დასავლურ მასმედიას პუტინის ბედნიერი ქორწინების არ სჯერა. "The Times"-ი წერს, რომ მოსახლეობის აღწერაში პუტინების ოჯახის მონაწილეობის ამსახველი სიუჟეტი პიარ-აქციაა, რომელიც პუტინის განქორწინების შესახებ მოარული ხმებისთვის წერტილის დასმას ისახავს მიზნად. ვიდეო-ჩანაწერში ჩანს, რომ ლუდმილა პუტინას ხელზე საქორწინო ბეჭედი არ უკეთია.
გამომცემლობა პუტინისა და 27 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ, ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას ურთიერთობას, მონიკა ლევინსკისა და ბილ კლინტონის ურთიერთობას ადარებს.
"ვლადიმერ პუტინი და მისი მეუღლე თეთრი სახლის წყვილს გვაგონებს", - წერს "The Times"-ი. "სავარძელი, სადა ავეჯი და მინერალური წყალი მაგიდაზე მხოლოდ პოლიტიკური კარიერისთვის ერთობის დემონსტრირებაა", - ასე წერდა 1992 წელს აშშ-ის პრესა კლინტონების ტელეინტერვიუს შესახებ, როდესაც ოჯახურ ღალატში ბრალდების მიუხედავად, კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას ცდილობდა. ”მაშინ ჰილარი მთელი ინტერვიუს მანძილზე მეუღლესთან ხელჩაკიდებული იჯდა, თითქოს ამით მეუღლეს და მათ ქორწინებას იცავდა”, - წერს "The Times"-ი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, პუტინის განქორწინების შესახებ გავრცელებული ხმები, მის იმიჯმეიკერებს პრობლემას უქმნის. პუტინის პრეს-მდივანმა ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლუდმილა პუტინა ვალდებული არ არის საქორწინო ბეჭედი ატაროს და თუ მას ბეჭედი არ უკეთია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ერთად აღარ არიან. უცხოელი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, რუსმა ბლოგერებმა პუტინსაც ვერ შეამჩნიეს საქორწინო ბეჭედი.
"რუსეთის მთავარობის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ 11-წუთიან ვიდეოსიუჟეტში ქალბატონი პუტინა აღელვებული და დაძაბული ჩანს, ის გამუდმებით პუტინს ეხება, პუტინი კი მას იშვიათად უყურებს და მეუღლის მიმართ სინაზეს ნაკლებად ამჟღავნებს. ისინი უკვე 27 წელია ცოლ-ქმარნი არიან. პუტინი მეუღლესთან ერთად ბოლოს შარშან ნახეს, როდესაც წყვილი ერთ-ერთი პოპ-ვარსკვლავის კონცერტზე მივიდა", - წერს გაზეთი.
მომზადებულია The Times-ის მიხედვით.