მომღერალი ვერიკო ტურაშვილი, როგორც თავად ამბობს, მაგარი მფლანგველია. ფულს ხარჯავს სისულელეებსა და უაზრობებში, მისი ბოლოდროინდელი ერთადერთი ჭკვიანური შენაძენი ბინაა, რომლისთვისაც ბანკის დახმარება დასჭირდა და კრედიტი გამოიტანა.
- ფულისადმი მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს, ფულის სიყვარულით არ გამოვირჩევი, რადგან როგორც კი მაქვს, თავდაუზოგავად ვხარჯავ (იღიმება). ის, რომ ფული ხელის ჭუჭყია, გავრცელებული მოსაზრებაა, მაგრამ ფული ყველასთვის აუცილებელი საშუალებაა.
- როგორც ჩანს, მფლანგველი ხარ.
- მაგაააარი! საჭირო რაღაცებსაც ვყიდულობ, ვთქვათ, ბავშვისთვის, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მაგრამ ზოგჯერ უაზრობებსა და დებილობებსაც ვყიდულობ. ახლა ზუსტად არ მახსენდება, რა შემიძენია ასეთი სისულელე, მაგრამ ბევრჯერ მქონია ამგვარი შემთხვევა. ერთადერთი რამ, რაშიც ფული ჭკვიანურად დავხარჯე, ბინაა, რომელიც ახლახან შევიძინე. ამით ვიმშვიდებ თავს, რომ ეს მაინც შევძელი.
- ფული გიპოვია როდისმე?
- პატარა რომ ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს რამდენი, ალბათ ხუთი ლარი. არც ლატარიაში მომიგია, რადგან არასდროს მითამაშია. დიდად აზარტული არ ვარ, არც კაზინოში ვყოფილვარ და არასდროს არ შევალ. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ვნახე წაგებული, ამიტომ კაზინოში ძალების მოსინჯვის არანაირი სურვილი არ მაქვს.
- ბანკებთან როგორ ურთიერთობ?
- დანაზოგს ვერასდროს ვაკეთებ, ერთხელ შევიტანე ფული ბანკში და რამდენიმე დღეში უკან გამოვიტანე (იცინის). ზუსტად ახლა მაქვს აღებული სესხი, ბინისთვის ფულის დამატება დამჭირდა. სესხს ყოველთვიურად ვიხდი. ვარ პატიოსანი გადამხდელი და არანაირ პრობლემებს არ ვქმნი.
- ვალის აღება ზოგს ძალიან არ უყვარს.
- მეც მათ კატეგორიას მივეკუთვნები. ბანკშიც მქონია ვალი და მეგობრისთვისაც გამომირთმევია. ღამე არ მძინავს, ისეთი დისკომფორტია ჩემთვის.
- თავად გაგისესხებია ფული?
- რასაკვირველია, მეგობარს თუ დასჭირვებია და მქონია, მიმიცია.
- ყოფილა შემთხვევა, რომ არ დაუბრუნებიათ ვალი?
- ვადა გადაუცილებიათ, მაგრამ სულ რომ არ დაებრუნებინოთ, ასეთი შემთხვევა არ მახსოვს. უცხო ადამიანი არ მთხოვს და მეგობრის მდგომარეობა გამითვალისწინებია.
- შოპინგისა და ფულის თემა...
- მაქვს პერიოდები, როცა გადავიჭაჭები ხოლმე შოპინგზე და მაღაზიებიდან ვერ გამოვყავარ ვერავის. თბილისში ნაკლებად, მაგრამ გერმანიაში სამ დღეში დამიხარჯავს 2000 ევრო. ეს ჩემთვის ბევრია, ვიღაცისთვის შეიძლება - არა. ეს თანხა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ დამიხარჯავს, ბავშვსაც ვუყიდე ბევრი რამ და მეგობრებისთვის ჩამომიტანია საჩუქრები.
- ერთად რა თანხა გჭერია ხელში?
- 25 ათასი დოლარი, როცა ბინის ფული მქონდა. სულ ახლახან, სანამ ბინა შევიძინე.
- ვერიკო, ანაზღაურება მნიშვნელოვანია შენთვის?
- დიდი მნიშვნელობა აქვს, კონცერტზე, რომელზეც დამიძახებენ, ვინ გამოდის. ჩემს ჰონორარს ვერ დავასახელებ, მაქვს ჩემი, ასე ვთქვათ "სტავკა", მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ნაკლებად მიმღერია მეგობრის ხათრით ან სულაც უფასოდ წავსულვარ, ვთქვათ, საქველმოქმედო კონცერტზე.
- ფული თუ დაგიკარგავს?
- დამიკარგავს ადრე, ჩანთა გაუჭრიათ და ამოუცლიათ ყველაფერი. ბოლოს შარშან დავკარგე საფულე, ფულზე იმდენად არ მინერვიულია, ორასი დოლარი და სამასი ლარი მედო, რამდენადაც მინიდისკებზე, სადაც მთელი ჩემი სიმღერები იყო ჩაწერილი და ვოცნებობდი, ის მაინც დაებრუნებინათ, მაგრამ ტაქსიში დამრჩა და ის ტაქსისტი არ გამოჩენილა.
- ახლა რა საფულე გაქვს?
- არ აქვს მნიშვნელობა, რა ბრენდია, მთავარია, მომეწონოს. ამჟამად ორი საფულე მაქვს. ერთი "მანგოს" ფირმის, მეორე კი ამერიკიდან გამომიგზავნა მეგობარმა.
- გირჩევნია, ფული ბარათზე გქონდეს?
- მირჩევნია, რადგან თუ საფულეში მიდევს, უფრო მეხარჯება. გუშინ, მაგალითად, გადავიხადე ბანკის ფული, კიდევ რაღაც ხარჯები, დამრჩა ხუთასი ლარი და შევიტანე ბარათზე, რომ არ დამეხარჯოს.
- შენი შემოსავალი გყოფნის თავის შესანახად?
- რაღაცნაირად მყოფნის.
- ალბათ შენც, როგორც ყველა ადამიანს, გიოცნებია მილიონერობაზე, რას გააკეთებდი ასეთ შემთხვევაში?
- საშუალოდ სამი მილიონი მჭირდება (იცინის). მიფიქრია, ასეთ დროს რას გავაკეთებდი. ჩემს რამდენიმე მეგობარს ბინებს შევუძენდი აუცილებლად, ეს ნატვრა მაქვს, მარტო ჩემი თავისთვის არ მინდა მილიონები. თორემ მეგობრებს ჩვეულებრივ საჩუქრებს ისედაც ვყიდულობ. ოთხი მეგობარი მყავს ასეთი, რომელთაც ბინა სჭირდებათ.
- მდიდარი ადამიანების ფსიქოლოგია თუ იცი?
- რასაკვირველია, შევხვედრივარ მდიდარ ადამიანებს. არიან ადამიანები, რომელთაც სიამოვნებთ ფულის ხარჯვა, არიან ხელმომჭირნე მდიდარი ადამიანები... მე რომ სხვა ქვეყანაში მეცხოვრა, ჩემი პროფესიით ალბათ გავმდიდრდებოდი კიდეც, აქაც რომ იყოს გასაქანი, უფრო მეტი შემოსავალი მექნებოდა.
- ვერიკო, ამ ბოლო დროს სულ ქილიკობენ იმაზე, რომ გოგონები ფულის გულისთვის თხოვდებიან. შეიძლება, ფულიანმა, მაგრამ შეუხედავმა მამაკაცმა მოგხიბლოს?
- (იცინის) არანაირად, თუმცა დღეს ისეთი ტენდენციაა, მხოლოდ გოგონები კი არ თხოვდებიან მდიდრებზე, არამედ ბიჭებიც უპირატესობას ფულიან ქალებს ანიჭებენ. ანგარებით დაქორწინება გოგონას მხრიდან ხომ მიუღებელია და მამაკაცის მხრიდან ხომ ორმაგად მიუღებელი.
- არადა, ამბობენ, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო.
- ჯოჯოხეთს ანათებს, ვერიკოს - ვერა (იცინის)!
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)