ამჯერად "გამოცდა" ლექს-სენსა და მის უკრაინელ ცოლ ტატიანას მოვუწყვეთ. წყვილი რედაქციაში 4 თვის ილიასთან ერთად გვესტუმრა.
მათთან ინტერვიუებით გავარკვიეთ, რომ რეპერი ცოლს საოჯახო საქმეებში ეხმარება, ღამეც მორიგეობს ბავშვთან და როცა საჭიროა, იატაკსაც ხვეტს. სამაგიეროდ, არ ესმის საყვედურები, ვერ გადაეჩვია გინებას და ცოლს საწოლში ავიწროებს.
- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?
ტატიანა:
- კიევში 2008 წელს.
ლექსო:
- კიევში 2007 წელს.
- რა ეცვა? შენ როგორ გამოიყურებოდი?
ტატიანა:
- გაზაფხული იყო. ჯინსი ეცვა, ბოტასები და მაისური. ზუსტად არ მახსოვს. არც ჩემი ჩაცმულობა მახსოვს.
ლექსო:
- ჩემთვის სასიამოვნოდ ეცვა, ჯინსი და ვარდისფერი ზედა, ძალიან მიყვარს ეს ფერი. მე ჯინსი მეცვა, ბოტასები და ალბათ რამე მაისური, ზუსტად არ მახსოვს.
- ქორწინების თარიღი...
ტატიანა:
- ქორწილი არ გვქონია, ხელი მოვაწერეთ წელს, 15 იანვარს.
ლექსო:
- 15 ოქტომბერს მოვაწერეთ ხელი.
- როგორ იწყება მისი დილა? შენი?
ტატიანა:
- კომპიუტერით. თუმცა არა, რომ იღვიძებს, ტელეფონს ითხოვს, და რთავს, მერე შედის აბაზანაში და ჯდება კომპიუტერთან. ჩემი დილა როდის იწყება, აღარც კი ვიცი, ალბათ შუაღამისას (იცინის). ბავშვმა ყველაფერი შეცვალა, დღეც და ღამეც. სხვათა შორის, ლექსო ძალიან მეხმარება. ზოგჯერ ბავშვის ტირილიც კი არ მესმის, ის უვლის.
ლექსო:
- ყვირილით. ბავშვი ტირის, მე ვყვირი (იცინის). მიმყავს ბავშვი და აჭმევს. ჩემი დილა, როცა საქმე მაქვს, უფრო ადრე იწყება. ვდგები, საუზმეს ვამზადებ და გავრბივარ.
- რა ფერისაა მისი კბილის ჯაგრისი? შენი?
ტატიანა:
- თეთრია ორივესი.
ლექსო:
- ორივეს თეთრი ჯაგრისი გვაქვს.
- მერე როგორ არჩევთ ერთმანეთისგან?
- სხვადასხვა ადგილას ვინახავთ (იცინის).
- ამოჩემებული ტანსაცმელი თუ აქვს? შენ?
ტატიანა:
- ტანსაცმლის ამოჩემება არც ერთმა არ ვიცით.
ლექსო:
- კი, ჯინსი აქვს ამოჩემებული, სახლში ხალათი. მე ბოტასები ამოვიჩემე ბოლო დროს. საერთოდ, მე უფრო ვიცი ამოჩემება, ტატიანა მეჩხუბება ხოლმე, გაიხადე, გასარეცხიაო.
- რამდენ ფინჯან ყავას სვამს დღეში? შენ?
ტატიანა:
- ყავას არც ერთი არ ვსვამთ. ჩემთვის არ შეიძლება. მას არ უყვარს.
ლექსო:
- ყავა არ არც ერთს გვიყვარს. შეიძლება, კვირა ისე გავიდეს, არ დავლიოთ. ტატიანას კაკაო და ჩაი უყვარს.
- მისი საყვარელი კერძი? შენი?
ტატიანა:
- ლექსოს უყვარს ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ქაბაბი. მე სუში მიყვარს, თუმცა აქ ისე ვერ აკეთებენ, როგორც კიევში. მიყვარს ხინკალიც, მწვადიც.
ლექსო:
- სუში უყვარს, მაგრამ აქ მოვაკელი ეს სიამოვნება. ახლა ხაჭაპური შევაყვარე, სალათი "ცეზარი" უყვარს კიდევ. მე მიყვარს ხინკალი, ქაბაბი, მწვადი.
- რისი გაკეთება ეზარება სახლში? შენ?
ტატიანა:
- ზოგჯერ კი ზარმაცობს, უნდა უჩიჩინო, რომ გააკეთოს რამე. კაცის საქმეებს უთქმელად აკეთებს, მაგრამ თუ ჭურჭელია გასარეცხი, ძალიან უნდა მოინდომო, რომ დარეცხოს. თუ ხედავს, რომ მე მცალია, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს თვითონ. მე არაფრის გაკეთება არ მეზარება, უბრალოდ, ყველაფერს ვერ ვასწრებ.
ლექსო:
- ტატიანას არაფერი არ ეზარება, ისე სწრაფად აკეთებს ყველაფერს ერთად, ვეუბნები კიდეც, ჯერ ერთი საქმე დაამთავრე და მერე დაიწყე მეორე-მეთქი. ზოგჯერ არც ვეუბნები, ბარემ ესეც გააკეთოს-მეთქი, ვფიქრობ, ჩემი გასაკეთებელი რომ არ გახდეს, ბავშვი რომ გაიღვიძებს (იცინის). მეტეორივით დაქრის ოთახებში, ბავშვს რომ სძინავს. მეც ვეხმარები იატაკის დაგვაში, მოწმენდაში. ზარმაცი არც მე ვარ.
- როგორ მდგომარეობაში უყვარს ძილი? შენ?
ტატიანა:
- გაშლის ხელ-ფეხს და იძინებს, მთელ საწოლს იკავებს (იცინის). მავიწროებს. თან ჩემს ბალიშზე სძინავს სულ. შესაბამისად, მე სადღაც კუთხეში ვიძინებ გვერდზე გადაბრუნებული.
ლექსო:
- გვერდზე გადაბრუნდება, ჩაყოფს თავს საბანში და იძინებს. მე ძირითადად გულაღმა მძინავს. საერთოდ, ვწრიალებ ლოგინში, ხან როგორ მძინავს და ხან როგორ. ეს როგორც იძინებს, ისე იღვიძებს.
- მისი გარდერობი ყოველთვის მოწესრიგებულია? შენი?
ტატიანა:
- ლექს-სენის მოწესრიგებულია, ჩემი - არა.
ლექსო:
- მისი კი, მე უფრო ვურევ ხოლმე, რასაც გავიხდი, ეგრევე ვყრი, არ ვკეცავ.
- რას გსაყვედურობს ყველაზე ხშირად? შენ რას საყვედურობ მას?
ტატიანა:
- მსაყვედურობს იმას, რომ ქართული სწრაფად ვერ ვისწავლე. მას ჰგონია, ერთხელ რომ მითარგმნის რომელიმე სიტყვას, მაშინვე დავიმახსოვრებ, მეორედ რომ ვკითხო, ეს რას ნიშნავს-მეთქი, ბრაზდება, ხომ გასწავლეო. ჩემი საყვედურები მასთან არ ჭრის, ყურებზე აიფარებს ხოლმე ხელს და ამბობს, რომ არაფერი არ ესმის. ნაკლები დრო აქვს ჩემთვის და ამას ვსაყვედურობ, თუმცა მეც არ მრჩება მისთვის დიდი დრო.
ლექსო:
- ემოციურობას მსაყვედურობს. ტელევიზორში ვიღაც რომ გამოჩნდება, უკვე იცის ვის უნდა შევაგინო და ვის - არა. მე იმას ვსაყვედურობ, ქართულ სიტყვებს რომ ვერ იმახსოვრებს. მინდა, ენა სწრაფად ისწავლოს. ვბრაზობ, როცა იმ სიტყვის მნიშვნელობას მეკითხება, რომელიც მილიონჯერ მაქვს უკვე ახსნილი.
- ბოლოს რაზე იკამათეთ?
ტატიანა:
- ხშირად ვჩხუბობთ წვრილმანებზე. ეს ენის ბრალია, მას ზოგჯერ ჩემი არ ესმის ან სხვანაირად იგებს ჩემს ნათქვამს, მე - მისი და გვაქვს პატარ-პატარა გაუგებრობები. კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება.
ლექსო:
- ბავშვთან დაკავშირებით ვიკამათეთ. მინდოდა, ჰაერზე გაგვეყვანა, ტატიანას აზრით კი თვლიდა, რომ ციოდა.
- სად ურჩევნია დასვენება? შენ?
ტატიანა:
- ორივეს ზღვა გვიყვარს, სიცხე, მზე, პლაჟი. ლექსოს სიცივე არ უყვარს. არც მე მიყვარს სიცივე, თან აქ სითბოს მივეჩვიე.
ლექსო:
- ორივეს ზღვა გვიყვარს.
- ამოჩემებული ფრაზა თუ აქვს? შენ?
ტატიანა:
- აქვს, მაგრამ არ გავიმეორებ (იცინის). მიღებული ფრაზაა თქვენთან, დედას უკავშირდება. ეს მისი საყვარელი ფრაზაა, ყველასთან იყენებს, ქუჩაშიც, ტელევიზორთან, ჩემთანაც. მგონი მივეჩვიე უკვე. მე არ მაქვს ასეთი ფრაზა.
ლექსო:
- ჩემი ამოჩემებული ფრაზა - შენი დედა... ტატიანას ასეთი ფრაზა არ აქვს.
- სად გაისეირნეთ ბოლოს მხოლოდ თქვენ ორმა?
ტატიანა:
- ახლა უკვე სამნი დავდივართ. ადრე დავდიოდით თეატრში, კინოში, რესტორანში. ბოლოს საახალწლო ფილმის პრეზენტაციაზე ვიყავით, კომედიური ჟანრის ფილმი იყო "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს".
ლექსო:
- პეკინზე მაღაზიებში.
- იყიდეთ რამე?
- კი, ცოტა-ცოტა რაღაცები.
- რა წიგნს კითხულობს ახლა? შენ?
ტატიანა:
- ლექსო არაფერს არ კითხულობს. არც მე, ინტერნეტში ჩვილთან დაკავშირებულ საიტზე ვეცნობი ხოლმე რჩევებს.
ლექსო:
- ინტერნეტში კითხულობს რაღაცას. მე ახლა არაფერს არ ვკითხულობ.
- ინტერნეტში რომელ საიტებს სტუმრობს? შენ?
ტატიანა:
- "ადნაკლასნიკზე" შევდივართ ორივე, მომწონს ასევე რუსული საიტი "კონტაქტი", ლექს-სენს კი - საიტები, რომელიც უკავშირდება მუსიკას, მანქანებს და გოგონებს.
- გოგონებით შენი თანდასწრებით ინტერესდება?
- აბა, რა, ყველა კაცი ხომ ასეთია. ჩემი შვილია ჯერჯერობით განსხვავებული. დედის გარდა სხვა გოგო არ აინტერესებს (იცინის).
ლექს-სენი:
- "კონტაქტებს". მე "სკაიპში" და "ადნაკლასნიკში" შევდივარ, უფრო ხშირად მანქანებთან დაკავშირებულ საიტებს ვსტუმრობ.
- შვილის სახელი ერთად შეარჩიეთ?
ტატიანა:
- კი. ილია II-ის პატივსაცემად.
ლექსო:
- მე შევარჩიე და აღმოჩნდა, რომ მასაც მოსწონს.
- რას ვერ იმახსოვრებს? შენ?
ტატიანა:
- ზოგჯერ ავიწყდება ის, რომ ორი წუთის წინ რაღაცის გაკეთება სთხოვე. მე სახელებს ვერ ვიმახსოვრებ, ადამიანებს სახეზე ვცნობ და არ მახსოვს რა ჰქვია.
ლექსო:
- ქართულ სიტყვებსა და ტელეფონის ნომრებს. თავისი მობილურის ნომერი არ იცის. მე ძირითადად პროფესიული "გაჭედვები" მაქვს. შეიძლება დამავიწყდეს ვისთვის უნდა დამერეკა, ან სხვას დავურეკო სხვის ნაცვლად.
- რისი ფობია აქვს? შენ?
ტატიანა:
- ლექსოს მგონი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემინიშნავს, მე მწერების მეშინია. უცნაური მწერი ვნახე საქართველოში, მანამდე არ მინახავს. აბაზანაში და ნესტიან ადგილებში ჩნდება, გრძელია, ყავისფერი და ძალიან ბევრი ფეხი აქვს, რომ ვხედავ, გული მისკდება.
ლექსო:
- ბუზებისა და კალიების ეშინია. კიდევ რაღაც მწერია, გრძელი, სინესტეში ბინადრობს და იმის შიში აქვს. მე ფობია არ მაქვს.
- რა აჩუქე ბოლო დაბადების დღეზე? მან რა გისახსოვრა?
ტატიანა:
- დაბადების დღე გადამიხადა. მე ვეცადე, შვილი მეჩუქებინა დაბადების დღეზე, მაგრამ ილია ადრე დაიბადა.
ლექსო:
- ტორტი ვაჩუქე და აღვნიშნეთ ეს დღე. როგორც მახსოვს, მას არაფერი უჩუქებია.
- დასასრულ, როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
ტატიანა:
- მგონია, რომ მე უკეთ ვიცნობ, ვიდრე ის მე. მე უფრო მეტად ვზრუნავ მასზე და ამიტომ. ვნახოთ.
ლექსო:
- მგონია, რომ დაემთხვევა. მაგრამ თუ არ დაემთხვევა, უკეთესია, ე.ი. არ ვიცნობთ კარგად ერთმანეთს და კიდევ ბევრი საინტერესო დღე გველის წინ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)