მაკა ზამბახიძეს ოჯახის დანგრევით გამოწვეული ტკივილი რატი დურგლიშვილმა გადაატანინა

მაკა ზამბახიძეს ოჯახის დანგრევით გამოწვეული ტკივილი რატი დურგლიშვილმა გადაატანინა

მომღერალი მაკა ზამბახიძე ძალიან უკონფლიქტო, დამთმობი და მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფი ადამიანია, ყოველთვის ცდილობს, დაძაბული სიტუაცია განმუხტოს და ურთიერთობები დაარეგულიროს. მართალია, ერთი შეხედვით, მაკა საკმაოდ ძლიერი ჩანს, თუმცა, როგორც ყველა ქალს, მასაც აქვს სუსტი მხარეები და ეს გასაკვირი სულაც არ არის.

- როგორც წესი, საკუთარ თავში არაფერი არ მომწონს, რადგან ძალიან კრიტიკული ვარ. ზოგადად კი უკონფლიქტო ადამიანი ვარ, თუ დავინახავ, ადამიანებს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ, აუცილებლად ვიწყებ მოგვარებას, ბევრჯერ დამირეგულირებია ურთიერთობები. არ მიყვარს ჩხუბი, რაღაცის გაზვიადება. ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ თუ ძალიან გადაღლილი არ ვარ, სულ კარგ ხასიათზე გახლავართ, ხანდახან მეკითხებიან კიდეც, როგორ ახერხებ მუდამ კარგ ხასიათზე ყოფნასო (იცინის).

- რომელ თვისებას ებრძვი, რა არ მოგწონს საკუთარ თავში?

- (ფიქრობს) ალბათ სიჯიუტეს. ვთქვათ, რაღაც თემის განხილვისას მე ვამბობ არას, ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, თუ მივხვდები, მართალი არ ვიყავი, ამას ვაღიარებ. ადრე შეიძლება, ასე არ მოვქცეულიყავი, მაგრამ თანდათან უფრო დამთმობი გავხდი.

- გულჩათხრობილი ხომ არ ხარ?

- პირიქით, სულ ვლაპარაკობ, შეიძლება, ისიც ვთქვა, რაც საჭირო არაა (იღიმება), მაგრამ საიდუმლოს არ გავცემ არასდროს, მით უმეტეს, თუ ის მარტო მე უნდა ვიცოდე. გულჩათხრობილობა და დეპრესია ჩემგან ძალიან შორსაა, მიყვარს რაღაცების მოყოლა და გულიდან ამოღება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რამე რომ მეწყინოს, ადამიანს ეგრევე პირში მივახლი, ეს კიდევ სხვა რაღაცაა, რაიმე უარყოფითის ასე პირდაპირ თქმა არ მჩვევია, შემიძლია ჩავყლაპო და "გავატარო".

- ანუ მომთმენიც ხარ.

- კი, იმიტომ, რომ იმ მომენტში ჩემი პირდაპირობით შეიძლება, კონფლიქტი წარმოვქმნა, რაც ძალიან არ მიყვარს.

- თუმცა ზოგჯერ არის ისეთი სიტუაცია, როცა მოთმენა არ შეიძლება.

- თუ ვინმე ძალიან პირადულს შეეხება და შეურაცხყოფას მომაყენებს, მაშინ საქმე სხვანაირად იქნება.

- როგორი დედა ხარ?

- ვცდილობ, ყურადღება მივაქციო და დრო დავუთმო სალომეს, რამდენიმე დღის წინ მთელი დღე ერთად ვიყავით, მანქანით გავასეირნე, დაბადების დღეზე მყავდა წაყვანილი, ხან საყიდლებზე ერთად დავდივართ, თუმცა ძირითადად სამოსს მე ვურჩევ და დამოუკიდებლადაც ვყიდულობ.

- და ხომ არ აპროტესტებს შენს მიტანილ სამოსს?

- რას ლაპარაკობ, მე ისეთს არაფერს მივუტან, რომ გააპროტესტოს.

- მკაცრი თუ ხარ?

- არც ისე. თუ არ იმსახურებს, არ ვეკამათები და არ ვუყვირი, ამიტომ მის დასაცავად შენიშვნას ვერავინ მომცემს. სხვათა შორის, ვახოს იმედი აქვს ძალიან, სახლში რომ შევდივართ, პირველი მას კითხულობს სადააო, ხან სთხოვს, მომიწექი და დამაძინეო.

- შენს პრობლემებსა და გულისტკივილზე ვის ესაუბრები?

