ელენე სხირტლაძის მორიგი წარმატება ჰოლივუდში

ელენე სხირტლაძის მორიგი წარმატება ჰოლივუდში

ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს ეს ლამაზი გოგონა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჰოლივუდში წარმატებით მოღვაწეობს. ელენა სატინი, იგივე ელენე სხირტლაძე ახალი პროექტებითა და სიახლეებითაა გამორჩეული და სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.

აქუამენის ცოლი

ელენემ თავი მართლაც დაიმკვიდრა ჰოლივუდში და წარმატებულ ახალგაზრდა მსახიობებს შორის მოიხსენიებენ. უახლოეს მომავალში ერთდროულად რამდენიმე ახალი პროექტი იგეგმება მისი მონაწილეობით. 2012 წელს გამოდის რეჟისორ ენდრიუ ნიკოლის ფილმი I'm Mortal, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანდა სეიფრიდი და ოლივია უაილდი. ხოლო მომავალ წელს გამოდის დენის დუგენის Just Go with It, სადაც ელენა პარტნიორობას უწევს ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ჯენიფერ ენისტონი, ადამ სენდლერი, ნიკოლ კიდმანი და ჰეიდი მონტაგი.

გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ ელენე გამოჩნდა ცნობილ სერიალში "სმოლვილის საიდუმლოებები", ამ სურათის მეათე სეზონში, სადაც მთავარ როლს - აქუამენის ცოლ მერას განასახიერებს და სერიალის ერთგულ თაყვანისმცემლებს შორის უკვე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. აღნიშნული სერიალის მიხედვით კომპიუტერული თამაში და მულტიპლიკაციური ფილმიც არის შექმნილი, ელენას ანიმაციური გმირი მასავით ჟღალთმიანი და დახვეწილი სხეულის მქონეა. სინამდვილეში ელენას ბუნებრივი თმა მუქია, თუმცა ჰოლივუდში მოღვაწეობის განმავლობაში, რეჟისორების მოთხოვნების მიხედვით ხან ქერად, ხან კი ალისფრად მოუხდა თმის შეღებვა. ახალ როლში ჟღალთმიანია.

მომავლის ქართველი ვარსკვლავი

ელენა სატინი-სხირტლაძე 1987 წლის 24 ნოემბერს დაიბადა თბილისში. მოგვიანებით სოჭში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა საშუალო და მუსიკალური სკოლები.

ბავშვობიდან ვოკალით იყო გატაცებული, ასევე პროფესიულად ეუფლებოდა ფორტეპიანოს. მონაწილეობდა საესტრადო-სპორტული ცეკვის კოლექტივში "იმპერიალი". საკონცერტო კარიერა ექვსი წლისამ დაიწყო. ამავე ასაკში მოხვდა მაშინდელ პოპულარულ საბავშვო რუსულ პროექტში "უტრენნაია ზვეზდა". 11 წლის უკვე აქტიურად დადიოდა გასტროლებზე, როგორც მოცეკვავე. 9 წლიდან კი კინოშიც თამაშობს. ამ ასაკში ის საერთაშორისო ფილმების ფესტივალ "კინოტავრის" ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც იყო.

მოგვიანებით დედასთან - მწერალ მარინა სილაგაძესთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქვე დაამთავრა პროფესიონალური სამსახიობო სკოლა, ასევე გაიარა სამსახიობო კურსები დიდ ბრიტანეთსა და მოსკოვში. ამის შემდეგ ლოს-ანჯელესში მოხვდა, სადაც 2003 წელს ითამაშა პირველ ფილმში, სერიალში "დეტექტივი რაში". დღემდე ბევრ კინოფილმში, ასევე რამდენიმე სერიალსა და თეატრალურ დადგმაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის არის მიუზიკლი "ჩიკაგო", სადაც მისი მუსიკალური მონაცემები შესანიშნავად გამოჩნდა.

ელენა ამჟამად ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც ამბობენ, მისი დახვეწილი გარეგნობისა და ნიჭიერების წყალობით, გამორიცხული არ არის, სულ მალე ჰოლივუდის მეგავარსკვლავებს შორის ვიხილოთ და საამაყოდაც გვქონდეს, რომ ჩვენებური გოგონა მსოფლიო დონის ვარსკვლავია.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება