზე აუგის თქმა მაშინ, როდესაც ქალბატონებსაც კი იდეალად მიაჩნიათ!

შარლიზ ტერონი ჭეშმარიტი ქალია: სახის დახვეწილი ნაკვთები, პროფესიონალი ბალერინის სხეული, უზადო ყოფაქცევა და შეულახავი რეპუტაცია... ეს ქალბატონი ჭურჭელსაც კი "მესამე საბალეტო პოზიციაში" მდგომი რეცხავს. მის შესახებ ვერავინ იტყვის - ფატალური ქალიაო, თუმცა მის ცხოვრებაში "ბოროტმა ბედისწერამ" დიდი როლი ითამაშა.

უღრუბლო ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონდა. შარლიზი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბენონის სირაქლემების ფერმაში გაიზარდა. 2 წლის იყო, როდესაც დახრჩობას ბეწვზე გადაურჩა, 9 წლის ასაკში უკვე ტრაქტორს მართავდა, 13 წლისა, მამის ალკოჰოლიზმის გამო, ინტერნატში აღმოჩნდა, ხოლო 15 წლის ასაკში იმის მომსწრე გახდა, რომ დედამ, თავდაცვის მიზნით, იარაღიდან გასროლით, მამა სიცოცხლეს გამოასალმა. შარლიზი 16 წლის იყო, როდესაც ხაზი გადაუსვა საბალეტო კარიერას, რომელსაც 12 წელი მიუძღვნა. ანგელოზისსახიანი, ჯოჯოხეთური წარსულის მქონე 19 წლის გოგონა ლოს-ანჯელესში ძალზე მცირე თანხით ჩავიდა.

ბანკში ფულის გამოსატანად მისულ შარლიზს პერსონალთან უთანხმოება მოუვიდა, რომლის დროსაც აგენტ ჯონ კროსბის ყურადღება მიიპყრო. მალე მოდელი გახდა, 20 წლისამ კი სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში - "სიმინდის შვილები" პირველი ეპიზოდური როლი ითამაშა. ორიოდე წელიწადში შარლიზ ტერონმა მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. სურათში - "ეშმაკის ადვოკატი" პატივმოყვარე იურისტის მეუღლის სახე შექმნა. სწორედ ამ ფილმის გადაღებების დროს გააგიჟა ალ პაჩინოს საკრამენტულმა ფრაზამ  - პატივმოყვარეობა ჩემი ყველაზე საყვარელი ცოდვააო, - რასაც შარლიზს ვერავინ დააბრალებს.

მას უინტერესო საეკრანო სახე არასდროს შეუქმნია: ფილმში - "ასტრონავტის ცოლი" მისი გმირი ერთგული და ძლიერი ქალია; სურათში - "მძლავრი ჯო იანგი" - ამაღელვებელი და მგრძნობიარე ქალი; "მეღვინეთა წესებში" - მომხიბვლელი და მარტოსული, "ტკბილ ნოემბერში" - ნაზი და შეშლილი, სურათში - "თავი ღრუბლებში" - თავქარიანი და საბედისწერო, მაგრამ კინოაკადემიკოსებს ზოგჯერ სწორედ ის მოსწონთ, რაც ყველაზე უარესია... ნიკოლ კიდმანის შემთხვევაშიც ხომ სწორედ ასე მოხდა: მსახიობმა სანუკვარი მოოქროვილი ქანდაკება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც გენიალური, მაგრამ ნაკლებად მიმზიდველი მწერალი ქალის - ვირჯინია ვულფის სახე შექმნა. შარლიზს სხვადასხვა ინტერვიუში არაერთხელ უთქვამს, რომ მაყურებელს მისი გარეგნული სილამაზე სამსახიობო ნიჭის შეფასებაში ხელს უშლის.

2004 წელს მსახიობი ჭეშმარიტად ლამაზი ადამიანებისთვის დამახასიათებელ "თვითგანადგურებაზე" წავიდა - ფილმში "მონსტრი" მკვლელ მეძავად გარდაისახა და როლის შესაქმნელად, 13,5 კილოგრამი მოიმატა წონაში. გრიმის სქელი ფენის ქვეშ ისევ ანგელოზი იმალებოდა, რომლის დანახვას "მონსტრის" თითოეული მაყურებელი ამაოდ ცდილობდა. სამაგიეროდ, კინოაკადემიკოსები კმაყოფილნი დარჩნენ. სხვათა შორის, 2012 წელს ნიკოლ კიდმანსა და შარლიზ ტერონს ფილმისთვის - "დანიელი ქალი" - გარეგნობის დამახინჯება კიდევ ერთხელ მოუწევთ. კიდმანი ამ სურათში ტრანსსექსუალს განასახიერებს, შარლის ტერონი კი - მის შეყვარებულს. მსახიობის თაყვანისმცემლებმა შესაძლოა, კიდევ ერთ შოკს ვეღარ გაუძლონ და მეორედ მოსვლა სანატრელი გაუხდეთ...

შარლის ტერონის მომავალ როლებს შორის, ნაკლებად ამბიციური პროექტებიც მოიძებნება. 2003 წელს გადაღებული ფილმის სიკველში - "ძარცვა იტალიურად 2" - შარლიზი კიდევ ერთხელ ითამაშებს მარკ უოლბერგთან და ჯეისონ სტეტჰემთან ერთად; მონაწილეობას მიიღებს ფილმში - "შეშლილი მაქსი IV", რომლის წინა სამმა ნაწილმა მელ გიბსონს სახელი და დიდება მოუტანა. მართალია, ამ ფილმების პრემიერამდე საკმაო დრო რჩება, მაგრამ შარლიზი ჩრდილში არ დარჩება.

ცოტა ხნის წინ მაყურებელმა საყვარელი მსახიობი ჯგუფის - The Killers - წევრ ბრენდონ ფლაუერსის კლიპში მორიგ უჩვეულო ამპლუაში იხილა. მისი პერსონაჟი ლარა კროფტისა და უმა თურმანის გმირს ("მოკალი ბილი") ერთდროულად გვაგონებს. სამურაის ხმლით შეიარაღებული, ტუჩებზე სისხლშემხმარი შარლიზი შეყვარებულს მრავალი გასაჭირიდან გამოიხსნის. ბრენდონ ფლაუერსისთვის ეს პირველი სოლო ვიდეოა, 14 სექტემბერს კი მისი სოლო ალბომი - ფლამინგო გამოვიდა. ბრენდონ ფლაუერსს აშკარად გაუმართლა - ამ საქმეში შარლიზ ტერონის მხარდაჭერა მუსიკალური ოლიმპის ღმერთების კურთხევაზე მეტად ფასობს.

შარლიზი აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. საკუთარი ფონდის - Africa Outreach Project გარდა, რომელიც სამხრეთაფრიკელ ახალგაზრდებს ეხმარება, სალმა ჰაიეკთან ერთად, მაროკოელი ქალების დახმარებას ცდილობს, შონ პენთან ერთად, სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს იცავს, იბრძვის აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ, კუნძულ ჰაიტის მოსახლეობის დასახმარებლად ტელემარათონში მონაწილეობს და ეს ჩამონათვალი სრული არ არის. შარლიზ ტერონი საქველმოქმედო აქტიურობით ჯოლი-პიტის, ბონოსა და ოპრა უინფრის მოღვაწეობასაც კი აჭარბებს. სკანდალურ ახალ ამბებში შარლიზის სახელი არასდროს მოხვდება. პაპარაცებს მსახიობი საცვლების გარეშე არასდროს გამოუჭერიათ, ფილმის რეკლამისა და ტაბლოიდებში მოხვედრის მიზნით რომანს არავისთან გააჩაღებს, პირადი ცხოვრების აფიშირებას თავს არიდებს, სასტუმროების ნომრებს არ არბევს და რაიმე დამოკიდებულებისგან განკურნება არ სჭირდება.

მსახიობ სტიუარტ ტაუნდსენთან ცხრაწლიან ურთიერთობას არ მალავს, 2010 წლის იანვარში მათი დაშორების მიზეზის შესახებ კი დღემდე არაფერს ამბობს. შარლიზი იმდენად იდეალური ქალია, რომ ავტომობილის მართვის დროს ჭარბი სიჩქარითაც კი არასდროს უვლია.

ნუთუ სამხრეთაფრიკულ მზეს ლაქები არა აქვს?!. - იკითხავს მავანი. იქნებ ეს ფაქტი გამოდგეს: ერთხელ დაინახეს, კიანუ რივზს რომ კოცნიდა, მაგრამ არავინ იცის, რომანი აქვთ თუ უბრალოდ, კოცნის თვითმხილველნი მეგობრების ემოციური გამომშვიდობების მომსწრენი გახდნენ. ეს პიარი ნამდვილად არ იყო, მაგრამ რა იყო სინამდვილეში?..

შარლიზი ამაყი და ზოგჯერ "იკბინება". მაგალითად, ფეხბურთის 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრაზე, საფრანგეთის ბურთულა ამოიღო, ხმამაღლა წარმოთქვა - "ირლანდია" და ამით საფრანგეთის ნაკრების უპატიოსნო თამაშზე მიანიშნა, რომლის შედეგადაც, ირლანდიელები ფინალური ტურნირის მიღმა დარჩნენ... ფიფას მესვეურები ჰოლივუდის ვარსკვლავის ამ გამოხდომას არ ელოდნენ და აღნიშნული ეპიზოდი ეთერში არ გაუშვეს...

შარლიზი გულახდილად ამბობს, რომ მოთმინების უნარი არა აქვს; არ მალავს, რომ მარტოობის, უხეშობისა და სიბერის შიში აქვს; არც იმას მალავს, რომ ფიცხი ხასიათი აქვს... მაგრამ აბა, დავფიქრდეთ - რა მოხდებოდა, 19 წლის შარლიზს ბანკში სკანდალი რომ არ აეტეხა და ის აგენტ ჯონ კროსბის არ შეენიშნა?.. ასე რომ, სკანდალი, სულ მცირე დოზით, სასარგებლოც კია!..  

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება