რა ასწავლა ლევან წულაძემ ონისე ონიანს

რა ასწავლა ლევან წულაძემ ონისე ონიანს

ქუთაისში მსახიობების კორპუსში გაიზარდა, თეატრში სცენის მუშადაც მუშაობდა, ჰონორარს სიმღერაშიც იღებდა. თბილისში 16 წლის ასაკში მარტო ჩამოვიდა და თავისი ადგილიც მალევე იპოვა. ახლა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. ჰყავს ფარმაცევტი მეუღლე და ორი ქალიშვილი. ამბობს, რომ ცოლი წამლებით, სიყვარულითა და შვილებით ამარაგებს.

ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე სასაუბროდ ამჯერად ონისე ონიანს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის წინ ვესტუმრეთ.

- ჩემი მშობლები უბრალო ადამიანები იყვნენ. დედა მუსიკის პედაგოგი იყო, სკოლაში ასწავლიდა 30 წლის განმავლობაში. მამა ეკონომისტი გახლდათ, მოკრძალებული ოჯახი გვქონდა, ფუფუნებასა და სიმდიდრეში არ გავზრდილვარ. გვქონდა იმდენი, რამდენსაც უფალი გვაძლევდა და რამდენიც ჩვენს ოჯახს ეყოფოდა.

- განსაკუთრებული ტრადიცია თუ გქონდათ ოჯახში?

- თუ არ ჩავთვლით შობის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებს, ახალ წლის ჯადოსნურ ღამეს, განსაკუთრებული ტრადიცია გვქონდა ყოველ შაბათ-კვირას. ისე არც ერთი შაბათ-კვირა არ ჩაივლიდა, ჩვენს ოჯახში სტუმარი არ მოსულიყო. სახლში მუდმივად სტუმრის დახვედრის სამზადისი იყო. ძირითადად ნათესავები მოდიოდნენ. ყველა ძალიან მიყვარდა. მჩუქნიდნენ სათამაშოებს, ტკბილეულს, ფულის ყულაბა მქონდა, სადაც ჩემს დანაზოგს ვინახავდი.

- როგორც ვიცი, ქუთაისში იზრდებოდით...

- ნახევარი ცხოვრება ქუთაისში გავატარე. იქ დავტოვე ბავშვობა, სკოლის მეგობრები, კორპუსის მეგობრები. საოცრებებს ვაკეთებდით ეზოში. სადმე გაგიგიათ ასფალტის ჰოკეი?! ჩვენ გამოვიგონეთ და ვთამაშობდით. ვთამაშობდით კალათბურთს. იმ წლებმა და ეზოს ბავშვებთან ურთიერთობებმა ბევრი რამ მასწავლა. დამოუკიდებელი ვიყავი ბავშვობიდან. მშობლები პატარაობიდან, როგორც ჩანს, ძალიან მენდობოდნენ.

- არ გეძახდნენ ფანჯრიდან, ამოდი სახლშიო?

- კი, რა თქმა უნდა. დედაჩემის ხმა მთელ უბანში ისმოდა. ონისეო, რომ გადმოჰკივლებდა, ყველას ესმოდა ჩემ გარდა.

- ონისე რატომ დაგარქვეს?

- ონი ონიანი იყო წიგნის "შორეული ვარდების" გმირი. თავად გელოვანების კარის მსახური. შემდეგ თავადმა გელოვანმა მას აზნაურობა უბოძა. სწორედ ამ ადამიანისგან მოდის ჩვენი გვარიც. ის ერთგულებით გამოირჩეოდა. რეალური გმირია. დედაჩემმა "სე" დაამატა ონის და გამოვიდა ონისე. სხვათა შორის, ონიანების სამი შტო არსებობს, ჩვენ ძირძველი, ნაღდი ონიანები ვართ.

- სახელი რომელიმე ასაკში ხომ არ გაგიპროტესტებიათ?

- არა, პირიქით. ერთხელ, უკვე თეატრში ვმუშაობდი, ფეხს ვიდგამდი თეატრალურ საზოგადოებაში და სადღაც ტიტრებში დააწერეს მალხაზ ონიანი, გაბრაზებულმა დავრეკე, ონისე ონიანის დამკვიდრებისთვის ვიკლავ თავს და ეს მალხაზ ონიანი ვინ ოხერია-მეთქი.

- ქუთაისში ალბათ "ქუჩის აკადემიაც" გაიარეთ, რა გამოცდილება მოგცათ ქუჩამ?

- თავისუფალი და იუმორით სავსე ქალაქია ქუთაისი. ყველა კორპუსის ქვემოთ "ბირჟა" იყო. მეც მათ შორის ვიდექი. ბიჭს ქუჩას ვერ დაუშლი. ის უნდა დადგეს იქ, კარგიც ნახოს და ცუდიც. ვნახე ისეთი ბიჭებიც, ვინც ძალადობით, ნარკოტიკით, თამაშით იყვნენ გატაცებული. ვაანალიზებდი, რას მოუტანდა ეს ყოველივე ადამიანს და მათგან აბსოლუტურად განსხვავებული გზა ავირჩიე ცხოვრებაში. თუმცა ვიდექი მათთან ერთად, ბოლოს და ბოლოს, იქ ჩემი მეგობრებიც იდგნენ.

ქუთაისში ცნობილი ქუჩა, რომელსაც ებრაელების ქუჩას ეძახდნენ, შაუმიანის ქუჩა გახლდათ. კოლორიტული უბანი იყო. ერთხელ ბიჭები სკოლიდან ამ უბანში წავედით. იმ უბნელებმა, ამდენი ბიჭი ერთად რომ დაგვინახეს თავიანთ უბანში, არ მოეწონათ და ჩხუბი ატყდა. იმდენი ირეოდა ერთმანეთში, ვყვიროდი, ერთმა თავი მაინც გამოაყოფინეთ რომელიმეს, მონაწილება მინდა მივიღო ჩხუბში-მეთქი. ერთადერთი, რაც მოვახერხე, ვიღაც ბავშვს თითი ჩავთხარე თვალში. კიდევ კარგი, გადარჩა. მაშინ კი ვიყავი ამაყი, ჩემმა თითმა ჩხუბში მიიღო მონაწილეობა-მეთქი, გავიძახოდი (იცინის).

- გოგოს გამო გიჩხუბიათ?

- არა. ეტყობა, მიმართლებდა და სხვას არ უყვარდებოდა ჩემი რჩეული. თუმცა სკოლის პერიოდში ისეთი ლამაზი გოგო მიყვარდა, არ შეიძლებოდა, ის სხვასაც არ ჰყვარებოდა. მაგრამ დავამთავრე სკოლა და წამოვედი თბილისში. იქ დამთავრდა ჩემი სიყვარულიც.

- სასიყვარულო გამოცდილებას მივადექით. ამ წლების განმავლობაში რა დასკვნამდე მიხვედით, როგორია სიყვარულის თქვენეული განმარტება?

- ოთხი წლის წინ ჩემთან აგარაკზე ჩემი მეგობრები ისვენებდნენ: ქეთი ცხაკაია, მანანა კაზაკოვა. ამ თემაზე დავიწყეთ ლაპარაკი. სიყვარული არ არსებობს-მეთქი, ვთქვი. ჯერ მოგეწონება, მერე მიეჩვევი და მერე იმ ადამიანთან ყოფნა გინდა. თუ ამას ეძახით სიყვარულს, ერქვას-მეთქი. უმცირესობაში მოვხვდი, მე ერთი ვიყავი, ისინი სამნი, ჩემი ცოლიანად. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ვცდებოდი. განა ის არ არის სიყვარული, რომ გენატრება, რომ მოგწონს და მასთან ყოფნა გინდა?! განა ის არ არის სიყვარული, რომ გინდა, გული აჩუქო ადამიანს?! ესაა გრძნობა, რომელიც გაგიჟებს.

- ბევრჯერ მოგნატრებიათ?

- ბევრჯერ, მაგრამ ბოლოს ერთზე შეჩერდა ჩემი გრძნობაც და მონატრებაც. სხვათა შორის, დღეს მკითხა ჩემმა მეუღლემ, ვინმე რომ შეგიყვარდეს ჩემზე ძალიან, ხომ წახვალო. თუ უკვე გიყვარს, სხვა როგორღა უნდა შეგიყვარდეს-მეთქი, ვუპასუხე.

- დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავიო, მითხარით...

- ჰო, 16 წლისამ გამოვაცხადე, თბილისში უნდა წავიდე, დამოუკიდებლად ვიცხოვრო და თვითონ მივხედო საკუთარ თავს-მეთქი. ეს ჩემი მშობლებისთვის რთულად გასაგები იყო, მაგრამ შანსი მომცეს. თბილისში უპატრონოდ არ ვყოფილვარ, ვცხოვრობდი დეიდასთან, ბიძასთან, მაგრამ ერთი წლის მერე მათაც დავუსხლტი ხელიდან. შევეცადე, თეატრალურში ჩამებარებინა, პირველივე წელს ვერ მოვხვდი. წავედი ჯარში, იქიდან რომ დავბრუნდი, 19 წლის ვიყავი უკვე. იმ წელიწადს ჩავაბარე თეატრალურში და იქიდან მოყოლებული დავიწყე საკუთარი თავის რეალიზება, სიმღერა. გამოვდიოდი კონცერტებზე, ჩემი ჰონორარი გამიჩნდა.

- პირველი ჰონორარი სად დახარჯეთ?

- მანანა თოდაძემ და ბორია შხიანმა პრესტიჟშოუ გააკეთეს ფილარმონიაში. იმ კონცერტზე საწყალი ლელა სიხარულიძეც მღეროდა. სწორედ ამ კონცერტიდან ავიღე პირველი ჰონორარი და ჯინსის ქურთუკი ვიყიდე.

- ვის გაეპრანჭეთ?

- ინსტიტუტში მყავდა შეყვარებული, მას ვეპრანჭებოდი, იმის მერე სხვა გამოჩნდა და ისიც წავიდა, მერე კიდევ სხვა. მერე მოვიდა და მოვიდა, დარჩა (იცინის).

- რა ჰქვია მას, ვინც დარჩა?

- თათია კაკაბაძე, ჩემი მეუღლე ფარმაცევტია, წამლებით მამარაგებს. თუმცა ახლა აღარ მიყვარს წამლები, ადრე მიყვარდა. იცით, როგორ ვსვამდი, ახლა ამას ვადა გასდის და მოდი დავლევ-მეთქი (იცინის).

- ნევროზი გქონდათ?

- საშინელი. ახლაც მიყრია წამლები უჯრაში. მოიცა (უჯრას აღებს - ავტ.), აი, ხომ გითხარი, "რაუნატინი". წნევა არ მაწუხებს, რისთვის მაქვს, არ ვიცი. გეუბნები, იყო პერიოდი, როცა სხვის წამლებს ვსვამდი. ასე რომ, მეუღლე წამლებით მამარაგებს, კიდევ სიყვარულით მამარაგებს...

- და შვილებით, რაც მთავარია.

- ჰო, ორი ქალბატონი გვყავს, ლილე 15 წლისაა, ანასტასია - 8-ის.

- თავად რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს?

- რჩევა-დარიგებები შვილებთან ხშირად არ მიწევს. ისინი თვითონ გრძნობენ რა მომეწონება, რა - არა. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. როცა რამეს მკითხავენ, ვცდილობ, ამომწურავი პასუხი გავცე. პატარა უფრო ხშირად მისვამს კითხვებს. ცოტა უცნაურია, ცოცხალი, ემოციური, მე მგავს. დიდმა შენიღბული კითხვების დასმა იცის, თუმცა მე რას გამომაპარებს, ზუსტად ვიცი რას უკავშირდება მისი ესა თუ ის შეკითხვა. ჩემი პოზიცია ასეთია, ჯერ პროფესია აირჩიოს, თავისი ადგილი იპოვოს ამ ცხოვრებაში და მერე გათხოვდეს. ჩემი მეუღლე 18 წლის იყო, რომ გამომყვა, ათი წლით უფროსი ვარ მასზე. ასე რომ, უკვე ვნერვიულობ უფროსი შვილის მომავალზე.

- მამის პროფესიას ხომ არ ირჩევს რომელიმე ქალიშვილი?

- პატარა ამბობს, რომ უნდა მსახიობობა, ზოგჯერ ხატვა უნდა. ახლა აიჩემა მოგზაურის პროფესია მინდაო (იცინის), მსოფლიო უნდა მოიაროს. უფროსი ხან სტომატოლოგიურს არჩევს, ხან სამხატვრო აკადემიისკენ მიუწევს გული.

- თქვენ ვისი მიბაძვით აირჩიეთ პროფესია?

- ჩემს ოჯახში, როგორც გითხარით, მსახიობები არ იყვნენ. ჩემი მიდრეკილება ამ პროფესიისკენ განაპირობა იმან, რომ ქუთაისში მსახიობების კორპუსში ვცხოვრობდი. მესხიშვილის თეატრის თითქმის ყველა მსახიობი ჩვენი კორპუსის ბინადარი იყო. დღეს შეიძლება, არავინ იცის, ვინ იყო ალექსანდრე ჩიქვინიძე, მაგრამ როცა ის და იპოლიტე ხვიჩია გამოდიოდნენ სცენაზე, მაყურებელი მოსაბრუნებელი გაჰყავდათ თეატრიდან. ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა ანზორ ხერხაძე. ახლახან მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

სკოლა რომ დავამთავრე, რამდენიმე თვე ქუთაისის თეატრში ვმუშაობდი სცენის მუშად. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილებაც. ანზორ ხერხაძე მეუბნებოდა, შენ მსახიობობა საცივის ჭამა ხომ არ გგონიაო. ძალიან მალე მივხვდი რას მეუბნებოდა ბატონი ანზორი. მსახიობმა თუ არ იმუშავა და იბრძოლა იმისთვის, რომ ამ სფეროში თავისი სახელი და გვარი დაამკვიდროს, არაფერი გამოვა.

- ბევრი შეცდომა დაგიშვიათ ცხოვრებაში?

- რა თქმა უნდა და ერთ-ერთი უკანასკნელი გუშინ დავუშვი, როცა გადაცემაში "ბრავო" ირინა ბაირამაშვილს 8 ქულა დავუწერე. შემეშალა და აწეული ქულა ვეღარ შევცვალე. ახლა მინდა, სახალხოდ ბოდიში მოვუხადო ირინას. ამ ინტერვიუს თუ წაიკითხავს, ძალიან ბედნიერი ვიქნები. წუხელ არ მიძინია, ისე ვინერვიულე.

- საერთოდ, რამდენად ხშირად იყურებით უკან, მისტირით წარსულს, დარდობთ ჩადენილს?

- შეცდომებს უფრო ხშირად მივტირი, ვიდრე კარგ დღეებსა და ტკბილ მოგონებებს. მაგრამ ცხოვრება იმიტომაა საინტერესო, რომ შეცდომებზე ისწავლო. შეიძლება, ჩემი შეცდომებით სხვას გული ვატკინე. ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. კარგი რამ მასწავლა ჩემმა მეგობარმა და ძალიან კარგმა ადამიანმა, ლევან წულაძემ, სანამ შეცდომას დაუშვებ, ათამდე დათვალეო. იმხელა ნებისყოფა მაქვს, 50-მდე ვითვლი, ეს ძალიან მშველის.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება