პოპულარულმა ამერიკელმა რეპერმა, მომღერალ ბიონსეს ქმარმა, რომელმაც მსოფლიოს რიანას ვარსკვლავი აღმოუჩინა, ახალი კონტრაქტი გააფორმა ნორჩ მომღერალთან, მსახიობ უილ სმიტის ქალიშვილ უილოუ სმიტთან და მათი თანამშრომლობა უკვე წარმატებული აღმოჩნდა - გოგონას პირველი კლიპი ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასე რომ, Jay-z-ის კიდევ ერთი პროექტი აღმოჩნდა წარმატებული.
- თქვენ წარმატებული რეპერი და პროდიუსერი ხართ, თუმცა თქვენს შემოქმედებაში ბევრი სხვა სტილიც არის. მაინც რა მიმართულებას ამჯობინებთ?
- გადამეტება ყველაფერში ცუდია, ასევეა მუსიკაშიც. აუცილებლად უნდა შეინარჩუნო მრავალფეროვნება. ჰაუსსაც აქვს არსებობის უფლება, რიტმენბლუზსაც, ამიტომაც ვცდილობ, მრავალფეროვნება ჰიპ-ჰოპის შიგნითაც შევინარჩუნო.
- თუმცა კარიერის დასაწყისში მხოლოდ რეპი გიტაცებდათ?
- უბრალოდ, მინდოდა, შემოქმედებითად გამომეხატა საკუთარი თავი. ჩემი კარიერის დასაწყისში რეპზე ვიყავი გადართული, მაგრამ როცა გამოცდილება შევიძინე, სულ სხვა რამეებმა გამიტაცა და ერთხელაც მივხვდი, რომ მუსიკას ვშორდებოდი. როგორც იცით, იმ პერიოდში სხვადასხვა გაუგებრობაში მოვხვდი და მეჩვენებოდა, რომ მუსიკა იყო საშუალება, გავქცეოდი იმას, რაც გარშემო ხდებოდა, ახალ დონეზე გავსულიყავი. მინდოდა, რომ ის ახალი, რასაც ვაკეთებდი, ჩემს ახალ კარიერად, ბიზნესად ქცეულიყო. ვერ ვიტყვი, რომ სუპერვარსკვლავად ქცევა მინდოდა, უბრალოდ მსურდა, რომ სამსახური მქონოდა. ჩემს პირველ ალბომს ქუჩის კლასიკაც კი უწოდეს, მაგრამ მუსიკალურად არ ყოფილა წარმატებული.
- ამბობთ ხოლმე, რომ ალბომი Blueprint ყველაზე მეტად გიყვართ, რატომ?
- ამ ალბომზე საუბრისას მაშინვე მახსენდება ჩემი მშობლები, მთელი დღეები რომ ატრიალებდნენ მუსიკას სახლში, სტუმრებს იწვევდნენ და წვეულებებს მართავდნენ. საერთოდ, ჩვენი სახლი ყოველთვის სტუმრიანი იყო. დედა მაშინაც უსმენდა მუსიკას, როცა სახლს ალაგებდა და ამიტომაც სტივ უანდერის, პრინსის, მაიკლ ჯეკსონის სიმღერები ბავშვობიდან კარგად იყო ჩემთვის ნაცნობი. სახლში მუსიკის დიდი კოლექცია გვქონდა, რომელსაც ყოველთვის მახსენებს ამ ალბომის ბგერები. ეს ის ემოციებია, რომლებიც ჩემი ჩრდილი იყო, სანამ ვიზრდებოდი.
- თაყვანისმცემლებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებთ. ამბობენ, რომ თქვენი ერთობლივი პროექტი მზადდება Coldplay-სთან...
- დიახ, გადავწყვიტეთ, რომ ცუდი არ იქნება, თუ ერთად ჩავატარებთ კონცერტს. მაგრამ საერთოდ, ბევრ სიურპრიზს ვამზადებ. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ ერთხელ უკვე ჩავწერეთ ერთად ტრეკი ჩემი 2006 წლის ალბომისთვის. მერე ბიჭების ტურში მივიღე მონაწილეობა, კრის მარტინმა კი ამას წინათ ჩემს კონცერტზე იმღერა. მოგვეწონა. გადავწყვიტეთ გავიმეოროთ. ხომ იცით, კარგი რამეების გამეორების სურვილი გიჩნდება. თაყვანისმცემლებს ბევრ სიურპრიზს ვუმზადებთ: ჩვენი კონცერტი უშველებელ, 19-მეტრიან ეკრანზე იქნება დემონსტრირებული, რომელიც ლას-ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროზე განთავსდება. მაგარი იქნება!
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)