როგორ ზრდიდა ქუჩა და რატომ აღარ სურს რუსულ ფილმებში მონაწილეობა, თავად ბუბა კიკაბიძე გვიამბობს.
- ბატონო ვახტანგ, მთელი კიევი თქვენი აფიშებითაა აჭრელებული, სადაც ერთი კბილი გაკლიათ და გულიანად იცინით, ასე იყო ჩაფიქრებული..
- ეგ აფიშა არ მინახავს, თუმცა ალბათ რაღაც შეცდომაა, რადგან როგორც ხედავთ ყველა კბილი თავის ადგილზე მაქვს. რაც შეეხება კიევს, საზოგადოების წინაშე 2 საათიანი პროგრამით წარვსდგები. ამავე პროგრამით გამოვალ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ახალი წლის შემდეგ კი კონცერტებს ევროპის ქვეყნებში, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში გავმართავ.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ ავიწყდებით ხალხს? მითუმეტეს, როცა არც ტელევიზიით გადის თქვენი კლიპები და არც ბლოკბასტერებში იღებთ მონაწილეობას...
-მე არასოდეს მიმღერია პარტიებისა და ალმების შესახებ. ვმღეროდი მხოლოდ იმაზე, რაც ხალხს სურდა. საერთოდ, ადამიანი ასეთ დეტალებს სათუთად უნდა მიუდგე - სწორად ცხოვრება ძალზედ რთულია. და თუ ეს გამომდის, საზოგადოება ამას ხედავს. აი, მაგალითად, ჩემს ზურგს უკან არავინ ჭორაობს, ვგულისხმობ იმას, რომ მასას უყვარს სხვისი ცხოვრების განხილვა, თუმცა ჩემს პირად ცხოვრებას ვერავინ ეხება, იგი ყველასთვის დახურულია უცხოთათვის - ასეც უნდა იყოს.
- ვინ გასწავლათ ”სწორად” ცხოვრება?
- ქუჩა მკარნახობდა, მე ხომ ქუჩაში გავიზარდე ისევე, როგორც მთელი ჩემი თაობა. 72 წლის ვარ და ბევრი რამ მინახავს. თეთრისა და შავის გარჩევა ვიცი. ვიცი მეგობარი, მეზობელი და მტერი - ყველაფერი ვიცი.
- ახალგაზრდებს რჩევას თუ აძლევთ?
- როცა 70-იან წლებში პირველად ჩავედი ამერიკაში, უცნაური გრძნობა დამეუფლა. ყოველთვის კიდევ ვიღაცა გარეშე პირის არსებობას ვგრძნობდი. მერე მივხვდი, რომ ეს ვიღაც კიდევ ერთი ცოცხალი ორგანიზმი - ფული იყო. ახლა ეს ყველაფერი ჩვენთან ხდება - ფული, ბოჰემური ცხოვრება. ფულის გარეშე არაფერი გამოდის. სამწუხაროდ, ჩვენს ახალგაზრდობას ყველაფრის მიღწევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით უწევს, შესაბამისად მათთვის მოწიფული ადამიანის ცხოვრება ძალზედ ნაადრევ ასაკში იწყება. თუმცა სახელმწიფო ხომ ვალდებულია, იფიქროს მოზარდებზე.
- ამბობენ, რომ თქვენ პოლიტიკაში მიდიხართ და საქართველოს პარლამენტში აპირებთ კენჭისყრას...
-არა, მე არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკაში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვთვლი, რომ ცხოვრებაში ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ვინც იცის წერა, უნდა წეროს, ვინც იცის შენება, უნდა აშენოს. არ გამოვა, ყველას პარლამენტში წასვლა, რომ შემდეგ სავარძლებიდან მიგვითითონ, როგორ გავზარდოთ საკუთარი შვილები.
- 2008 წელს, სამხრეთ ოსეთის მოვლენების შემდეგ თქვენ რუსეთში გადაღებები შეწყვიტეთ. ეს კიდევ გაგრძელდება?
- თუ იქნება საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რატომაც არა, თუმცა ამ ეტაპზე არცერთი რუსი რეჟისორი არ მირეკავს, რადგან იციან, რომ რუსეთში არ ჩავდივარ. ბოლო რუსული ფილმი ”დედოფალი”, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, 2008 წლის დასაწყისში უკვე მზად იყო, თუმცა ომის დაწყების შემდეგ დაბლოკეს.
რაც შეეხება აგვისტოს ომს, აზრი არ შეცვლილა - დიდმა ქვეყანამ პატარა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა.
- საერთოდ თუ უყურებთ რუსულ ფილმებს?
-კინო საერთოდ ძალიან მიყვარს, თუმცა სერიალების ყურებას ვერ ვიტან, ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი ბორტკოს გადაღებული ”იდიოტია”. ხშირად მიწვევდნენ სერიალებში გადასაღებად, მაგრამ ეს სასაცილოა. კარგი ფილმის შექმნას დიდი თანხები სჭირდება, ეს თანხები კი სერიალებზე იხარჯება და ხალხიც ამ სისულელეს უყურებს.
- თქვენი რომელი ფილმით ამაყობთ ყველაზე მეტად?
- რა თქმა უნდა, ”არ დაიდარდოთი” - ეს კლასიკაა. ”მიმინო” მხოლოდ მეოთხე-მეხუთე ადგილზეა, ის ხომ მასობრივი კომერციული სურათია. მართლა სულ ცოტა ხნის წინ ვუყურე ამ ფილმს და როგორც იდიოტი, ისე ვხარხარებდი. მასშიც არის რაღაც თავისებური ხიბლი.
- როგორ ისვენებთ?
- ხშირად დავდივარ სათევზაოდ, თავდადებული მეთევზე ვარ. თუ სადმე გავდივარ ეს კრუიზი ათი დღე მაინც გრძელდება. თევზაობისას თავში ისეთი იდეები მომდის, ხანდახან თავადაც კი მიკვირს. შარშან სათევზაოდ კანადაში ვიყავი, იქ არაჩვეულებრივია პირობებია. კარგი ნავები, ლიცენზია და არც არავინ ”ბრაკონიერობს”.
- კარგი კულინარი ხართ?
- ვამზადებ მხოლოდ მაშინ, როცა მამაკაცები ვიკრიბებით. ჩემი საფირმო კერძის, მწვადის მომზადება ავსტრალიაში მცხოვრები რუსისგან ვისწავლე. მისი შემწვარი მწვადი საოცრებაა. თავად ამ კერძის მომზადება თურქმენეთში ერთი მოხუცისგან უსწავლია.
- თუმცა მხოლოდ ნადიმის დროს ხომ არ ისვენებთ?
- თუ საქმე არ მაქვს, ძალიან ვიღლები. არსებობს ერთი მშვენიერი გამოთქმა: თუ ადამიანი მუშაობას მიჩვეულია და მას თავს ანებებს, სწრაფად იწყებს დაბერებასო. არ მინდა გაჩერება.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.