სიმაღლისა და ჭექა-ქუხილის შიში მსახიობ ქეთი ასიათიანის დაუმარცხებელი ფობიებია. მიუხედავად ამისა, მთელი საუბრიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ მსახიობს საკუთარი განცდებისა და ემოციების კონტროლი კარგად შეუძლია...
- ფობიების ხსენებისას უპირველესად სიმაღლის შიში მახსენდება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ შიშის კონტროლი და მისი დაძლევა შემიძლია. ზაფხულში მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ბათუმში ვიყავი. ბევრი დარწმუნებისა და ჩემი ვაი-ვაგლახის შემდეგ, მათთან ერთად ეშმაკის ბორბალზე დავჯექი. სანამ ბორბალი მწვერვალამდე ავიდა, ფსიქოლოგიურ ტრენინგს ვიტარებდი და გულში ვიმეორებდი, არ მეშინია, არ მეშინია-მეთქი. მწვერვალზე ასულს, შიში მთლიანად მომეხსნა. საოცარი თვითკმაყოფილებისა და სიამოვნების განცდა გამიჩნდა, ალბათ იმიტომ, რომ ეს შიში გადავლახე.
- ახლა თერთმეტ სართულიანი სახლის აივნიდან გადახედვა შეგიძლია?
- არა, ამას თავისუფლად ახლაც ვერ გავაკეთებ. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ მშიშარა ვარ და "ფობიომანიები" მჭირს. დახურული სივრცის შიში არ მაქვს, შესაბამისად, არც ლიფტით მგზავრობის მეშინია, მაგრამ ყოფილა მომენტი და დავფიქრებულვარ, ახლა რომ გაჩერდეს, რა დამემართება-მეთქი და მაშინვე პანიკა ამიტანს. მაგრამ შეიძლება მეორე წუთს, პირიქით ვიღაც დავაწყნარო და მდგომარეობიდან გამოვიყვანო.
- მწერების შიში, ანუ ენტომოფობია თუ გაქვს და ქიროპტოფობია, ანუ ღამურების შიში?
- ერთხელ კოჯორში ვისვენებდი და უამრავი ღამის პეპელა რომ დავინახე, თავიდან მეუცხოვა და ცოტა უსიამოვნო შეგრძნება გამიჩნდა, მაგრამ მერე მათთან ერთად ცხოვრებას შევეგუე. კალია უფრო მეზიზღება, ვიდრე მეშინია. რაც შეეხება ღამურას, წელს ზაფხულში სახლში შემომიფრინდა. ფარდაზე მიწებებული იჯდა. ოთახის კარი გამოვკეტე და დაველოდე მეუღლეს. მარტო რომ ვყოფილიყავი და ჩემი მეუღლის იმედი არ მქონოდა, ალბათ იმ ოთახში საერთოდ არ შევიდოდი. ღამურის დანახვა არ მსიამოვნებს, მაგრამ არაადეკვატური არ ვხდები, არ ვიტყვი - იქ არ შევალ და არ დავიძინებ. მსგავსი რაღაცები არ მახასიათებს.
- მუსიფობია, ანუ თაგვებისა და ვირთხების მიმართ შიში გჭირს?
- თაგვების ბავშვობიდან არ მეშინია. მახსოვს, ბაბუა ხაფანგს აგებდა და თაგვებს იჭერდა. დილით თაგვები წელში გადატეხილები გვხვდებოდნენ, ამიტომ ამასაც შეგუებული ვიყავი.
- ორნითოფობია, ანუ ჩიტების შიში?
- არანაირი ფრინველის მიმართ შიში არ მაქვს. პატარაობისას, საახალწლოდ ბაბუაჩემს სახლში ქათმები მოჰყავდა და კლავდა. ამ პროცესს ვუყურებდი და სიბრალულის განცდა მქონდა. ახლაც სულ მეცოდებიან ეს "ტიპები" (იღიმის). ჰო, ახლა გამახსენდა, ვინც მიცნობს, ეს ყველამ იცის და ვინც არა, ალბათ გაეცინება, რომ საოცრად მეშინია ელვის. ჭექა-ქუხილის იმდენად არ მეშინია, რამდენადაც ელვის - როცა ცა ნათდება. ვცდილობ გამოვიკვლიო, ეს პანიკური შიში რატომ და რის შემდეგ გამიჩნდა, მაგრამ დღემდე ახსნა ვერ მოვუძებნე. როცა ჭექა-ქუხილი და ელვაა, აბაზანაში შევრბივარ და ვიმალები.
- რიცხვებისა და დღეების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ამას ყურადღებას არ ვაქცევ. არც იმას, როცა ამბობენ, სახლიდან გასული უკან თუ შებრუნდები, ის დღე წარუმატებლად ჩაივლისო. ჩემს შემთხვევაში პირიქით ხდება. მეტსაც გეტყვით, ჩვენი პროფესიის ადამიანებმა იციან, ის რვეული თუ დაგივარდა, სადაც პიესა გიწერია, სადაც უნდა იყო, მაშინვე რვეულს უნდა დააჯდე, თორემ იმ როლს ვერ ითამაშებო. რამდენჯერმე ასეც მოვიქეცი, ერთხელ - არა, მაგრამ ის სპექტაკლი არაჩვეულებრივად ვითამაშე.
- სალომე ყანჩელს დავარდნია რვეული რუსთაველის თეატრთან გადასასვლელზე, ტრადიციას არ უღალატა და მაშინვე რვეულზე დაჯდაო...
- ჰო, არაერთი ასეთი ფაქტია ცნობილი.
- კინოფობია, ანუ ძაღლების მიმართ შიში გაქვს?
- საოცარი რაღაც მჭირს, ქუჩის ძაღლების არ მეშინია, მაგრამ ხშირად შემშინებია ისეთი ძაღლების, რომლებიც პატრონებს მოჰყავთ. არადა ეს სისულელეა, ქუჩის ძაღლების რატომ არ უნდა გეშინოდეს?! აი, კატა არ მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი და განსხვავებული ცხოველია, მაინც არ ვისურვებდი მას სახლში. სხვათა შორის, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან მიყვარს კატის განსახიერება. ეტიუდებისას კატისებრთა ოჯახს ძალიან ხშირად მივმართავდი.
- აგორაფობია, ანუ სივრცისა და ბრბოს შიში?
- არა, ვერ გეტყვით, რომ, როცა ბევრ ხალხს ვხედავ, პანიკა მემართება, თუმცა ბრბოში ჭყლეტის შემთხვევები ხშირია და როცა ასეთ კადრებს ტელევიზიით ვუყურებ, ძალიან მეშინია. ახლა გამახსენდა ჩემი ერთი ფობია, რომელიც ალბათ სამოქალაქო ომის პერიოდიდან მომყვება. იმ ხანად მანიაკებზეც ხშირად ლაპარაკობდნენ და დღემდე, სადარბაზოში ისე არ შევდივარ, თუ ვითარებას არ ვაკონტროლებ. თუ ქუჩაში ვიღაც ჩემს უკან მოდის, აუცილებლად ფეხს შევანელებ, რომ ჩაიაროს, სადარბაზოში შესული აქეთ-იქით თვალს მოვავლებ და მერე უნდა მიყურო, როგორ ავრბივარ კიბეზე (იცინის). კიდევ მიწისძვრის მეშინია. ერთხელ მიწისძვრისას მე და ჩემი ძმა საყრდენ კედელს ავეკარით, უფრო სწორად, ირაკლი კედელს ჩააფრინდა და მე ჩემს ძმას. ამ დროს ბაბუაჩემი მოდის ოთახში ნელი სვლით, აუღლევებელი სახით იღებს სიგარეტს და უკიდებს. ჩვენი პანიკა და ბაბუას საქციელი საოცრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მისმა შინაგანმა სიმშვიდემ გამაოცა (იცინის).
- სიჩქარისა და ფრენის შიშზე რას გვეტყვი?
- საშინლად არ მიყვარს, როცა მანქანით ჩქარა დადიან და "გონკაობენ". ეს ქორწილებში ხშირად ხდება და ამგვარი რისკთან დაკავშირებული ხუმრობები არ მიყვარს. რაც შეეხება ფრენას, მეგონა პანიკა დამემართებოდა, მაგრამ თვითმფრინავში შიშის გრძნობა არ გამჩენია.
- დაბოლოს, გერონტოფობია, ანუ დაბერების შიშიც არსებობს...
- ეს შიში ალბათ მეტ-ნაკლებად ყველას აწუხებს. ნამდვილად არ მინდა დორიან გრეის პორტრეტი აღმოვჩნდე, მაგრამ ყოველთვის მექნება სურვილი ფორმაში ვიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ასაკს ყოველთვის თამამად ვაღიარებ. მინდა წლების მატებას აუღელვებლად შევხვდე, რადგან რეალობა გარდაუვალია და ყველანი მოკვდავები ვართ (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)