"სამხედროები, რომლებსაც პრეზიდენტი სუპეროფიცრებს უწოდებდა, ქუჩაში გაყარეს"

 "სამხედროები, რომლებსაც პრეზიდენტი სუპეროფიცრებს უწოდებდა, ქუჩაში გაყარეს"

თითქოს ნელ-ნელა შევეგუეთ სამინისტროებში მიმდინარე აუხსნელ საკადრო ცვლილებებს. ვინ, რატომ და რა დამსახურებისთვის ინიშნებიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, რაც ბოლო ხანს თავდაცვის სამინისტროში ხდება, ლოგიკას არ ექვემდებარება - შეცვლილია თითქმის ყველა რგოლის მეთაური და მაღალჩინოსანი - დაწყებული მინისტრის მოადგილეებით და სარდლებით, დამთავრებული სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელებით.

სახმელეთო ჯარებსა და ეროვნულ გვარდიას კი უკვე კარგა ხანია მოვალეობის შემსრულებლები მართავენ. ამ საკითხზე კითხვებით თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ... გვესაუბრება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი:

- თუ გადავხედავთ ამ ხელისუფლების მოქმედებას ბოლო წლების განმავლობაში, დავინახავთ, რომ მინისტრების ცვლასთან ერთად მთლიანად იცვლებოდა გუნდები. ექვსჯერ შეიცვალა თავდაცვის მინისტრი (დავით ბეჟუაშვილი, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, დავით კეზერაშვილი, დავით სიხარულიძე და ამჟამად ბაჩო ახალაია) და შვიდჯერ - გაერთიანებული შტაბის უფროსი. ხელმძღვანელების ცვლა თავის გუნდებიანად ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის, რადგან ამ ცვლას მოსდევს გამოუცდელი კადრების მოყვანა სამინისტროში.

რთული მისახვედრი არ არის, რომ საკადრო პოლიტიკა არ ხორციელდება პროფესიონალიზმის ნიშნით, პიროვნებებს, რომლებიც ინიშნებიან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში უწევთ ფუნქცია-მოვალეობებში გარკვევა. ბოლომდე გარკვეულები არც არიან, რომ მინისტრი იცვლება და ამ მინისტრს მიჰყვებიან უკან.

- თავდაცვის უწყების დღევანდელ საკადრო პოლიტიკას როგორ შეაფასებთ?

- ბაჩო ახალაია არ არის ის პროფესიონალი, რომელიც შეძლებდა სამინისტროს დაკომპლექტებას პროფესიონალებით. ის მოიკოჭლებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და შესაბამისად, მის მიერ შერჩეული კადრები ემყარება არა ცოდნასა და გამოცდილებას ამ სფეროში, არამედ ნდობას. ახლახან ბაჩო ახალაიამ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე თავისი დაცვის ყოფილი უფროსი კახა ბუცხრიკიძე დანიშნა.

დღეს თავდაცვის უწყებაში არ არსებობს საკადრო პოლიტიკა, რომელიც სამხედროსთვის იქნება სახელმძღვანელო. დასავლეთში სამხედრომ იცის, რომ უნდა გაიაროს ყველა საფეხური და ისე მიაღწიოს მაქსიმუმს. აქ, გარდა იმისა, რომ სრულიად სხვა სფეროდან ინიშნებიან ხელმძღვანელი პირები, შიდასაკადრო ცვლილებებიც არასწორად ხორციელდება.

დასავლელი მეგობარ-პარტნიორები დიდ ფულს ხარჯავენ ჩვენი ოფიცრების მომზადებაში, რადგან იციან, რომ კარგი ოფიცერი ძლიერი ჯარის მშენებლობის საფუძველია. საბოლოოდ, არასწორი საკადრო პოლიტიკის გამო, იმიტომ, რომ მინისტრმა რატომღაც არ მიიჩნია ესა თუ ის სამხედრო მოსამსახურე კარგ ოფიცრად, ეს სამხედროები ქუჩაში რჩებიან.

როდესაც მინისტრს აქვს ამა თუ იმ მეთაურის მოხსნა-დანიშვნის ერთპიროვნული უფლებამოსილება, ეს ცხადია, ანგრევს სამხედრო-კარიერულ სისტემას და ძირს უთხრის ყველა იმ ღირებულებას, რასაც სამხედროებისთვის პატივი და ღირსება, სამხედრო მუნდირი ჰქვია.

არმიაში უშუალო პასუხისმგებელი და ოფიცრების პროფესიონალიზმის განმსაზღვრელია გაერთიანებული შტაბი და მისი ხელმძღვანელი. თუმცა დევი ჭანკოტაძეს დღეს რეალურად რა ძალა და წონა აქვს, არ ვიცი... 

ერთი პროფესიონალი კადრის დაკარგვა ნიშნავს მთლიანად ქვედა რგოლის შესუსტებას, მიუხედავად ამისა, პროფესიონალებს შინ უშვებენ.

- ოფიცერთა მასობრივ დათხოვნას გულისხმობთ?

- დიახ, მოგეხსენებათ, გასულ წელს 250-მდე პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი დაითხოვეს. საფუძვლად დაუდეს ტესტირება. ამ ტესტებში, გარდა სამხედრო თემატიკისა, იყო კონსტიტუციის, საარჩევნო კოდექსის საკითხებიც. ასევე იყო ფიზმომზადების ტესტი. ოფიცერმა რომ მისდიოს საკანონმდებლო ცვლილებებს, მის კვალიფიკაციაზე ცალკე უნდა იზრუნოს თავდაცვის სამინისტრომ, ან დრო უნდა მისცეს, რომ შესაბამისი მომზადება სრულფასოვნად გაიაროს.

ამ ოფიცრებს არც ერთი ჰქონდათ და არც მეორე. თანაც, დაითხოვეს არა ტესტირების შედეგის საფუძველზე, არამედ განცხადებების დაწერა მოსთხოვეს, რათა მერე ვინმეს პრეტენზია არ გასჩენოდა. მათთვის არც ალტერნატიული სამსახური შეუთავაზებიათ.

ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტი სააკაშვილი წლების განმავლობაში პატრიოტებსა და სუპეროფიცრებს ეძახდა, ერთ დღეში ქუჩაში გაყარეს. ასეთივე მიდგომა იყო ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროსაც, მისი წყალობითაც ბევრი ოფიცერი დარჩა ქუჩაში. როდესაც ბაჩო ახალაიას ვკითხე, აპირებდა თუ არა ამ ძველი ოფიცრების მიმართ ყურადღების გამოჩენას, მიპასუხა, წინა მინისტრების გადაწყვეტილების გადასინჯვას არ ვაპირებო.

2008 წლის ომის დროს დაშვებული შეცდომების დიდი ნაწილიც გამომდინარეობდა იქიდან, რომ ბევრ მიმართულებას, ძირითადად, არაპროფესიონალები მართავდნენ.

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე