ავთანდილის სახლი წელს ათი წლის იუბილეს ზეიმობს. წინა კვირას მეტეხის ხიდზე დიზაინერის 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება შედგა, მანამდე კი ავთო ცქვიტინიძე კიევის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა და საკუთარი კოლექცია, თუმცა კონკრეტულად უკრაინული ბაზრისთვის განკუთვნილი, სწორედ იქაური მაყურებლის წინაშე წარადგინა. ქართველ დიზაინერს ერგო პატივი, გაეხსნა კიევის მოდის კვირეული, ისევე, როგორც ქართული. უკრაინულმა პრესამ კომპლიმენტები არ დაიშურა ავთო ცქვიტინიძის მიმართ, ერთ-ერთმა მოდის კრიტიკოსმა დაწერა, რომ ქართველი მოდელიერი უკრაინაში "ქართულად ვნებიანი" იყო.
ავთო ცქვიტინიძეს მისსავე სალონში მაშინ შევხვდით, როცა ქართული მოდის კვირეულისთვის ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებდა.
- თიკო სადუნიშვილმა, რომლის ჩაცმულობაზეც ზრუნავთ, ამას წინათ ტელეეთერით თქვა, მართალია, ავთანდილი ირაკლი ნასიძის მსგავსად პარიზის კვირეულებზე ვერ ჩნდება, მაგრამ კიევში კი მიემგზავრებაო...
- (იცინის) ხუმრობით თქვა და მეც ხუმრობით მივიღე. ყველას თავისი კარიერა აქვს, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. მე და თიკო არა მხოლოდ ამ თემაზე, ბევრ სხვა თემაზეც ძალიან შეხუმრებულები ვართ (იღიმება).
- კარგი, რა ხდებოდა კიევში?
- კიევის მოდის კვირეული გავხსენი და 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარვადგინე. კიევში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან ვუყვარვარ ხალხს, მეგობრებს, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს. ამ კვირეულს ათასამდე ჟურნალისტი ესწრებოდა, ჩემს კოლექციაზე ვიმუშავეთ მე და უკრაინული "ელის" მთავარმა სტილისტმა, გოგონების იმიჯი, ვიზაჟი, თმის ვარცხნილობა ერთად მოვიფიქრეთ. კიევის მოდის კვირეულისთვის თემა იგივეა, რაც საქართველოს კვირეულისთვის, თუმცა აქ რამდენიმე გრძელი, დავარდნილი კაბების ბლოკი დაემატა, ქართულ ფსიქოლოგიაზე მორგებული. იქ მოდის განსხვავებული აღქმაა, მენტალიტეტიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. მსოფლიო სტანდარტები გასათვალისწინებელია, თუმცა შემდეგ დიზაინერის პრეროგატივაა, რას როგორ გააკეთებს.
- სტილისტის დახმარება რატომ დაგჭირდათ?
- სტილისტი შეიძლება, არც დაგჭირდეს, მაგრამ ახალი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი გჭირდება, შესაძლოა, თავადაც დაიქირავო, ან მოდის კვირეულმა დაიქირავოს. უცხოეთში მე ყოველთვის სერიოზულ სტილისტებთან ერთად ვაწყობ კოლექციას.
- საქართველოში?
- აქ ყველაფერი თანდათან იწყება და ვითარდება. გამოჩნდა ბევრი დიზაინერი, ზოგი კარგი, ზოგი ცუდი. ადამიანებმა თავად უნდა აირჩიონ. ჟურნალისტებიც უკვე ნელ-ნელა ხვდებიან მოდის ტერმინოლოგიას, სწორად აშუქებენ. ნელ-ნელა ამ სფეროში ყველა გაერკვა. ასე რომ, კრიტიკულად ჩასაფრებულები ნუ ვიქნებით. რასაკვირველია, აქ არ ვგულისხმობ პროფესიონალ დიზაინერებსა და პროფესიონალ ჟურნალისტებს. სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასე კარგად წავიდოდა საქმე. საქართველოს კვირეულის შემდეგ თბილისის მოდის კვირეული მოდის. კონკურენცია და შეჯიბრება ძალიან საინტერესოა. მეც მეტი ინტერესით ვუყურებ ამ პროცესს. არ მეგონა, რომ საქართველოში ჩვენებები ასე დამაინტერესებდა. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია.
- მოკლედ, ძალიან ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. საქართველოს მოდის კვირეულის კოლექციაზე გვითხარით ორიოდ სიტყვა.
- სეზონის პრობლემა აქ ყოველთვის არის. დარწმუნებული ვარ, ბევრ დიზაინერს ექნება წარმოდგენილი ბეწვებითა და ტყავებით გაწყობილი სამოსი და დაარქმევს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას (იცინის). ესეც დაიხვეწება როდისმე. მე ნამდვილად გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მოვამზადე. ათი წელია, რაც ჩვენი კომპანია არსებობს. წელს იუბილარები ვართ და საქართველოს მოდის კვირეულის გახსნა გვერგო წილად. იმდენი სამუშაო ჩატარდა, რომ კარგის მოლოდინი გამიჩინა. ძალიან მონდომებით ვუდგები ამ საქმეს. როცა შეჯიბრებითობის ფსიქოლოგიიდან გამოხვალ, ყველაფერი აზრს დაკარგავს. ქართველ დიზაინერს თუ ვახსენებთ, მგონი, ყველას ავთანდილი ახსენდება, ასეთ დროს შემიძლია, მხართეძოზე წამოვწვე, მაგრამ თავს ყოველთვის პირველკურსელ სტუდენტად ვგრძნობ. ჩემთვის არასდროს არ არის პრობლემა ყველაფრის თავიდან დაწყება. არ ვიცი, ხვალ რამდენად დავრჩები ტანსაცმლის დიზაინის სფეროში. ჩემი ოცნებაა, ვიმუშაო სახლის დიზაინზე, არქტიტექტურით ვარ დაინტერესებული. თუკი ჩემი შვილი ანასტასია აირჩევს ჩემს პროფესიას, მე აუცილებლად სახლის ინტერიერით დავკავდები. ჩემი მომავლის გეგმებიც ამას უკავშირდება, თუმცა არ გამოვრიცხავ, ორივე სფეროში ვიმუშაო.
- შედარებით ახლო გეგმებს რომ დავუბრუნდეთ. როგორ აპირებთ ათი წლის იუბილეს აღნიშვნას?
- ქეთი ჩხიკვაძესთან ერთად გავაკეთე პროექტი, რომელსაც ყაზახეთის მოდის კვირეულზე წარვადგენთ. თუკი ავთანდილის ქალი ორსახოვანია, რთულად დასაპყრობი და ჩაკეტილი, ეს კოლექციის თემაა, ჩემი და ქეთის პროექტში ყველაფერი ნაზია, ჰაეროვანი, ბევრი ყვავილით. მოგინდება, რომ ეს ყველაფერი გადაიცვა და სენ-ტროპეში წახვიდე დასასვენებლად. რაც შეეხება იუბილეს, 27 ნოემბერს გადავიხდით პარიზში. იქ ოფიციალურად მიმიწვიეს. უკვე ექვსი წელია, სხვადასხვა კვირეულის შოურუმებთან ვთანამშრომლობ, მათ შორის, პარიზის, მილანის, ათენის და ა.შ. კომერციულად მომგებიანი შეიძლება არ არის, მაგრამ შესაჩვევად კარგია, ძალიან ლამაზ სივრცეში გაიმართება ჩემი ჩვენება, რომელსაც სერიოზული ბაიერები დაესწრებიან. სტილს საკუთარ თავზე ფრანგული "ვოგი" იღებს. ჩვენებას დაესწრება 60 წამყვანი ჟურნალისტი, ასამდე ვიპ-კლიენტი. ვნახოთ, როგორ ჩავაბარებ ამ გამოცდას (იღიმება).
როცა საფრანგეთში ან მილანში კვირეულები იმართება, ახალი სახელებისთვის ყოველთვის რთულია იქ გამოჩენა და თავის დამკვიდრება, რადგან იქ ისეთი სახელებია, ახალ დიზაინერზე ხალხი ფულს არ დახარჯავს. ისეთი ბრენდების ჩვენებები მიმდინარეობს ხოლმე, რომ ახალი მოდელიერით შეიძლება, არავინ დაინტერესდეს. მე კი კარგი დრო შევარჩიე ჩვენებისთვის, რადგან მაგ დროისთვის ყველა მოდის კვირეული დასრულებული იქნება (იცინის).
- ეშმაკური და ქართული სვლაა. ავთო, სულ მინდა გკითხოთ, ამბობენ, რომ საკუთარ პიარზე ზედმეტ დროსაც კი ხარჯავთ.
- მუშაობა იმ დროს დავიწყე, როცა მოდის ინდუსტრია ვითარდებოდა და მე და მაკა ასათიანმა ამ სფეროს საქართველოში სერიოზული დატვირთვა მივეცით. ან მე ვაკეთებდი ჩვენებას, ან მაკა. აქტიურად ვურთიერთობდი ჟურნალისტებთან. როცა ადამიანი პიარდება, ყველას ცნობილი ადამიანის აზრი აინტერესებს, ახალი სახეები კი რთულად პიარდებიან. როგორ ხდები ცნობილი, ამას მნიშვნელობა აქვს, მე კი მხოლოდ ჩემს სფეროსთან დაკავშირებით ვჩნდები. მიმღერია იუმორისტულ შოუში, მაგრამ ყველაფერს თავისი ასაკი აქვს და მეტჯერ აღარ ვიმღერებ. ვისწავლე ბევრ რამეზე უარის თქმა. ადრე მეგონა, რომ უარით შემეძლო რაღაც გამეფუჭებინა. ახლა დროს ვუფრთხილდები, ყველა შოუში აღარ დავდივარ სტუმრად.
- არის ვინმე, ვინც პიარის საკითხებში გეხმარებათ?
- პრესის დაინტერესება იმხელაა, რომ ამისთვის ცალკე ადამიანის დაქირავება არ მჭირდება. არანაირი აუცილებლობა არ არის, რომ ვიღაცამ რეკოს ტელევიზიებში და ეხვეწოს ტელეპროდიუსერს, რომ ავთანდილი რაღაც გადაცემაში მიიწვიონ (იცინის). ჩემს კომპანიას ჰყავს მენეჯერი და დირექტორი, საქართველოში მუდმივად პიარმენეჯერი არ გჭირდება, კონკრეტული პროექტისთვის კიდევ შეიძლება.
- ავთო, ბოლო დროს მოდად იქცა, რომ ყველა ტელეწამყვანი მაინცდამაინც თქვენთან იმოსება. შალვა რამიშვილმა თავის სტატიაში ამას წინათ იკითხა, ავთანდილი მაია ასათიანს ხომ არ ეკაიფებაო. ამაზე რას ფიქრობთ?
- მე და მაია დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. მისთვის პირველი რესპონდენტი ვიყავი, ჩემთვის მაია პირველი ჟურნალისტი. როცა შალვა რამიშვილი მოდის კრიტიკოსი გახდება, აუცილებლად გავითვალისწინებ მის აზრს (იღიმება).
როცა ადამიანს მაღალი რეიტინგი აქვს, ის კრიტიკის ობიექტია. ასი პროცენტიდან ასივე ხომ არ აკრიტიკებს მის ჩაცმულობას? მინდა ვთქვა, რომ მაიას ვიზუალი, მისი კაბები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ბევრ ადამიანზე. მოდიან და მთხოვენ, მაიას რომ ეცვა, ისეთი კაბა შემიკერეო. მაიას გარეგნობის ადამიანს ბიონსეს კაბას ხომ არ ჩააცმევ, თან თემებიც ხომ უნდა გაითვალისწინო, რაზეც ის ტელეეკრანიდან საუბრობს? მასთან სტუდიაში ერთ გადაცემაში შეიძლება იჯდეს საეკლესიო პირი, მეორეში მკითხავი, მესამეში შოუბიზნესის წევრი და მუდმივად პიჯაკსა და ქვედაბოლოში ხომ ვერ გამოვაწყობთ?! ვიღაცისთვის ეს მისაღებია, ვიღაცისთვის მიუღებელი. აკრიტიკებენ მაიას, ნანუკას, საინფორმაციო წამყვანების ჩაცმულობაც არ მოსწონს ზოგს. აი, თიკო სადუნიშვილისა და ია ფარულავას ჩაცმულობას არ აკრიტიკებენ. მათაც ხომ მე ვაცმევ? ზოგადად ბევრი ბოროტული გამონათქვამი მომისმენია შოუებზე და მისმა ავტორებმა რომ უსმინონ, ალბათ, ინფარქტი დაარტყამთ.
- თქვენზე თუ გსმენიათ ბოროტი ჭორები?
- ცნობადობასა და სიყვარულს შორის ხომ დიდი განსხვავებაა? არასდროს მიგრძნია ხალხის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება. ღმერთმა ნუ მაგრძნობინოს. არააგრესიული და მშვიდი ადამიანი ვარ. არავის არ ვაღიზიანებ არც ჩემი ვიზუალით, არც ჩაცმულობით, არ ვარ სკანდალური ადამიანი და არ გამოვირჩევი საოცარი გამონათქვამებით. ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები, 37 წლის კაცი ვარ და ბევრი საქმე მაქვს, თამაშებისთვის არ მცალია. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, კარიერა, ოჯახი, მეუღლე და შვილი. ვცდილობ, აქ ვიტრიალო.
- დაბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხოთ, რა ჩავიცვათ?
- აქტუალურია მიდი კაბა, გამჭირვალე კაბები, გაშლილი სილუეტები წელში წვრილი ქამრებით. აქტუალურია თვლები, რაც მეც მომწონს. დიდი გრანდიოზული მხრები, როგორც იქნა, გადავიდა მოდიდან. მაქქუინსა და ბალენსიაგას ჰქონდათ, მაგრამ მხრის აპრეხვა ნორმალური იყო, ზოგს კი თავისხელა მხრები ჰქონდა გაკეთებული. ქალი, რომელიც მამაკაცს ჰგავს, ალბათ, სხვა მამაკაცებს მოსწონთ, მე ნაკლებად (იცინის). რაც შეეხება ფერებს, იქნება ბაცი ვარდისფერი, ნაცრისფერი, კანის ფერი, მაგრამ შავს ვერსად წაუვალთ. ბოლოს, ყველა ქალბატონს მინდა ვუთხრა, მოდა და ტენდენცია არსებობს, მაგრამ ყველამ თავისი თავი უნდა დაინახოს და იპოვოს ამ მოდაში, არსებობს ბევრი ნიჭიერი და არანიჭიერი დიზაინერი. არჩევანი ხალხს მივანდოთ (იღიმება).
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)