მიხეილ გორბაჩოვმა პუტინი-მედვედევის ტანდემი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთი მალე დაიშლება, თუკი ქვეყანაში დემოკრატიული რეფორები სასწრაფოდ არ გატარდება. ამის შესახებ "Christian Science Monitor”-ი წერს. გორბაჩოვი პუტინი-მედვედევის ტანდემს რუსეთის ლიდერებად არ აღიქვამს.
ინტერვიუში გორბაჩოვი ამბობს, რომ რუსეთი აპათიისა და კორუფციის ჭაობად იქცა და ხელისუფლებას ქვეყნის პრობლემებთან გამკლავება არ შეუძლია.
გორბაჩოვი მიიჩნევს, რომ ვითარება, შესაძლოა, მხოლოდ საზოგადოების აქტიურობით გამოსწორდეს."როცა საზოგადოება მიხვდება, რომ მის აზრს არაფრად აგდებენ და მასზე არაფერია დამოკიდებული, ხალხი ქუჩაში გამოვა. ხელისუფლების გულგრილობის გამო ჩვენი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება", - განაცხადა გორბაჩოვმა.
გორბაჩოვის თქმით, რუსეთში, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა, რაიმე "მოულოდნელობაც " მოხდეს.
ადრე გორბაჩოვი ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის კრიტიკას თავს არიდებდა. გამონაკლისი იყო ბრიტანული The Times -ისთვის 2009 წელს მიცემული ინტერვიუ, სადაც მიხეილ გორბაჩოვი პუტინს დემოკრატიის კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.