"Human Rights Watch" რამზან კადიროვის მკვლელობასთან კავშირის შესახებ ინფორმაციის შემოწმებას ითხოვს

"Human Rights Watch" რამზან კადიროვის მკვლელობასთან კავშირის შესახებ ინფორმაციის შემოწმებას ითხოვს

საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch" რუსეთის ხელისუფლებას ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის მკვლელობასთან კავშირის შესახებ ინფორმაციის შემოწმებას სთხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

საუბარია ჩეჩნეთის მკვიდრის, უმარ ისრაილოვის მკვლელობაზე. დანაშაული ვენაში 2009 წელს მოხდა.

ავსტრიული გამოძიების ინფორმაციით, ისრაილოვს ჩეჩნეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის მიზნით იტაცებდნენ და ამ საქმესთან შესაძლოა, რამზან კადიროვი იყოს დაკავშირებული.

"Human Rights Watch"-ში მიაჩნიათ, რომ "რუსული გამოძიება ამ საქმეში ვიწრო ჩარჩოებით არ უნდა შემოიფარგლოს და უნდა შეამოწმოს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ რეალობასთან ახლოს მდგომი ყველა ინფორმაცია".

"ვენის პოლიცია და პროკურატურა ამ საქმეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას უკავშირებენ. ჩნდება კითხვა, რა გააკეთა ფედერალურმა ხელისუფლებამ, რომ შეემოწმებინა ჩეჩნეთის ხელისუფლების კავშირი და დაედგინა ის ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებენ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დაუსრულებელ რიგზე", - განაცხადა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა, რეიჩელ დენბერმა.

ავსტრიის პროკურატურის დასკვნით, ისრაილოვის გატაცების დამკვეთი იყო შაა ტურლაევი, რომელიც კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრია. თუმცა, ღიად რჩება კითხვა, ტურლაევი საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა, თუ კადიროვის ემისრის როლს ასრულებდა და შესაბამის პირებს მის ბრძანებებს გადასცემდა.

ამ დრომდე უცნობი რჩება იმ პირის ადგილსამყოფელი, რომელმაც უშუალოდ ესროლა ისრაილოვს. თავად კადიროვი დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

უმარ ისრაილოვი კადიროვს ადამიანების წამებაში წლების განმავლობაში საჯაროდ სდებდა ბრალს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანილ სარჩელში მის შესახებ ღიად მიუთითა. ისრაილოვმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩეჩნეთში შეიპყრეს, როგორც "ბოევიკი". ტყვეობის დროს რამზან კადიროვი პირადად აწამებდა, მათ შორის - ელექტროშოკით. იგი, ასევე, აცხადებდა, რომ ხედავდა, როგორ სცემდა და აწამებდა რამზან კადიროვი სხვა პატიმრებს.

27 წლის უმარ ისრაილოვი ვენაში 2009 წლის 13 იანვარს მოკლეს. დანაშაულში სამი ბრალდებული ვენაში სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა