ჰოლივუდის ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის მელ გიბსონის ყოფილმა საყვარელმა ოქსანა გრიგორევამ ლარი კინგის შოუში, მოსამართლე სკოტ გორდონის აკრძალვის მიუხედავად, გიბსონთან ურთიერთობის შესახებ გულღიად ისაუბრა.
გრიგორევას თქმით, გიბსონის სიტყვების ფირზე ჩაწერის იდეა პირველად იანვარში, მათი შეხვედრის დროს გაუჩნდა. როგორც ოქსანა ყვება, იმ დღეს გიბსონმა მას საღამოს 8 საათიდან, დაახლოებით, 40-ჯერ დაურეკა, ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა. საუბრის ჩაწერა მან 11 საათზე დაიწყო, - წერს The Herald Sun-ი.
"სასოწარკვეთილი მისი ფსიქოანალიტიკოსის ნომრის პოვნას და მის დახმარებას ვცდილობდი. ეს ის მამაკაცი არ იყო, რომელიც მე შემიყვარდა. ეს მისი ავადმყოფობა იყო." - იხსენებს ოქსანა.
გრიგორევას იმედი ჰქონდა, რომ მისი დაშავების, ან გარდაცვალების შემთხვევაში, დედამისი აუდიოჩანაწერს პოლიციაში წაიღებდა. "ჩემი სიკვდილის შემთხვევაში მინდოდა, დედას ყველასთვის ეთქვა, ვინ ჩაიდინა ეს".
მას ასევე სურდა, ეს ჩანაწერი დამშვიდების შემდეგ თავად გიბსონს მოესმინა, რათა ეგრძნო, რამდენად ავად იყო.
"ყველაფერი ჩვენს სახლში მოხდა. ის შინ გვიან დაბრუნდა. მე ჩემი ვაჟის, 12 წლის ალექსანდრეს საძინებელში გავიქეცი და ვუთხარი დამალულიყო, რადგან მელი ჭკუიდან შეიშალა. შუა ოთახში ვიდექი, ხელში პატარა ლუსია მეჭირა და მის დაცვას ვცდილობდი. მელი თავს დამესხა და მახრჩობდა. შემდეგ პისტოლეტი აიღო და მოკვლით მემუქრებოდა. სახეში ორჯერ მუშტი დამარტყა. ეს ყველაფერი ჩემი ვაჟის თვალწინ ხდებოდა. მელი სრულიად ფხიზელი იყო. მე იმ ღამესვე წავედი მისგან", - ყვება გრიგორევა.
"მეორე დღეს მელი გონს მოეგო. პატიება მთხოვა. დაჩოქილი ტირილით მემუდარებოდა, არ მიმეტოვებინა და კიდევ ერთი შანსი მიმეცა. დამპირდა, რომ მკურნალობას დაიწყებდა. მეც დავუბრუნდი", - იხსენებს ოქსანა.
ოქსანას მტკიცებით, მისთვის უცნობია, როგორ გავრცელდა მისი აუდიოჩანაწრი, ისინი ადვოკატებთან და სასამრთლოში ინახებოდა. გრიგორევას ადვოკატების თქმით, ინფორმაციამ სასამართლოდან გაჟონა.
ბოლო სასამართლო სხდომის დროს მელ გიბსონმა განაცხადა, რომ მართლაც დაარტყა გრიგორევას, თუმცა ეს ლოყაზე მსუბუქი გარტყმა იყო, რათა ის გონზე მოეყვანა. მსახიობის თქმით, ოქსანა თითქოს ბოდავდა, ბავშვს ძლიერად არწევდა, შემდეგ ეზოში გავარდა. "მისი გამოფხიზლება მინდოდა, ძლიერად არ დამირტყამს, მინდოდა ყვირილი შეეწყვიტა. ლუსიაზე ძალიან ვნერვიულობდი. არც ბავშვისთვის და არც ოქსანასთვის თითი არასდროს დამიკარებია", - აღნიშნა მელ გიბსონმა.
გასულ კვირას ლოს-ანჯელესის სასამართლომ მელ გიბსონს გრიგორევასთვის 60 ათასი დოლარის გადახდა და იმ სახლის ქირის ანაზღაურება დააკისრა, რომელშიც გრიგორევა მათ საერთო შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს.
მომზადებულია The Herald Sun-ის მიხედვით.