როლანდ ოქროპირიძე მეუღლეს ეროტიკულ ფილმებში არ ათამაშებს

როლანდ ოქროპირიძე მეუღლეს ეროტიკულ ფილმებში არ ათამაშებს

როლანდ ოქროპირიძემ და სოფო გორელაშვილმა 23 სექტემბერს იყალთოში დაიწერეს ჯვარი. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა . ჯვრისწერას მხოლოდ ორი მათი მეგობარი დაესწრო. ბედნიერი წყვილი მომავლის გეგმებს უკვე აწყობს და თავიანთი სიყვარულის ამბავსაც მხიარულად იხსენებს.

- როლანდ, გაგვაცანი ვინაა შენი რჩეული.

- სოფო გორელაშვილი თეატრალური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტია. სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს. ოცი წლისაა. თბილისშია დაბადებული. ცხოვრობდა ხილიანის ქუჩაზე. დედისერთაა.

სოფო:

- ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- რატომაა დედისერთობა მნიშვნელოვანი?

როლანდი:

- მეც დედისერთა ვარ და იმიტომ.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- სოფო ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში გავიცანი ორი წლის წინ. დავინახე თუ არა, მივედი და ვუთხარი, ძალიან მომწონხარ-მეთქი.

სოფო:

- ამ შემთხვევაში კახური პირდაპირობა გამოიჩინა.

როლანდი:

- როცა გოგო მოგწონს, რა საჭიროა ცერ-ცერ სიარული. პირდაპირ უნდა მიხვიდე და შენი სათქმელი თქვა. სოფოსთან რომ მივედი, ვუთხარი, ეს რა კარგი გოგო ხარ, რამდენი წლის ხარ, შენი ტელეფონი მომეცი-მეთქი.

სოფო:

- ამ დროს ძალიან დავიბენი, მაგრამ შევეცადე, არ შემემჩნია.

როლანდი:

- სოფომ ცოტა დაიმორცხვა. მერე ბოხი ხმით მიპასუხა. ცოტა შემეშინდა და დავფრთხი, მაგრამ მივხვდი, რომ ესიამოვნა ჩემი მისვლა და ეს ხმის ტემბრითაც გამოიხატა. კომპლიმენტისთვის მადლობა გადამიხადა და მითხრა, ჩემი ნომერი თუ გაინტერესებთ, მოგცემთო.

- სოფო, როლანდი მანამდე სერიალში გყავდა ნანახი?

- სერიალებს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ ვიცოდი როლანდი ვინც იყო. სერიალშიც მოვკარი რამდენჯერმე თვალი და თეატრშიც მყავდა ნანახი. ვიცოდი, რომ იყო ერთი სიმპათიური ბიჭი. ბევრი რამ მის შესახებ არ ვიცოდი.

- გაცნობის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შეყვარებულები ვიყავით. თითქმის სულ ერთად ვიყავით. მერე დავშორდით ერთმანეთს.

- რის გამო იკამათეთ?

როლანდი:

- შეიძლება ითქვას, რომ უაზროდ, არაფრის გამო ვიჩხუბეთ.

სოფო:

- მიზეზი არ გვქონდა. ჩვენით შევქმენით პრობლემა და ვიჩხუბეთ.

როლანდი:

- თან, ჩვენ როცა შეყვარებულები ვართ, ძალიან გვიყვარს და როცა ვჩხუბობთ, ძალიან ვჩხუბობთ.

- შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი რომელმა გადადგით?

სოფო:

- მე.

როლანდი:

- თუმცა ერთი წლის განმავლობაში, სულ მე ვცდილობდი შერიგებას. მაგრამ რამდენ ნაბიჯსაც გადავდგამდი, იმდენი ჯოხი მხვდებოდა (იცინიან).

სოფო:

- ბოლოს მე დავურეკე.

როლანდი:

- ამას აღარ ერქვა, რომ სოფომ შერიგებისკენ ნაბიჯი გადმოდგა. უფრო დიდი ნახტომი იყო. კამათის პერიოდი ძალიან დიდხანს, თითქმის ერთი წელი გაიწელა.

სოფო:

- შერიგებიდან მესამე დღეს ჯვარი დავიწერეთ.

- ახლა ალბათ უკვე შეგიძლიათ თქვათ, რა მოგეწონათ ერთმანეთში ყველაზე მეტად.

როლანდი:

- სოფო გარეგნობით ძალიან მომწონს. ბაჯაღლოსავით ლამაზია, ზედმეტად არ ბრწყინავს.

სოფო:

- წინასწარ ვამბობ, რომ მე ასე მხატვრულად ვერ ვიტყვი. თან, მგონი, როლანდისთვისაც არასდროს მითქვამს რატომ მომეწონა. რთული კითხვაა, არ ვიცი, რატომ მომეწონა (იცინის). პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ მისგან დიდი სითბო და ინტერესი ვიგრძენი. მერე მეც დავინტერესდი. როლანდს ძალიან ბევრი თვისება აქვს, რომელიც მომწონს.

- სერიალ "გუნცაძეებში" როლანდი მორჩილი ქმარი იყო. სინამდვილეშიც ასეთია?

- როლანდი აბსოლუტურად განსხვავდება თავისი გმირებისგან.

- სახლის საქმეებში არ გეხმარება ხოლმე?

- კი, მაგრამ საწყალი და მორჩილი ქმარი ნამდვილად არაა.

- როლანდს ისეთი როლი აქვს ნათამაშები, რომელიც ალბათ ბევრ ცოლს არ მოეწონება.

- შოთიკო კალანდაძის ფილმს გულისხმობ?

- კი. არ გიეჭვიანია ამ ფილმის გამო?

- არანაირად. ეს ჩვენი პროფესიაა. როგორც მე არ მქონდა რეაქცია, დარწმუნებული ვარ, როლანდიც არ გააპროტესტებს ჩემს როლებს.

როლანდი:

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ე.ი. მეუღლეს ეროტიკულ სცენებში მონაწილეობას აუკრძალავ?

სოფო:

- ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს.

როლანდი:

- სოფოს ეროტიკულ ფილმში ნახვა ნამდვილად არ მესიამოვნება.

სოფო:

- ასეთ ფილმში თვითონაც არანაირად არ ვითამაშებ, როგორი ანაზღაურებაც უნდა შემომთავაზონ.

როლანდი:

- ქართველებს არ გამოსდით ეროტიკის გადაღება. ნეტავ რეჟისორებმა მხატვრული ფილმების გადაღებისთვის გამონახონ თანხები. თუ ეროტიკის გადასაღები ფული იშოვეს, ამისთვის იშოვიან ისეთ მსახიობებს, რომლებიც პირველ რიგებში დგანან, რომ ასეთ ფილმებში გადაიღონ.

- იმაზე თუ გიფიქრიათ, ერთად რომელ სპექტაკლში ითამაშებდით.

სოფო:

- ძალიან მომწონს დოსტოევსკის "იდიოტი" და იმედი მაქვს, მე და როლანდი როდისმე ერთად ვითამაშებთ ამ სპექტაკლში:

როლანდი:

- ამ შემთხვევაში უნდა, მე როგოჟინი ვიყო და თვითონ ნასტასია ფილიპოვნა. პირადად მე საოცნებო როლი არ მაქვს. მინდა ხოლმე, რომ კარგ რეჟისორთან ვიმუშაო. ამ შემთხვევაში ყველა როლი საინტერესო გამოვა.

- სამოგზაუროდ წასვლას გეგმავთ?

- ჯერ ქორწილისთვის ვემზადებით და მერე შეიძლება, ეგვიპტეში წავიდეთ სამოგზაუროდ. ვნახოთ. ჯერ არ გადაგვიწყვეტია საბოლოოდ.

- რამდენი ბავშვის ყოლას აპირებთ?

სოფო:

- ბევრის.

როლანდი:

- მეც მინდა, რომ ბევრი შვილი გვყავდეს. დედისერთები რადგან ვართ, გვინდა, ჩვენმა შვილებმა იგივე ტკივილი არ განიცადონ. ყოველთვის მინდოდა, და ან ძმა მყოლოდა.

- ბევრი მაინც რამდენია, შეიძლება, ცხრა ან ათი შვილიც გყავდეთ?

სოფო:

- (იცინიან). ამდენი ვერ გვეყოლება, მაგრამ ორ შვილს არ დავჯერდებით. შეიძლება, ხუთი შვილიც გვყავდეს, ვნახოთ.

როლანდი:

- ხუთი შვილის ყოლის იდეა ცოტა მაშინებს, მაგრამ თუ გვეყოლება, ძალიან კარგი იქნება.

- როლანდ, შენ, როგორც ვიცი, გყავს სამი წლის შვილი, რომელიც, ძალიან გგავს.

- აქამდე მხოლოდ ერთხელ მქონდა მისი სურათი ნანახი. მაშინ ჩემს თავს ვერ მივამსგავსე. ცოტა ხნის წინ სატელევიზიო გადაცემაში ვნახე და ვფიქრობ, რომ მგავს.

- სოფომ ეს ამბავი როდის გაიგო?

- სოფოს თავიდანვე ვუთხარი ჩემი ამბები.

- ბავშვთან ურთიერთობის სურვილი ხომ არ გაგიჩნდა?

- არა, ჯერჯერობით. ამის უამრავი მიზეზია. მის ნახვას არ ვგეგმავ.

- სოფო, ალბათ შენც ნახე "პროფილში" როლანდის ბავშვი.

- კი, ვნახე. ძალიან საყვარელი ბავშვია. როლანდს ჰგავს.

- არ იქნებიან წინააღმდეგი, თუ თქვენს შვილებსა და როლანდისა და ეკა ბაქრაძის შვილს ურთიერთობა ექნებათ?

- წინააღმდეგი არანაირად არ ვიქნები. იმ ბავშვს მე ძალიან კარგად მივიღებ.

რონალდი:

- ამასთან დაკავშირებით არაფერს ვგეგმავ. ბავშვის ნახვა არ მინდა, რადგან უფროსებმა გული მატკინეს. მოგვიანებით, როცა იმ უფროსების ნახვა შემეძლება, ბავშვთანაც ვიურთიერთებ. სხვების ბავშვებზე ვგიჟდები და ჩემს შვილთან ვერ გამოვნახავ საერთოს?!

- ეჭვიანები ხართ?

სოფო:

- როლანდი საერთოდ არაა ეჭვიანი.

როლანდი:

- მთლად ასეც არაა. სოფო არ მაძლევს ეჭვიანობის საბაბს და იმიტომაც არ ვეჭვიანობ.

სოფო:

- ვიცი, რომ როლანდს ძალიან ვუყვარვარ და რატომ უნდა ვიეჭვიანო? თუ ვინმეს გაუღიმებს ან თბილ სიტყვას ეტყვის, ეს არაფერს ნიშნავს. ვიცი, რომ ვუყვარდი, ვუყვარვარ და ვეყვარები.

- ერთმანეთს სიურპრიზებს უწყობთ ხოლმე?

- ეს როლანდის სფეროა. მე ჯერ ახლა დავიწყე.

როლანდი:

- ბოლო დროს სოფო სიურპრიზის მოწყობის უცნაურ ხერხს მიმართავს ხოლმე. ამას წინათ მითხრა, სახლიდან გავდივარ ცოტა ხნითო და მაგიდა და სკამები მოიტანა. მერე დედაჩემს და დედამისს შეეკრა და ყველამ ერთად იმოქმედეს. სოფოს დედამ დამირეკა, ნახევარი საათით მჭირდება შენი დახმარებაო. სადღაც გამიყვანა და რომ დავბრუნდი, ახალი, ძალიან ლამაზი საწოლი დამხვდა საძინებელში.

სოფო:

- როლანდს სიურპრიზების მოწყობაში მაინც ვერ შევედრები. ჩემს აივანს ყვავილებითა და სათამაშოებით მორთავდა ხოლმე. ფეიერვერკებიც გაუშვა რამდენჯერმე.

როლანდი:

- სიმღერაც ვცადე მის ფანჯრებთან, მაგრამ ამიკრძალა.

სოფო:

- ერთხელ ღიღინი სცადა, მაგრამ მეზობლები გამომიცვივდნენ და კინაღამ თავი გამიტეხეს. ვუთხარი, მეტი აღარ იმღერო-მეთქი. სიურპრიზები დღემდე გრძელდება. ისე მივლის, როგორც პატარა ბავშვს. საჭმელს ამზადებს. წინასწარ მეკითხება, რა გიყვარსო და მეორე დღეს იმ საჭმელს მახვედრებს ხოლმე. გემრიელად ამზადებს ყველაფერს. გემოვნებიანია ძალიან. ოღონდ მარტო საჭმლის მომზადებაში არა.

როლანდი:

- რა თქმა უნდა, ვინც შენ დაგინახავს, მიხვდება, რომ გემოვნებიანი ბიჭი ვარ.

სოფო:

- მგონი, არც მე მაქვს ცუდი გემოვნება (იცინიან).

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება