ყველაზე სექსუალური ქართველი გოგონა შეყვარებულია

ყველაზე სექსუალური ქართველი გოგონა შეყვარებულია

ნანუკა გოგიჩაიშვილი ამერიკული ჟურნალ "ესქუაიერის" აზრით, პლანეტის ერთ-ერთი სექსუალური და საინტერესო გოგონაა. როგორც ჟურნალი წერს, "მის სამყაროს" ამ მონაწილეს შეეძლო, სამხრეთ ოსეთში ომი ერთი გასეირნებით შეეჩერებინა". ყველაზე სექსუალური და უბრალოდ, საინტერესო ქალების სიაში ქართველი მოდელი მონიკა ბელუჩის, ნატალი პორტმანისა და ბიორკის გვერდით მოხვდა.

თავად ნანუკა უკვე მესამე თვეა ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ამჟამად კიდევ ერთი კონკურსისთვის ემზადება. ეს სიახლე კი ოჯახის წევრებისგან შეიტყო და როცა სკაიპით დავეკონტაქტეთ, ძალიან გახარებული და აჟიტირებული იყო. მისი ფეისბუქის გვერდზე კი ეწერა - "ღმერთო ჩემო, "ესქუაიერის" სექსუალური ქალების სიაში პირველად აღმოჩნდა ქართველი... და ეს მე ვარ!..."

- ნანუკა, ამერიკულმა გამოცემამ ყველაზე სექსუალურ და საინტერესო ქალბატონებს შორის დაგასახელა.

- მე ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან გავიგე. ყველა საშუალებით ცდილობდნენ ჩემს გაღვიძებას (იცინის). ტელეფონი დამიჯდა და ვერ დამირეკეს. მე ყველაზე გვიან გავიგე ეს ამბავი, ინტერნეტში შევედი და მეგობრების ლინკებით გადავედი ამ ჟურნალის მთავარ გვერდზე. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ საქართველოს სახელი ბევრჯერ ეხსენებინათ. "მის სამყაროზეც" სწორედ ამ იმედით მივდიოდი, რომ ქვეყნის სახელი გაიჟღერებდა.

- ამ კონკურსზე 25 საუკეთესო გოგონას შორის მოხვდი, თუმცა იქიდან ვერც ერთი ვერ მოხვდა "ესქუაიერის" გამოკითხვაში.

- ამ გამოკითხვის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. როდესაც ასეთ რეიტინგებს ადგენენ ინტერნეტის საშუალებით, არც ერთმა ადამიანმა წინასწარ არ იცის, ვინ შეჰყავთ. ჯიხურში უკვე ვიკითხე და "ესქუაიერის" ეს ნომერი მალე გამოვა, თავიდან მთელი ნომერი ინტერნეტში დადეს და უკვე შემდეგ გამოვა გამოცემის სახით.

- ჟურნალისტები არ დაინტერესდნენ შენით?

- რაც ამერიკაში ვარ, ჩემს თავს ბევრი საინტერესო რამ ხდება. უამრავი საინტერესო წინადადება მივიღე, მაგრამ წინასწარ ვერ ვილაპარაკებ.

- აჟიტირებული ლაპარაკობ...

- რა თქმა უნდა. როგორც მოდელს, ძალიან მხიბლავს ასეთი ამბები, აქტუალურ თემებში ზედმეტად ვარ ჩართული და ჩემ შესახებ ამბავი გამომეპარა. გაკვირვებული ვარ. საოცრებაა, რომ ამ ამერიკული ჟურნალის რეიტინგში აღმოვჩნდი. წარმოიდგინე, ძალიან გავლენიანი ჟურნალია, როგორც სამოდელო სფეროში მაგალითად "ვოგი".

- თავს სექსუალურ ქალად თუ აღიქვამ?

- სახლიდან მამამ რომ დამირეკა, ცოტა მოწყენილი იყო, რა ბავშვი ხარ, ეტყობა, არ იციანო. სექსუალურობაზე პრეტენზია არასდროს მქონია, მაგრამ რატომაც არა, ვიქნები საქართველოს სახელით ამ ჟურნალის რეიტინგში ყველაზე სექსუალურებს შორის.

- ფოტო, რომელიც "ესქუაიერმა" გამოაქვეყნა, საიდან მოიპოვეს?

- "მის სამყაროზე" გადამიღეს, პაპარაცულად. იქ ყველას თავი მადონა გვეგონა, რადგან ყველგან პაპარაცები დაგვდევდნენ. ლას-ვეგასის ყველა ჟურნალში ვიყავით. ეს ფოტო ერთ-ერთ დაჯილდოებაზეა გადაღებული. მე საერთოდ არ ვიცოდი, ეს ფოტო თუ არსებობდა. სწორედ ამ ფოტოს მიხედვით დამასახელეს "ესქუაიერის" მამაკაცმა მკითხველებმა სექსუალურ ქალბატონებს შორის.

- გვითხარი, მშობლები, გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე როგორ შეხვდნენ შენს ამ წარმატებას?

- მათთვის ვერ მოვიცალე, იმდენი ხალხი და ჟურნალისტი მირეკავდა საქართველოდან. მამას მხოლოდ ორი წუთი ველაპარაკე და მითხრა, ვამაყობ შენითო, მაგრამ როგორც გითხარი, ცოტა მოწყენილი მომეჩვენა. დამარიგა, კარგად მოიქეციო. ის ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს.

- ნათიაზე მინდა გკითხო. როცა პრეზიდენტს ახლდა დონალდ ტრამპთან ვიზიტისას, კომპლიმენტი მიიღო თავადაც და შენთან დაკავშირებითაც.

- მე ყველაფერს ყველაზე გვიან ვიგებ (იცინის). მგონი, აღარ უნდა დავიძინო, რადგან დილას ფეისბუქზე რომ შევდივარ, ისეთი ამბები მხვდება, რომ აღარ ვიცი, რომელი ერთი წავიკითხო და რა რეაქცია უნდა მქონდეს. ნათია ნიუ-იორკში იყო, მე კი ჩიკაგოში. ის ვერ მირეკავდა, რადგან ძალიან დაკავებული იყო. ორი წუთი ჰქონდა ზუსტად, დამირეკა და მომიყვა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ. თბილისში ასეთი ჭო­რები დადიოდა, რომ ნა­თიამ დონალდ ტრამპს უთხრა, ჩემი შვილი მონაწილეობდა "მის სამყაროშიო" და სთხოვა, ფოტო კამერების წინ ეჩვენებინა. დედაჩემი ძალიან მორიდებული ადამიანია. დონალდ ტრამპთან მქონდა შეხება და ვიცი, რომ რაც არ უნდა, ძალით ვერავინ გააკეთებინებს. ვერავინ ეტყვის, იქნებ, კამერას გაუღიმოთო, რადგან ასე თუ ეტყვიან, არ გაუღიმებს. მოკლედ, თავისებური ხასიათი აქვს. ნათია მომიყვა, როგორც მოხდა ყველაფერი - ოფიციალური შეხვედრა გვქონდა და რანაირად უნდა გამებედა, რომ ასეთი რამ მეთხოვაო. დონალდ ტრამპმა თავად აიღო ჟურნალი და აჩვენა ქართველი მონაწილე პრეზიდენტს.

- კარგი, ნანუკა, ამერიკაში რამდენიმე თვე რატომ შემორჩი?

- აგვისტოდან მოყოლებული აქ ვარ. ლას-ვეგასის მერე ნიუ-იორკში ვიყავი, ახლა ჩიკაგოში. აქ ჩემი ბავშვობის მეგობართან ერთად ვცხოვრობ. საკმაოდ დატვირთული ვარ, ამერიკელები ძირითადად მუშაობენ და ვარჯიშობენ, მეც ავყევი მათ რიტმს, არ ვმუშაობ, მაგრამ ვვარჯიშობ. მალე გავდივარ კიდევ ერთ კონკურსზე - "მის ინტერკონტინენტალზე" და ამისთვის ვემზადები. ეს კონკურსი ერთ-ერთ მდიდრულ კუნძულზე გაიმართება.

როგორც გითხარი, ბევრი საინტერესო წინადადება მივიღე და რომ ჩამოვალ, მშობლებს გავაცნობ, ისინი თანახმა იქნებიან იმაზე, რაც ჩემთვის კარგი იქნება.

- ცნობილი ადამიანებიდან ტრამპის გარდა კიდევ ვინ გაიცანი?

- "მის სამყაროზე" ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა. წაგვიყვანეს პირველ გადაღებაზე, ტრასაზე უნდა ვმდგარიყავით ყველა. ის ადგილი გადაკეტილი იყო. ყველას ვხედავდით, ვინც ჩაივლიდა. ჩემ წინ მანქანით იცი ვინ ჩაიარა? დევიდ ბექჰემმა. რომ დავინახე, მივხვდი, რომ ლამაზი ბიჭი შეიძლება მოგეწონოს. შეანელა სვლა და გაგვიღიმა, მეც ხმამაღლა ვთქვი, დევიდ ბექჰემი-მეთქი და ყველამ ტაში დაუკრა.

- ნანუკა, ისიც გვი­თხარი, შეყვარებული თუ ხარ?

- შეყვარებული?.. (იღ­იმება) ვააარ! ყველანაირი წარმატება მისთვის მინდა, ერთ ადამიანზე ვარ შეყვარებული. ყველამ იცის, ვინც მე მიცნობს, მაგრამ ვერ ვიტყვი. ჩემი ოჯახის წევრები იცნობენ. მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი მიყვარს.

- გათხოვებას არ გეგმავ?

- ჯერ არა, კარიერაზე ვარ ორიენტირებული (იღიმება).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება