სერიალი "დეტექტივები" უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას უამრავი მაყურებელი ჰყავს. ამის გამო, დამკვეთებმა გადაწყვიტეს, რომ სერიალი გააგრძელონ და მისი მეორე სეზონიც გადაიღონ.
კრიმინალისტი კესოს როლის შემსრულებელ სალომე ფაღავასა და ცინიკოსი დეტექტივი აკაკის შემსრულებელ დიმიტრი ტატიშვილს ინტერვიუზე გადასაღებ მოედანზე ვეწვიე. ამ დროს ორივეს გრიმს უკეთებდნენ, ამიტომ კარგა ხანს მომიხდა ლოდინი...
- დღეს რომელი სეზონის სერიებს იღებთ?
დიმიტრი ტატიშვილი:
- როგორც ცნობილია, ჯერ მხოლოდ 14 სერიაა გადაღებული. ახლა ისევ პირველი სეზონის ორ სერიას ვიღებთ ანუ ერთ ამბავს და ამით პირველი სეზონი დასრულდება. მთელი ზამთრის განმავლობაში კი მეორე სეზონის გადაღებები გვექნება, რომელიც გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მარტში გავა ეთერში. მეორე სეზონშიც 16 სერია შევა. ჯერ ზუსტად არ ვიცით, შესაძლოა, 18 სერიაც გადავიღოთ. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი საინტერესო ამბავი ამოიწევა არქივიდან.
- რომელ ამბებზეც ახლა გადაიღეთ სერიები, მათ შესახებ სერიალის გადაღებამდე თუ გქონდათ რაიმე ინფორმაცია?
- ყველაფერი - არა, მაგრამ ბევრი მათგანი გაგონილი მქონდა. მაგალითად, ის, ქალმა ქმრები რომ დახოცა...
სალომე ფაღავა:
- თავადვე აღიარა, რომ ერთი მტკვარში გადააგდო, მეორეს თავში რაღაც ჩაარტყა და ა.შ. მოკლედ, რაც ძალიან გახმაურებული იყო, იმ ამბების შესახებ ინფორმაცია მქონდა. თუმცა არ ვიცოდი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც ღამის კლუბებში ექსტაზს სვამდნენ. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ მათმა მშობლებმა მოითხოვეს, ამბავი არ გახმაურებულიყო. ეს ფილმშიც კი აღინიშნა. რუსთაველი მანიაკის ამბავი კი იმდენად კარგად ვიცოდი, რომ მისი მეშინოდა კიდეც.
დიმიტრი:
- სცენარშიც ისე განვითარდა მოვლენები, რომ სალომეს გმირიც კინაღამ მანიაკის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა...
- გარდა ფაქტებისა, სერიალის სცენარისტმა ალბათ ფანტაზიაც მოიშველია და ბევრი რამ გაამხატვრულა...
- არა, როგორც სერიალშია მოთხრობილი, სინამდვილეშიც ყველაფერი ისე მოხდა...
სალომე:
- შესაძლოა, ადგილი შევცვალოთ - ვთქვათ, წავკისში გადავიღოთ ის, რაც სინამდვილეში კოჯორში მოხდა, ან წყნეთში გადავიღოთ, თბილისის ნაცვლად. რაც მთავარია, არც ერთი ფაქტი არ არის ტყუილი.
დიმიტრი:
- რაღაც მოვლენები დამატებულია, რაღაც კი პირიქით - მოკლებული, რათა მაყურებლისთვის საინტერესო სანახავი იყოს.
- როგორც ვხედავ, საკმაოდ რთულ პერიოდში გიხდებათ გადაღება. წინა სერიები დიდ სიცხეში გადაიღეთ, ახლა კი საკმაოდ ცივა და თქვენ გარეთ გიწევთ მუშაობა...
- პირველი სეზონის გადაღება რომ დავიწყეთ, "კარგი" სიცივე იყო, მერე "კარგ" სიცხეში "გადავინაცვლეთ"...
სალომე:
- საკმაოდ რთულია, შუა ზაფხულში პიჯაკებითა და ფორმით სიარული. ახლა პოლიციელებს პიჯაკები აცვიათ და არა უშავთ, მე კი არ მეღირსა ლაბადის ჩაცმა, რადგან კრიმინალისტი ვარ და ფორმა უნდა მეცვას. ასეთ რთულ პირობებში ვმუშაობთ.
დიმიტრი:
- რა თქმა უნდა, გვინდა, რომ უფრო კომფორტულ პირობებში გვიხდებოდეს მუშაობა, მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ როცა ძალიან ცხელა, მეც მცხელა და როცა ცივა - მეც მცივა, რადგან ძალიან ხშირად გადაღება ისეთ ბინაში გვიწევს, სადაც სიცივეში გათბობა არ არის, ხოლო სიცხეში - კონდიციონერი. თან, კომფორტული პირობები ხმის ჩაწერასაც ხელს უშლის. ახლაც, ხომ ხედავ, როგორ ცივა, ჩვენ კი აივანზე უნდა გადავიღოთ სცენა, ვითომ კარგი ამინდია, თხლად გვაცვია და სუფრასთან ვსხედვართ.
სალომე:
- მწვადი ისე მინდა, ერთი სული მაქვს, გადაღება დაიწყოს... ისე კი დღევანდელი სიცივის ყველაზე დიდი მსხვერპლი მე ვარ, რადგან ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ უნდა ვითამაშო, ვითომ კარგად ვარ.
- როცა გადასაღებ მოედანზე მოვედი, ტექსტს იმეორებდით. საერთოდ, შინ სწავლობთ ხოლმე საკუთარ რეპლიკებს თუ გადასაღებ მოედანზეც ახერხებთ ამას?
დიმიტრი:
- რა თქმა უნდა, სახლში ვსწავლობ. მეეჭვება, ვინმე ტექსტს პირველად გადასაღებ მოედანზე კითხულობდეს.
სალომე:
- ტექსტსაც გააჩნია. დღეს ისეთი ტექსტი მაქვს, ნეტავ, როგორ დავიმახსოვრე (იცინის)?.. სულ ორი სიტყვისგან შედგება... როცა დიდი ტექსტია და სერიოზული მუშაობაა საჭირო, მაშინ, რასაკვირველია, შინ ვმეცადინეობ. გადასაღებ მოედანზე კი გადაღების დაწყებამდე ერთმანეთს ვეხვეწებით, - მოდი, რეპეტიცია გავიაროთ-თქო.
- დიმა, ცოტა ხნის წინ ტექსტს რომ კითხულობდი, რაღაცაზე თქვი, - ამ სიტყვებს არ გავიმეორებო. ხშირად შეგაქვს კორექტივები საკუთარ ტექსტში და ამის გამო რეჟისორს პრობლემები არ ექმნება?
- თუ რაიმე არ მომწონს, აუცილებლად ვუთანხმებ რეჟისორს, მაგრამ თუ "ჰოს" ნაცვლად, "კის" ვიტყვი, ამის გამო შენიშვნას არავინ მომცემს.
სალომე:
- მაგალითად, დღეს ისეთ სცენას ვიღებთ, რომლის დროსაც საქმეზეც ვსაუბრობთ, მაგრამ მაინც, ოჯახური სიტუაციაა: სუფრასთან ვსხედვართ და თუ მე ვინმეს სცენარით გაუთვალისწინებლად ვეტყვი, რა მაგარი წინსაფარი გაქვს-მეთქი, ამას რეჟისორს არ შევუთანხმებ...
დიმიტრი:
- თუმცა რეპეტიციაზე საბოლოოდ ყველანი ვთანხმდებით, თუ როგორ ვილაპარაკებთ გადაღების დროს. ხანდახან სცენარში ისეთი სიტყვები წერია, წასაკითხად შესაძლოა, კარგია, მაგრამ საუბრისას ბუნებრივი არ იყოს, ამიტომ ვცდილობთ, ისეთი სიტყვებით გავათბოთ დიალოგები, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ვიყენებთ. ეს კი გმირიდან გამომდინარეობს, თორემ საკუთარ თავს ხომ არ ვთამაშობ.
- შესაძლოა ვცდები, მაგრამ შენი პერსონაჟი ხშირად მაგონებს შენ მიერ გახმოვანებულ ექიმ ჰაუსს. ასეთი ხასიათი გაქვს - ჰაუსისგან გამოგყვა ცინიზმი თუ აკაკიც ასეთი ადამიანია?
- ჰაუსისგან ნამდვილად არაფერი გამომყოლია. შესაძლოა, ზოგს გაზვიადებულად მოეჩვენოს, მაგრამ ნამდვილად ასეა: ვინც მიცნობს, იცის, ხოლო ვინც არ მიცნობს, დაე, იცოდეს, რომ ჰაუსის გახმოვანებისას ბევრი ჩემეული რამ გამოვიყენე. ის კაცი ანუ ჰიუ ლორი და მისი გმირი იძლეოდნენ იმის საშუალებას, რომ მაყურებლისთვის ჩემი ვერსია შემეთავაზებინა. როგორც ჩანს, ამან გაამართლა, რადგან მაყურებელს ჰაუსი შეუყვარდა. შეიძლება, სხვას რომ გაეხმოვანებინა, ჩემზე უკეთესად გამოსვლოდა და ეს გმირი უჩემოდაც შეყვარებოდათ...
სალომე:
- ეს სერიალი ერთ-ერთ რუსულ არხზეც გადის. ხომ ცნობილია, რომ რუსი კინემატოგრაფისტები ფილმებს კარგად ახმოვანებენ, მაგრამ მათ "ექიმ ჰაუსს" ვერ ვუყურე, და ჩემ გარშემოც უამრავმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ეს სერიალი რუსული გახმოვანებით არ მოეწონა; დიმას ხმა სხვანაირად "ჯდება ყურშიო"...
დიმიტრი:
- სხვა სერიალებისგან "ექიმი ჰაუსი" მართლა განსხვავებულია, რადგან ჰიუ ლორი ძალიან საინტერესო ტიპია. თვით სერიალიც საგანგებოდ მისთვის შეიქმნა - სცენარი მას მოარგეს. მართლა ნიჭიერი ადამიანია. მუსიკოსია და საკუთარი ბენდიც ჰყავს, უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე და მუსიკას წერს...
- როგორც ჩანს, ჰიუ ლორის გახმოვანებამ მასთან დაგაახლოვა და მისი ბიოგრაფიაც შეისწვალე.
- ძალაუნებურად ასე გამოვიდა. დამაინტერესა და მის შესახებ მასალები მოვიძიე. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა მას ვახმოვანებ. ხშირად მეუბნებიან, ამ კაცს რაღაცით ჰგავხარო, მაგრამ არ ვეთანხმები, რადგან მგონია, რომ მასავით "მაწაკვი" არა ვარ.
სალომე:
- პირადად მე მგონია, რომ დიმა და ჰიუ ლორი გარეგნულადაც საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს.
- ექიმ ჰაუსს თავი დავანებოთ და ის მითხარი - შენს ახლანდელ გმირს, აკაკის რამდენად ჰგავხარ?
- რა ვიცი, შესაძლოა, მას რაღაცით მართლაც, ვგავარ.
- სინამდვილეშიც ცინიკოსი ხარ?
- ადრე ვიყავი...
- რამ გამოგასწორა?
- დრომ (იცინის). საქმე ის არის, რომ თავიდან აკაკი ასეთ ტიპად არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ რამდენიმე სერიის შემდეგ, ჩვენი ნათამაშებიდან გამომდინარე, სცენარისტებმა და რეჟისორებმა გადაწყვიტეს, თუ როგორი ხაზით უნდა წაეყვანათ თითოეული გმირის ხასიათი, სპეციალურად ჩვენთვის შექმნეს ისინი და ჩვენ მოგვარგეს. ჩვენი გმირები ჩვენი პოტენციალიდან გამომდინარე განვითარდნენ, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ აკაკის რაღაც, პროცენტულად, ჩემი ნამდვილად აქვს.
- აკაკივით, სინამდვილეშიც ეჭვიანი ცოლი ხომ არ გყავს?
- არა, რას ამბობ?! როცა ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევ, რატომ უნდა იეჭვიანოს?..
- როგორც ვიცი, ტყუპი ქალიშვილი გყავს.
- მართალია. 20 წლის გოგონები მყავს, სალომეს თანატოლები არიან.
სალომე:
- მამად მეკუთვნის...
- ერთმანეთი სად და როდის გაიცანით?
- ამ სერიალის კასტინგზე. მანამდე დიმას, როგორც მსახიობს, ისე ვიცნობდი და რასაკვირველია, ძალიან მომწონდა მის მიერ ნათამაშები როლები. მიმაჩნია, რომ დიმა ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობია.
დიმიტრი:
- მე გავალ და ისე ილაპარაკეთ ჩემზე...
სალომე:
- ხელს არ მიშლი.
- მალევე დამეგობრდით?
დიმიტრი:
- რა თქმა უნდა. ვინც ამ სერიალში ვართ დაკავებულები, ყველანი ვმეგობრობთ ერთმანეთთან.
სალომე:
- ასეთი კარგი სიტუაცია რომ არ იყოს აქ და ერთმანეთთან არ ვმეგობრობდეთ, ალბათ სერიალიც არ გამოვიდოდა კარგი.
- სალომე, იმის გამო, რომ დიმა შენზე გამოცდილია, პროფესიულ შენიშვნებს ან რჩევებს არ გაძლევს ხოლმე?
- რა თქმა უნდა. როგორც კი რომელიმე სცენის გადაღება დამთავრდება, მაშინვე თავადვე ვეკითხები: როგორი იყო? რა შენიშვნები გაქვს-მეთქი?
დიმიტრი:
- სალომე ჩემი მეგობარია და მიმაჩნია, რომ ერთმანეთთან გულახდილები უნდა ვიყოთ. შესაბამისად, რჩევას ხშირად ვაძლევ. ისე კი ნიჭიერი გოგოა და დაკისრებულ მოვალეობას თავადაც არაჩვეულებრივად ართმევს თავს.
- თავის პირად ცხოვრებაზეც ხომ არ გიყვება ხოლმე?
- არა, მგონი, არაფერი მოუყოლია.
სალომე:
- ჩემს პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება და რა მოგიყვე?.. თუ ისეთი პიროვნება გამოჩნდება, რომელზეც სერიოზულად ვიფიქრებ, ამის თაობაზე აუცილებლად გეტყვი.
დიმიტრი:
- მეც ასე ვფიქრობდი. ალბათ არაფერი სერიოზული არ ხდება, თორემ სხვას ვის ეტყოდა, თუ არა მე-მეთქი?!.
- დიმა, მარჯანიშვილის თეატრის ყველა მსახიობი ლევან წულაძის ახალ სპექტაკლში - "დეკამერონი" თამაშობს. ალბათ შენც ხარ ამ სპექტაკლში დაკავებული...
- კი, უნდა მეთამაშა და რეპეტიციებიც კი დავიწყეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო, ხშირად მიხდებოდა რეპეტიციის გაცდენა, ამიტომ ბატონ ლევანს ვთხოვე, ამ სპექტაკლიდან გავეთავისუფლებინე. გარდა ამ სერიალისა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროექტშიც ვმონაწილეობ და ხშირად მიწევს ევროპაში მოგზაურობა.
- რა პროექტია?
- ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც საბჭოთა ეპოქის ამბებს ასახავს. მე ფილმში მთხრობელი ვარ. გადაღება მალე დასრულდება და მაყურებელსაც მისი ხილვის საშუალება მიეცემა...
- წარმატებებს გისურვებთ!
ნათია ჟივიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)