ანი სირაძემ ჯეოსტარი საკუთარი ნებით დატოვა?

ანი სირაძემ ჯეოსტარი საკუთარი ნებით დატოვა?

ჯეოსტარის ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ანი სირაძემ რომელიც გასულ ორშაბათს სმს-ლიდერი გახლდათ, პროექტი დატოვა. ამის მიზეზად კონკურსის წამყვანმა დუტა სხირტლაძემ ანის ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ეს ფაქტი ქალბატონი მარინა ბერიძისა და ანის ოჯახის დაპირისპირებას უკავშირდება, რაც ჟურნალ რეიტინგში გამოქვეყნებულ სტატიაში აშკარად ჩანს. ჩვენ კომენტარისგან თავს შევიკავებთ და გთავაზობთ ჟურნალის პუბლიკაციას, რომელიც წინ უსწრებდა ორშაბათის კონცერტს...

ანი სირაძის ოჯახი მარინა ბერიძეს დაუპირისპირდა...

"რეიტინგის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ მარინა ბერიძის ინტერვიუს ანი სირაძის ოჯახის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ანის დედამ, ქალბატონმა ნინო ელბაქიძემ გადაწყვიტა ქალბატონი მარინასთვის პასუხი "რეიტინგიდანვე" გაეცა. როგორც ადრე აღვნიშნეთ, "ჯეოსტარი 2010"-ს არც სკანდალები აკლია და როგორც აღმოჩნდა, არც ინტრიგები. ანი სირაძე ბოლო კვირის განმავლობაში პრესასთან ურთიერთობისგან თავს იკავებდა. მიზეზი შეუძლოდ ყოფნა გახლდათ, მაგრამ ქალბატონ ნინოსთან ინტერვიუს დროს, საუბარში თავადაც ჩაერთო და რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

- ქალბატონო ნინო, ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ "ჯეოსტარზე" ანისგან უფრო მეტს ელოდნენ...

- დიახ შეიძლება დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ მე მაინც გამოვყოფდი ანის რამდენიმე შესრულებას. მაგალითად, პირველ ტურში ბავშვმა აკაპელათი იმღერა, მე მგონი, ყრუ რომ ყოფილიყო, პედაგოგები ასეთ სიმღერას არ მისცემდნენ. მიმაჩნია, რომ ანიმ ამ ექსპერიმენტს ძალიან კარგად გაართვა თავი და ეს ქალბატონმა ლანამაც აღნიშნა.

- "ჯეოსტარში" შესვლამდე ანის, როგორც მომღერალს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკვე იცნობდა. რატომ გადაწყვიტეთ, მუსიკალურ კონკურსში მიეღო მონაწილეობა?

- მართალს ბრძანებთ, ანის ხალხი ნამდვილად იცნობდა. უამრავი ადამიანი გვირჩევდა, ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, რადგან არაფერში გვჭირდებოდა. წარმოიდგინეთ, როდესაც ჩემი შვილი პირველ კასტინგზე მივიდა, ეგონათ, რომ ვიღაცის საგულშემატკივროდ იყო. მასთან ერთად სურათებს იღებდნენ და ვერ წარმოედგინათ, რომ ანი ამ პროექტში შევიდოდა. მაგრამ ჩვენ იქ სრულიად შემთხვევით მოვხვდით და გეტყვით რატომაც. ქალბატონ მარინას ხათრი ვერ გავუტეხეთ.

- პროექტში მონაწილეობა მარინა ბერიძემ შემოგთავაზათ?

- დიახ, ქალბატონ მარინას ძალიან უნდოდა, რომ ანი "ჯეოსტარზე" გასულიყო. ამ ზაფხულს ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში ერთად ვისვენებდით და იქ გვითხრა, რომ ძალიან მოსწონდა ანი. ამას პროტექციონიზმს არ დავარქმევ და ვერც იმას დავაბრალებ, რომ მაგ ადამიანმა გარანტია მოგვცა, უბრალოდ გვითხრა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ანის კონკურსში მონაწილეობა, რადგან ეს პროექტი უფრო წინ წასწევდა. "ჯეოსტარი" მეც მიყვარდა და ბავშვსაც, რაღაც სხვანაირი პროექტია, ბენდი, ღია ეთერი, ამიტომ სიხარულით დავთანხმდით. თქვენს პირველ კითხვას გავაგრძელებ, რამდენიმე ტურის განმავლობაში ანიმ ძალიან კარგად იმღერა, ასევე ფანტასტიკურად შეასრულა ნინი ბადურაშვილის სიმღერა. ვაჟა აზარაშვილს ტურში ანი უკვე ცუდად იყო, ყელი საშინელ დღეში ჰქონდა. მართალია, ეს პრობლემა ცოტა ადრე შეექმნა, მაგრამ მანამდე ვუმკლავდებოდით. ბოლოს ძალიან გაურთულდა.

მესმის, რომ როცა ადამიანი ვერ იმღერებს, შენიშვნა უნდა მისცე, მაგრამ როდესაც ყელი სტკივა და ქალბატონმა მარინამ ეს იცოდა, შეიძლებოდა ცოტა დაენდო და შენიშვნა მსუბუქად მიეცა. ვფიქრობ, რომ ქალბატონი მარინა ბერიძე შემდეგ უკვე ანის სმს-ლიდერობამ გააღიზიანა. ამაში დარწმუნებული ვარ. მას ჰყავს თავისი ფავორიტები, რომლებსაც დაუფარავად აცხადებს.

- ვის გულისხმობთ?

- თქვენ ვერ ხვდებით? მე არავისთან არ მაქვს პრეტენზია, მაჩვიც კარგი მუსიკოსია, ოთოც ძალიან მიყვარს, მშვენიერი მომღერალია და იგივე სოფო გელოვანი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და ჯერ კიდევ მაშინ შევამჩნიე, როცა ის კონცერტებით არ იყო განებივრებული. სოფოს ეთერ ჭელიძის ხსოვნის საღამოზე ორი სიმღერა ვამღერე. მარინამ იცის, რომ ანი სამი წლიდან მღერის. ეთერ კაკულიასთან თუ "ქართულ ხმებთან" ერთად მარინა ბერიძის მეუღლის ზურაბ ლალიაშვილის სტუდიაში სიმღერებს წერდა. ერთხელ ბატონმა ზურაბმა მითხრა, ეს ისეთი ნიჭიერი ბავშვია, ძალიან შორს წავაო. ამის შემდეგ მარინა ბერიძის საქციელი იმას ჰგავდა, რომ ადამიანი სტუმრად დაპატიჟო და მერე მის გაგდებაზე იფიქრო. თუ მარინას მიაჩნია, რომ ანიმ მოლოდინი არ გაუმართლა, ეს სხვაა, მაგრამ ბოლო დღეებში ბავშვის ყელიც გამოსწორებისკენ წავიდა და ხომ შეძლებოდა, როგორ ინდირამ ერთ-ერთ ტურში მოირგო სიმღერა, ანისაც რომელიმე ჟანრი მოერგო და თავისი შესაძლებლობები გამოემჟღავნებინა. მაგრამ იქ ისე დაიძაბა სიტუაცია ანის სმს-ლიდერობის გამო, რომ ბავშვზე დიდი ზეწოლა ხორციელდება. ჩემს შვილს შვიდი საერთაშორისო კონკურსი აქვს მოგებული და ამასთან ერთად "საბავშვო ემთივი"-ს გამარჯვებულია, არ გიჩნდებათ კითხვა, რა დაემართა მას?

- და რა ზეწოლა მიმდინარეობს ანიზე?

- მე ვფიქრობ, რომ თავიდან ხელი მართლა ყელმა შეუშალა და მერე დაემატა ფსიქოლოგიური წნეხი. აბა, სხვა რა ჰქვია, როცა პირდაპირ უთითებ, არ ვარგიხარო.

ანი:

- როდესაც კონცერტამდე ხუთი წუთით ადრე ჟიურის წევრი გეტყვის, დღეს შენ ვერ იმღერებო, როგორ უნდა იმღერო? გიორგი უშიკიშვილთან ერთი კვირის განმავლობაში რეპეტიციას გავდიოდი და სულაც არ იყო დაძაბული სიტუაცია. მე ვიტყოდი, რომ ფოლკლორის ტურში საუკეთესო გამოსვლა მქონდა და ის პირველი ადგილი მეკუთვნოდა. ერთი კვირა გავდიოდი რეპეტიციებს ცეკვაში, რაჭველი ქორეოგრაფი მასწავლიდა და მე მგონი,მან უკეთ იცის რაჭული როგორ იცეკვება.

ნინო:

- არ ვიცი, შეიძლება ვიღაცები ამას ვერ აცნობიერებენ, მაგრამ ბევრი ხვდება, რომ ანის თავს რაღაც ხდება.

- გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ვერ ვხვდები, რაში უნდა სჭირდებოდეს მარინა ბერიძეს ანისთან დაპირისპირება? იქნებ გესაუბრათ და გეკითხათ მისთვის, რა ხდება...

- არა, მე მარინა ბერიძესთან არასოდეს ვისაუბრებ, ამ ქალბატონს იმდენად დიდ პატივს ვცემდი, მიყვარდა და მჯეროდა მისი, რომ არ მინდა, კიდევ მეტკინოს გული.

ანი:

- სცენაზე სულ სხვა კომენტარს მიკეთებს და მერე ბუფეტში შემოდის და მკოცნის, ყოჩაღო, მეუბნება. მუსიკის პედაგოგ მანანა მორჩილაძეს არაფერს ვერჩი, მშვენიერი ქალია.

ნინო:

- ჩვენ არც მონაწილეებს ვერჩით, ყველას თავის სტილი და სიმღერის მანერა აქვს. და კიდევ "სამარცხვინო სამეული", როგორც მარინა ბერიძე ამათ უწოდებს, მგონი არც ერთი არ არის.

ანი:

- ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მგონი ნათია დუმბაძემ ბოლო ტურში ბევრზე კარგად იმღერა.

ნინო:

- არც იაგოს ნომერი იყო ცუდი და ადამიანების ასეთი შეურაცხყოფა არ შეიძლება. თუ ცუდები იყვნენ, როგორ მოხვდნენ პროექტში.

- ძალიან ბევრი ითქვა მესიჯების რაოდენობაზეც, ამბობენ, რომ ანის ახლობელები ძალიან ბევრს უმესიჯებენ.

- მინდა ერთი რამ აუცილებლად გავაჟღერო, არავითარი მაქინაცია არ არსებობს. ეს არის სახალხო პროექტი და ჩემი ხუთი-ათი ახლობელი თუ მივა და ბანკიდან ოფიციალურად თანხას გადარიცხავს, ეს მაქინაციაა?

ანი:

- მე მყავს ჩემი ფანკლუბი. როდესაც "ჯეოსელის" წარმომადგენელმა ირმა ცქიტიშვილმა ჩემი ფანკლუბის თავჯდომარე ანი ღონღაძე დაიბარა, მას დაავალა, არ გინდათ მესიჯების ცალ-ცალკე გაშვება, ყველა ფანს შეაგროვებინე და ერთი ნომრიდან გადააგზავნეთ, რომ კონტროლზე იყოს და იცოდეთ, რამდენი მესიჯი შევიდაო. ასეც იქცევიან ჩემი ფანკლუბის წევრები. იკრიბებიან და ზოგს ხუთლარიანი ლაი-ლაი მოაქვს და ზოგს ოცლარიანი. მერე ყველას ერთი ნომრიდან გზავნიან.

ნინო:

- მე მყავს ძალიან დიდი სამეგობრო წრე, უყვართ ეს ბავშვი და იციან, რა გაუკეთებია და რა შეუქმნია. აქედან გამომდინარე, მოსწონთ და უმესიჯებენ.

ანი:

- ძალიან ბევრი რაღაც ხდება ისეთი, რაც სცენისა და მაყურებლებს მიღმა რჩება. ელემენტარულს გეტყვით, როდესაც კონკურსანტები სიმღერის შემდეგ სცენიდან გავდივართ, ბუფეტში შევდივართ. იქ მსხდომი ადამიანები აბსოლუტურად ყველა მონაწილეს ტაშით ხვდებიან ჩემ გარდა, მე როგორც კი შევდივარ, სიჩუმე ჩამოვარდება ხოლმე.

- ვის გულისხმობ ამ ადამიანებში?

- "რუსთავი 2"-სა და "ჯეოსტარში" მომუშავეებს. ჯერ არ მომისმენია, რომ ამდენი ტურის განმავლობაში ერთხელ მაინც ეთქვათ, რა კარგად იმღერეო.

- ქალბატონო ნინო, მიგაჩნიათ, რომ ანის მიმართ აგრესია მხოლოდ სმს-ლიდერობამ გამოიწვია?

ნინო:

- ამას დანამდვილებით გეუბნებით. მარინა ბერიძემ სხვისი პირით შემომითვალა, ჯობია მესიჯების რაოდენობამ დაიკლოს, ხალხი ღიზიანდებაო.

ანი:

- ერთს გეტყვით, როდესაც მარინა ბერიძემ სცენაზე ცუდი კომენატარი გამიკეთა, ზუსტად ვიცი, რომ ამის შემდეგ ჩემს მესიჯებს 309 ხმა მოემატა.

- ხალხი იმასაც ამბობს, რომ ანის წინსვლაში მდიდარი ბიძა ეხმარება, რომელიც ერთ-ერთი საწარმოს დირექტორია...

ნინო:

- თქვენ ალბათ ჩემს დეიდაშვილზე ამბობთ, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობს თბილისში და ავსტრიაშია. ეს პიროვნება დღემდე ჩვენზე განაწყენებულია, რადგან პირველი ის იყო წინააღმდეგი, რომ ანი "ჯეოსტარში" შესულიყო. მე ეს პიარისთვის კი არა, ბავშვის გამოცდილებისთვის მჭირდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან გამიბრაზდა. მითხრა, ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს გულდაწყვეტილი დარჩებიო.

- თქვენ მითხარით, რომ რაღაც მოხდა ბოლო კონცერტის შემდეგ და აუცილებლად უნდა მოგეყოლათ. რას გულისხმობთ?

- როდესაც ბავშვმა სიმღერა დაამთავრა და ბოლოს ანი, იაგომ და ნათიამ, როგორც მარინამ მათ უწოდა, სამარცხვინო სამეულმა პირველი ადგილები გადაინაწილეს, მარინა თავს ვეღარ აკონტროლებდა და ყველას მიმართ აგრესია გამოხატა. ყველაზე დიდი რისხვა ანიზე წამოვიდა, რადგან პირველ ადგილზე იყო, ბავშვი კულისებში კარადაში შეძვრა და მირეკავდა, ამოდი, კარადაში ვარ და ჩამომიყვანეო.

ანი:

- მესმოდა, რომ ამბობდა, რა ფულებსაც ხარჯავს, წავიდეს და ორმოცი კლიპი გადაიღოსო.

ნინო:

- მარინას სიტყვებს გავიმეორებ, რომ ამბობს, ჩემი შვილები და შვილიშვილები რომ ვერ მღერიან თავი მოვიკლა? უკაცრავად, მაგრამ მარინა ბერიძე მომღერალია და ეთერ ჭელიძეა?.. ძალიან გულნატკენი ვარ.

ანი:

- ჩემთვის ძალიან ძნელია სცენაზე დგომა და იმის ცოდნა, რომ რაც უნდა გავაკეთო, მაინც არ შემაქებენ. არადა, უამრავი ხალხი მგულშემატკივრობს. რა გავაკეთო, "კურიერში" ვთქვი, არ დამიმესიჯოთ-მეთქი, რადიოს ეთერშიც ვთქვი და ახლა თქვენთანაც ვამბობ, არ დამიმესიჯოთ.

- ჟიურის სხვა წევრებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- კიდევ ერთხელ გეუბნებით, ადამიანზე, რომელიც სცენაზე გასვლამდე ხუთი წუთით ადრე გეტყვის, შენ დღეს ვერ იმღერებო, რა უნდა ვთქვა? დერეფანში ვიდექი და სცენაზე ვეღარ გავდიოდი. მერე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა გოგონამ მითხრა, გადი სცენაზე, თორემ ეთერი ჩაგვეშლებაო. ოღონდ ეს მარინას არ უთქვამს, სხვამ მითხრა.

- ლანა ქუთათელაძეს გულისხმობ? ქალბატონ ლანას რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?

- არ ვიცი, ვის რა ინტერესი აქვს. ჩემი აზრით, არანაირი ინტერესი არ უნდა ჰქონდეთ. უბრალოდ დააფიქსირეს თავიანთი აზრი და მორჩა.

ნინო:

- იცით, რა შთაბეჭდილება მრჩება? ალბათ ჩემი შვილი, როგორც ქალბატონმა მარინამ უწოდა, შოუსთვის საჭირო ელემენტი იყო.

ანი:

- თუ ეს სმს-კონკურსია და გვეუბნებიან, რომ საკუთარი თავი მაქსიმალურად უნდა დავარეკლამოთ და ხმები მივიღოთ, მერე ამისთვის პასუხი უნდა გვაგებინონ, რადგან წამყვან ადგილებზე ვართ? მაგრამ იცით რა არის, მე თუ სულ ასე პირველ ადგილზე ვიქნები და შოუ ასე გაგრძელდება, შეიძლება გამარჯვებულიც გავხდე, მაგრამ არანაირად არ მინდა. ბევრ ადამიანს არ მივაჩნივარ სუსტ მომღერლად და ვისაც სუსტი მომღერალი ვგონივარ, არ მაქვს სურვილი იმ ადამიანმა შემაფასოს და იმ კონკურსს ვიგებდე, რომლის ჟიურიც ასე ფიქრობს.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება