ჟანრი ლოლაშვილმა და თათული დოლიძემ სხვა დანარჩენ სიკეთესთან ერთად ფართო აუდიტორიის წინაშე კულინარიული ნიჭიც გამოამჟღავნეს. მსახიობები "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში კულინარიულ ბლოკს უძღვებიან და მაყურებელს ახალ-ახალი კერძების რეცეპტებით ანებივრებენ.
ცოლ-ქმარს ინტერვიუსთვის შინ ვესტუმრეთ. რუსთაველის თეატრის მსახიობების ბინაში სტუმრები ჩვეულებრივი მოვლენაა. მასპინძლობაც არნახული იციან. ერთია მხოლოდ, დასაწყისშივე გამაფრთხილა ბატონმა ჟანრიმ, ჩვენთან ინტერვიუ ცალ-ცალკე ჩაწერეო. არ დავიჯერე და აი, შედეგიც. მგონი, არ არსებობს საკითხი, რაზეც ცოლ-ქმარს განსხვავებული აზრი არ ჰქონდეს.
ჟანრი:
- მთელი ცხოვრება საჭმელების გადაკეთებაში ვიყავი. ეს არ ეხება თათულის. ის არაჩვეულებრივი კულინარია, მაგრამ იმიტომ არ ვაქებ, რომ ჩემი მეუღლეა. მამაჩემი იყო ძალიან მაგარი საჭმელების კეთებაში და კაცურ, საქეიფო საჭმელებს ყოველთვის ის ამზადებდა. ღია ეზოში ვცხოვრობდით და უამრავი სტუმარი ირეოდა ჩვენთან. რისი საშუალებაც გვქონდა, ბოლომდე ვშლიდით ხელებს. ეს ის პერიოდი იყო, როცა კარაქს წყლიან ქილაში ვინახავდით, მაცივრები არ იყო მაშინ... ისე, თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩიქორთული ლაპარაკი ვიცი, სლენგსაც ვიყენებ. კულინარიით ჩემს დაინტერესებაზე ვსაუბრობდი, მეგობრების სიმრავლემ, წვეულებებმა, ქეიფებმა გადამაწყვეტინა, ჩემს თავზე ამეღო კერძების მომზადება. მთხოვდნენ, შენ კარგად იცი და მოამზადეო. ამ მზადება-მზადებაში ეს სახალხო არტისტი ლამის "პოვრად" მაქციეს... დღეს იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა ჩემთვის სამზარეულოში ფუსფუსი, რომ არ მოვამზადო, ის უფრო გამიკვირდება, ვიდრე ის, რომ ვამზადებ.
თათული:
- მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ ყოველდღე სადილებს აკეთებ.
ჟანრი:
- არა, როცა საშუალება მაქვს, მაშინ ვამზადებ. ახლა ორ დღეში ერთხელ მიწევს "რუსთავი 2"-ის დილის ეთერისთვის. ვიხსენებ ახალგაზრდობას, ძველ კერძებს. ზოგჯერ მე და თათული ახალ კერძებს ვიგონებთ.
- თათული როგორი კულინარია?
- ფანტასტიკური, არ ვიცი, მე რატომ მომახტნენ, არა მგონია, ჩემზე ნაკლებად ამზადებდეს კერძებს. ისეთ რაღაცებს აკეთებს, გაგიჟდები, გინდა ტორტი იყოს, ან საცივი. მისი საცივი შედევრია.
- თავიდანვე ასე იყო, ქორწინების პირველი დღეებიდან?
- რა თქმა უნდა.
თათული:
- არ ვიცოდი, ტყუილია. ისე დავამთავრე სკოლა, უმაღლესი, საერთოდ არაფრის კეთება არ ვიცოდი. მეც და ჩემი დაც სამზარეულოში მხოლოდ საჭმელად შევდიოდით. დედაჩემი ამბობდა, მერეც გეყოფათ, რომ გათხოვდებითო. როცა გავთხოვდი, მერე დავიწყე კერძების მომზადება.
ჟანრი:
- გადავიყვანე ჩემს ჭკუაზე (იღიმის). თან სტუმრებმაც იმატეს.
თათული:
- სტუმრები არასდროს გვაკლდა, ნუ იგონებ ახლა რაღაცებს.
ჟანრი:
- ჩემს სტუმრებს ვგულისხმობდი.
- როგორი იყო სწავლის პროცესი?
თათული:
- ეს იყო გაუთავებელი რეკვა ტელეფონზე, კონსულტაციები დედასთან. საცივსა და გოზინაყს წელიწადში ერთხელ ვაკეთებ. რეცეპტიც მაქვს, მაგრამ დღესაც დედაჩემს ვურეკავ, რომ არაფერში შევცდე.
- ბატონო ჟანრი, თათული ხელს ხომ არ გიშლით სამზარეულოში?
- ხელს არა, ნერვებს მიშლის! არ ვერევით ჩვენ ერთმანეთის საქმეებში მძაფრად და მკაფიოდ, არც სცენაზე, არც რეპეტიციების დროს. ურთიერთობის არაჩვეულებრივი გზა გვაქვს ნაპოვნი, ჯეროვნად ვაფასებთ ერთმანეთის შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე, ასეთ შემთხვევაში კონფლიქტი გამორიცხულია. მთავარია, დააფასო ის, რასაც აკეთებს და აცალო.
თათული:
- საერთოდ, სამზარეულოში ქალი და კაცი ერთად არ შეიძლება, თუ პროფესიონალი მზარეულები არ არიან და ერთად არ მუშაობენ რესტორანში. ამიტომ, როცა ჟანრი რამეს ამზადებს, ჯობია, იქ არ ვიყო. გადაცემისთვის გვიწევს ერთად ტრიალი სამზარეულოში, იქ აუცილებლად უნდა ისაუბრო, ერთმანეთს დაეხმარო.
ჟანრი:
- თათული თუ დამაცლის ლაპარაკს, გეტყვით, რომ იქ სპონტანურად ხდება ყველაფერი, რეპლიკებია საჭირო. არასდროს გვაქვს ტექსტი წინასწარ, ვინ როდის რა უნდა თქვას. თუ უხერხული პაუზა იქმნება, ერთმანეთს ვშველით. ზოგჯერ ერთმანეთსაც "ვაჯდებით", ანუ ერთდროულად ვლაპარაკობთ, ორ ხმაში, მაგრამ ეს ბუნებრივია, ჩვენ ხომ წინასწარ არ ვემზადებით.
- გავიგე უცნაურ სახელწოდებებს არქმევთ კერძებს.
- ჩვენ ვხუმრობთ, ვიგონებთ პირობით სახელებს. გამიხარდება, ვიღაც რომ დაგვირეკავს და გვკითხავს, მაგალითად, "მომეხვიე" ან "ჩიტის ბუდე" როგორ გავაკეთოო.
- ჩვენც გვასწავლეთ "მომეხვიეს" მომზადება.
- ეს არის შემწვარი ძროხის ხორცი...
თათული:
- რას ლაპარაკობ, რა ძროხის ხორცი, ეს არის ერთი ტიპის ძეხვის "ვიჩინა" გადახვეული მეორე ტიპის ძეხვის "ვიჩინაში" და შემწვარი!
ჟანრი:
- არა! ეს არის შემწვარი ძროხის ხორცი გადახვეული ძეხვის "ვიჩინაში", რომელსაც ძალიან უხდება ბოსტნეულის ოდნავ ცხარე რაგუ.
თათული:
- აი, ხომ ხედავ, რამდენ წინააღმდეგობას ვაწყდებით, მაყურებელს სხვა ვარიანტი ვაჩვენეთ.
არჩევანი მკითხველს მივანდოთ, ორივენაირად შეუძლია დაამზადონ ეს კერძი. ახლა რაც შეეხება ბოსტნეულის რაგუს. ტაფაში ზეთში ხახვთან ერთად ჩაშუშავთ კომბოსტოს, ყვავილოვან კომბოსტოს, გახეხილ ვაშლს, ბულგარულ წიწაკას, სტაფილოს, ნიორს. შეიძლება, ჭარხალიც იხმაროთ რაგუში, გოგრაც, ბანანიც, მსხალიც, პომიდორიც. დაუმატებთ მწვანილებს, სანელებლებს და რაგუ მზად არის. შემწვარ ხორცსა თუ "ვიჩინას" დაუდებთ გვერდით რაგუს და გააფორმებთ პომიდვრითა და მდოგვით. შეგიძლიათ მაიონეზი და არაჟანი აურიოთ ერთმანეთში და მასთან ერთად მიირთვათ.
ჟანრი:
- კულინარია მეცნიერებაა, ის თავის თავში მედიცინასაც მოიცავს. უამრავ ოპერაციასთან გაქვს საქმე. როგორ უნდა გადაჭრა ხორცის უჯრედი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცემა უნდა, ბეგვა თუ დამწიფება სჭირდება ხორცს, ესეც უნდა იცოდე. თაფლში და ნესვში დებენ ხორცს. მაგალითად, უზბეკეთში ფლავს რომ აკეთებენ ხორცისგან, სახელწოდებით "პლოვი", ნესვში დებენ ხორცს რამდენიმე საათით. ცხენის ხორცისგანაც ამზადებენ "პლოვს".
- თაფლში ჩადებული ხორცი რაში გამოიყენება?
- თაფლში ჩადებულ ხორცს დებენ ძმარში და ის უხვად უშვებს წვენს. ამ წვენს იყენებენ ბრინჯისთვის საწებლად.
- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ლოთი ვარ (იცინის), საშუალებას არ გავუშვებ, რომ არ მოვილხინო, თუმცა პროფესიის გამო, გადაღების ან სპექტაკლის გამო ხშირად უარის თქმა მიწევს. სპექტაკლი რომ მთავრდება, მე და თათული ერთად ვქეიფობთ.
თათული:
- ტყუილს ამბობს, მე არ ვსვამ.
ჟანრი:
- არ ვამბობ ტყუილს. უბრალოდ, უყვარს, როცა რამეში გეწინააღმდეგება. მე ხომ არ მითქვამს, ლოთი ხარ-მეთქი! რა ვიცი, ყველა ღვინო გადამანახინე და...
თათული:
- საქმე ისაა, რომ სასმელს დიდ პატივს ვცემ. ჟანრიმ შეიძლება დალიოს და მერე დარჩენილ ღვინოს ყურადღება არ მიაქციოს. მე ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ ღვინო ნაკლულია, გადასაღებია და ა.შ.
ჟანრი:
- იმიტომ არ ვაქცევ ყურადღებას, რომ შენი იმედი მაქვს, ვიცი, რომ არ მიატოვებ. საერთოდ, ცოლ-ქმართან ინტერვიუ ერთად არ უნდა ჩაწერო. აკი, გითხარი თავიდანვე, ცალ-ცალკე ჩაგვწერე-მეთქი. არ შეუძლია, არ შეგეწინააღმდეგოს.
- მძიმეა ბატონი ჟანრი?
ჟანრი:
- უსაშველოდ მძიმე ვარ.
თათული:
- დიდად მეც არ მეხალისება მასთან ერთად ინტერვიუები, აღარ ამთავრებს ხოლმე ლაპარაკს.
ჟანრი:
- მე გაპრანჭული რაღაცები არ მიყვარს. როგორ ახლა, მე ღვინოს არ ვუვლი?! მთელი კახეთი მე მიგზავნის ღვინოს! საჭმელშიც ვიყენებ ღვინოს. ევროპაში, მაგალითად, წყალს თითქმის არ იყენებენ კერძში.
- როგორი სიმთვრალე აქვს ბატონ ჟანრის?
თათული:
- ადრე უფრო ბობოქარი იყო, ახლა თუ არ შეეხები, მშვიდადაა.
ჟანრი:
- გენიალური სიმთვრალე მაქვს, თუ არ გამაგიჟებ. მეგობრებს ამიტომაც ვუყვარვარ და უყვართ ჩემთან ქეიფი. ძალიან არ ვთვრები.
- საყვარელი სადღეგრძელოც გექნებათ.
- ბევრი მიყვარს. მამაჩვენების ბოლო "სტაქნების" სადღეგრძელოს ვსვამ ხოლმე, ბოლო სადღეგრძელო რომ დალიეს და წავიდნენ ამ ქვეყნიდან.
- ეგზოტიკურ კერძებზე რას მეტყვით?
- გველის ხორცი არ მიჭამია, ბაყაყი გამისინჯავს. ავსტრალიაში კენგურუს ხორციც დავაგემოვნე. იხვნისკარტას ხორციც შემომთავაზეს ერთხელ, მაგრამ უარი ვთქვი. ღმერთმა ნუ გამიჭირვოს ისე, ძაღლის, მაიმუნის ხორცი გავსინჯო.
- ზედმეტ კილოგრამებს როგორ ებრძვით?
თათული:
- ძალიან მიჭირს დიეტის დაცვა. ერთი დღე ძლივს ვძლებ. არის პერიოდები, როცა განსაკუთრებულად მადაზე ვარ და ვერც ვიკავებ თავს. მერე მოდის კვირები, როცა ორგანიზმი არ მთხოვს საკვებს. ისე, უნდა გითხრათ, რომ თუ საღამოს 7-8 საათის შემდეგ არ შევჭამ, არ ვიმატებ წონაში.
ჟანრი:
- მე ძალიან ადვილად ვაგდებ წონას, მაგრამ რომ გითხრათ, ვებრძვი წონას-მეთქი, მოგატყუებთ. პირიქით, მეცინება იმ ადამიანებზე, ვინც კუს ტბაზე დარბის, დღედაღამ ვარჯიშობს, ვინც არ სვამს, ასეთი ხალხის მეშინია საერთოდ.
თათული:
- მე, მაგალითად, კუს ტბაზე დავდივარ.
ჟანრი:
- იმიტომ მეშინია მე თათულისი (იცინის).
- არ გიცდიათ, ერთხელ მაინც წაჰყოლოდით მეუღლეს კუს ტბაზე?
- როგორ არა, ძუნძულით მივყვებოდი, მაგრამ სასაცილოდ არ მეყო.
თათული:
- არ დაიჯეროთ, ტყუის.
ჟანრი:
- გული მაწუხებდა ამას წინათ. თათულის კლასელი ჩაუდგა სათავეში ჩემს განკურნებას, ძალიან მაგარი სპეციალისტია, თამაზ არეშიძე. რას არ ეცადა, ძუნძულით ვვარჯიშობდი დილით ადრე. როგორც კი ვარჯიში დავიწყე, იმ წუთში დავკარგე ჩემი სტერეოტიპი, ჟანრი კი არ ვიყავი, ვიყავი ვიღაც უშანგი. ვეღარც როლს ვსწავლობდი, ქვეყანაზე არაფერი მინდოდა, სრულიად სხვა კაცი გავხდი. აღმოჩნდა, რომ მე ბუ ვარ და არა ტოროლა და ღამე უნდა ვივარჯიშო. ამაზე სიცილით მოვკვდი. მერე ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემი ექიმი დავსხედით და მაგრად ვიქეიფეთ. მეორე დღიდან გავაგრძელე ჩემი ცხოვრების შინაგანაწესით ყოფნა ამ ქვეყანაზე.
თათული:
- არ ვიცი, რა სტერეოტიპი დაკარგა, მშვენივრად მოძრაობდა, როცა ვარჯიშობდა.
ჟანრი:
- საერთოდ, 65 წლის შემდეგ ძალიან მოძრავი არ უნდა იყო, სასაცილო ხდები. არც ძალიან სერიოზული უნდა იყო, მკვდარს რომ არ დაემსგავსო. სხვის სასიამოვნოდ უნდა გაატარო ცხოვრება. ამის უფლებას გაძლევს შვილიშვილი, მეგობრები, ადამიანები, ვისთან ერთადაც ატარებ ამ ისედაც უკუღმართ დროს.
- კერძი თუ დაგწვიათ?
- ეგ უფრო ხშირად თათულის ემართება (იცინის), მე არ მეწვება, იმიტომ, რომ ზერელედ არ ვაკეთებ კერძს. მაგალითად, ჩანახს რომ აკეთებ, გვერდით მოსაუბრე ქადაგად დაცემული ვინმე არ უნდა გყავდეს... ყველაფერს თავისი წესი აქვს. მაგალითად, წყალს რომ ადუღებ, არ უნდა დაჰყურებდე ზემოდან, არ ადუღდება.
- დასასრულისთვის, იქნებ, კულინარიული თავგადასავალიც გაიხსენოთ.
- მოსკოვში ერთ-ერთ გახმოვანებაზე მოვიწვიე ცნობილი დიქტორი ლევიტანი. მერე "ჩავკარით" ცოტა, გენერლების ჯგუფში მოვხვდით. მერე თვითონ წამიყვანა თავის სახლში პატივსაცემად და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ იყო სახლში მზად. მაღაზიებიც დაკეტილი იყო იმ დროისთვის. მახსოვს, ოჯახში ნაპოვნი შავი ბოლოკისგან, ზეთისგან, ძეხვის ნაჭრისგან, კარტოფილისგან, ჭარხლისა და კომბოსტოს ნარჩენებისგან როგორ მოვამზადე კერძი. გამიგიჟდა ლევიტანი. იმას არაყიც "დავცხეთ" და ეს დღე სულ გასახსენებლად ჰქონდა იმ არაჩვეულებრივ ადამიანს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)