- პირველ რიგში, ჩემს ქმარს, რატის, რომელიც ჩემი განუყოფელი ნაწილია, დედასა და ორ მეგობარს.

- მაკა, მტირალა ხარ?

- ვაიმე, ამ ბოლო დროს სულ მეტირება, რაღაც უფრო გულჩვილი გავხდი. მაგალითად, ჩემმა ფეხმძიმე მეგობარმა მითხრა, რომ ცუდად იყო, ღამე გაათენა და ამაზე ვიტირე (იღიმება), ამას წინათ კიდევ, დედა მოვიდა ეკლესიიდან და მამაოს ქადაგებიდან ფრაგმენტი მომიყვა, რაზეც ძალიან ბევრი ვიტირე. თქვენც გიამბობთ ამის შესახებ. ერთ ჩვეულებრივ კაცს სიზმარში უფალი ეჩვენა და მან სთხოვა, უფალო, იქნებ, ცხადშიც გამომეცხადო და მოხვიდე ჩემთანო, კარგი, ხვალ შენთან მოვალო - უპასუხა უფალმა. გათენდა თუ არა, ამ კაცმა დაიწყო მზადება უფლის დასახვედრად, საქმეშია ჩართული და ამ დროს კარზე კაკუნი შემოესმა, რომ გააღო, მათხოვარი დახვდა, რომელიც მოწყალებას სთხოვდა, მან კი უპასუხა, ახლა არ მცალია, ვერ დაგეხმარებიო, იგივე სამჯერ გამეორდა და სამჯერვე მათხოვრები დახმარების გარეშე გაისტუმრა, ის დღე ისე დაღამდა, რომ ამ კაცთან უფალი არ გამოჩნდა, ღამე კი ისევ სიზმარი ნახა, სადაც უფალს ჰკითხა, რატომ არ მოხვედი ჩემთანო, მან კი უპასუხა, მე შენთან სამჯერ მოვედი და სამჯერვე უარით გამისტუმრეო, აი, ამ ამბის მოყოლის შემდეგ მე და დედაჩემი ერთად ვტიროდით.

- რას ნანობ, დროის უკან დაბრუნება რომ შეგვეძლოს, რას შეცვლიდი?

- (ფიქრობს) ალბათ ისე ადრე არ გავთხოვდებოდი, თუმცა ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარე, რადგან ახლა უკვე დიდი შვილი მყავს.

- როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში ადამიანს რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს?

- ზოგისთვის ერთხელ მოდის სიყვარული.

- შენს შემთხვევაში საქმე როგორაა?

- ჩემს შემთხვევაში ვახო პირველი სიყვარულია.

- ანუ პირველი ოჯახი უსიყვარულოდ შექმენი?

- ჰო, თან ვახოსთან ერთად შექმნილ ოჯახს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ყველაფერი გააზრებულად, ჯანსაღ გრძნობაზე დაყრდნობით მოხდა და არა ბრმად. პირველი ოჯახი კი 17 წლისამ შევქმენი, თან არ მინდოდა გათხოვება, ორჯერ მომიტაცა.

- რატომ დარჩი მასთან?

- რა ვიცი.

- იმ სტერეოტიპების გამო, რაც გავრცელებულია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- კი, ამანაც დიდი როლი ითამაშა ჩემს გათხოვებაში. საერთოდ არ ვფიქრობდი ოჯახის შექმნაზე, ზოგს უნდა ამ ასაკში გათხოვება, მე კი არ მინდოდა.

- მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შენი სურვილით არ შეგიქმნია, დანგრევა მაინც დამთრგუნველი იქნებოდა.

- კი, მაგრამ იმ პერიოდში მე რატისთან ერთად დავიწყე სიმღერა ბარში და ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა ამ სიტუაციიდან გამოსვლაში.

- ანუ შეიძლება ითქვას, რატიმ გადაგატანინა ეს ტკივილი.

- კი, რატი მართლაც დამეხმარა ამ სიტუაციიდან გამოსვლაში, წამალივით იყო ჩემთვის.

- მაკა, ვისგან იღებ კრიტიკასა და შენიშვნას?

- ნებისმიერი ადამიანისგან. ქუჩაში გამვლელსაც შემიძლია ვკითხო აზრი, ვთქვათ, ჩემს გამოსვლაზე, არ მგონია, რომ ჩემი თავი ბოლომდე მაქვს ნაპოვნი და სასწავლი აღარაფერი მაქვს. სიკვდილამდე სწავლობს ადამიანი, ამიტომ კრიტიკა და შენიშვნა ყოველთვის მისაღებია.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება