ნადია მაკრიმ, იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კიდევ ერთ სექს-სკანდალში ამხილა. ნადია მაკრი ”გამოძახებით” მუშაობს. ის ირწმუნება, რომ პოლიტიკოსმა მისი მომსახურებით ორჯერ ისარგებლა. თითო შეხვედრაში კი 5 ათასი ევრო გადაიხადა. გოგონა, ასევე ირწმუნება, რომ ბერლუსკონისთვის მოწყობილ წვეულებებში არასრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ და რომ პრემიერის თვითმფრინავი ნარკოტიკების გადასაზიდად გამოიყენებოდა. ამის შესახებ Corriere della Sera წერს.
გოგონამ ეს აღიარება პალერმოს პროკურატურაში გააკეთა. იგი სამართალდამცავ ორგანოში მას მერე გამოიძახეს, რაც ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით დაკავებულმა ქალბატონმა საკუთარ ჩვენებაში მისი სახელი ახსენა. მაკრის თქმით, იგი ბერლუსკონისთან ორჯერ იწვა. ერთხელ 2009 წლის აღდგომას, სარდინიის ვილაში, ხოლო მეორედ, 2010 წლის აპრილში, არკორის ვილაში. პრემიერმა მას თანხა პირადად გადაუხადა და კონვერტში ჩადებული ფულიც გადასცა.
"სარდინიის ვილაში დაახლოებით 25 გოგო ვიყავით. ოთახებში მოსაწევი "ბალახი" იყო. ის პრემიერის თვითმფრინავით მოიტანეს", - განაცხადა მაკრიმ. გამომძიებლებს მან განუცხადა, რომ თითოეულ გოგონას მოსაწევის მისთვის განკუთვნილი რაოდენობა დაურიგდა, თუმცა მას არ უნახავს რომ ბერლუსკონის მარიხუანა მოეწია.
იტალიის პრემიერი უარყოფს, რომ ოდესმე მეძავების მომსახურებით ესარგებლოს. რაც შეეხება ახალგაზრდა გოგონებისადმი ინტერესს, ბერლუსკონი ამბობს, რომ "უმჯობესია ლამაზი გოგო გიყვარდეს, ვიდრე გეი იყო". ამ განცხადებამ ბერლუსკონი კიდევ ერთ ახალ სკანდალში გაახვია. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა პრემიერის ეს რეპლიკა შეურაცხყოფად მიიღეს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.