თბილისის მოდის კვირეულის კულუარები

თბილისის მოდის კვირეულის კულუარები

თბილისის მოდის კვირეულმა შვიდთვიანი შესვენების შემდეგ სტარტი "გრატო პასაჟის" ნახევრად დასამთავრებელი შენობის კედლებში 20 ნოემბერს აიღო. როგორც უკვე იცით, თბილისის კვირეულს წინ საქართველოს მოდის კვირეული უსწრებდა, სადაც მაყურებელმა უამრავი კოლექცია ნახა. ქართული მოდის წარმომადგენელთა კოლექციების ხუთდღიანი თბილისური საფუძვლიანი შეთვალიერების შემდეგ იქ მყოფი საზოგადოება ერთ დასკვნამდე მივიდა - კარგი იქნება, თუკი ეს ორი მოდის კვირეული გაერთიანდება და იქნება გარკვეული ფილტრიც დიზაინერებისთვის, რადგან არ შეიძლება, ყველა მსურველს მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი კოლექციები პრესტიჟულ მოდის კვირეულზე გამოფინოს. თეონა თავართქილაძე კვირეულებს მიესალმება, მაგრამ ისიც, სხვების მსგავსად, ფიქრობს, რომ ორი კვირეული უნდა გაერთიანდეს, ისევ და ისევ ხარისხის მისაღწევად.

ჩვენების ადგილი წინა მოდის კვირეულისგან განსხვავებით რომ წარუმატებლად იყო შერჩეული, ეს ფაქტია. როგორც ჩანს, კვირეულის ორგანიზატორებმა იფიქრეს, რომ ცემენტიანი კედლები პოდიუმს რომანტიკულ ელფერს შესძენდა, მაგრამ ეს ამოცანა კარგად იქნებოდა შესრულებული, პოდიუმი რაიმე შენობის ნანგრევებში რომ მოწყობილიყო, გასარემონტებელი შენობა კი არა გვგონია, ჩვენებების მოსაწყობად კარგი იყოს. მეორე მხრივ, ორგანიზატორების მიერ "გრატო პასაჟის" ეზოში გაწყობილი ტენტი სულ სხვა შთაბეჭდილებას ტოვებდა და იქ მიმდინარე ჩვენებაც ჩვენებად აღიქმებოდა.

წინა თბილისის მოდის კვირეულის მსგავსად, ამა თუ იმ ჩვენებაზე ცნობილი სახეების დეფიციტი იგრძნობოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ორგანიზატორები არ მიიჩნევენ საჭიროდ პოპულარული სახეების დაპატიჟებას, ასე რომ, ის, რაც ამგვარ კვირეულებს ლამაზ ელფერს სძენს, ვგულისხმობ კარგად ჩაცმულ სახეებს, ამ ღონისძიებას აშკარად აკლდა.

რაც შეეხება ჩვენებებს - პი­რველ დღეს ატელიე "10ა"-მ, ანუ თეონა თავართქილაძემ და იკა ბობოხიძემ საკუთარი კოლექცია წარმოგვიდგინეს და მწვანე, კობალტისფერი და ღია ყავისფერი მთავარ ფერებად აარჩიეს. მათ წელში გამოყვანილი კაბები და უსახელო პიჯაკები შემოგვთავაზეს. მოსკოვში მოღვაწე დიზაინერი ლიკა ალადაშვილი, რომლის მომსახურებით თურმე ქეთა თოფურია სარგებლობს, ორ­იგინალური კოლექციით წარდგა და მოდელებს სახე მაქმანებიანი ვუალებით დაუფარა, შეკრებილების უმეტესობას ძალიან მოეწონა აქ გამოყენებული ფე­ხსაცმელები, რომლებიც მე­ტალებით იყო დამშვენებული. ამავე დღეს ვნახეთ ნინო კაჭარავასა და დათუნა სულიკაშვილის ჩვენებებიც. ამ უკანას­კნელმა, როგორც სჩვევია ხოლმე, საინტ­ერესო სანახაობა შემო­გვთავაზა, მისი ჩვენება რკინიგზელთა სახლში გაიმართა, თუმცა დამსწრეები არასაკმარის გა­ნათებას უჩიოდნენ. მთ­ლიანობაში კოლექცია მაინც დადებითად შეფა­სდა.

მეორე დღეს ეპატაჟურობით განთქმული ბიჭოლას ჩვენება გველოდა და უნდა აღინიშნოს, რომ თავის ამ თვისებას ახალგაზრდა დიზაინერმა არც ამჯერად უღალატა, საკმაოდ ორიგინალური მაღალი ვარცხნილობებით გამოიყვანა მოდელები, რომელთაც ძირითადად, მოკლე, წელში გაფართოებული კაბები ემოსათ, ბოლოს კი ამ ვარცხნილობებში წითელი ლენტი გაუყარა პოდიუმზე გამომსვლელებს და ერთი-მეორის მიყოლებით ასე გადაბმულები გამოატარა, რისთვისაც აპლოდისმენტები დაიმსახურა.

შემდეგი მატერია იყო, რომელმაც, სიმართლე გითხრათ, ნეიტრალური დამოკიდებულება გამოიწვია დამსწრეთა შორის, რასაც ვერ ვიტყვით ნინო აბესაძის ჩვენებაზე, სადაც რასთან რა ფერი იყო შეხამებული, ვერავინ გაიგო. მოკლედ, თბილისში ახალგაზრდა დიზაინერს ჩანაფიქრს ვერ მიუხვდნენ, თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კოლექცია ტექნიკურად არცთუ კარგად იყო შესრულებული და დიზაინერს მეტი დაფიქრება მართებს, როცა მომავალში პოდიუმზე კოლექციის გამოტანას დააპირებს. მოდის სახლმა "ატარემ" თავისი პირველი კოლექცია სწორედ თბილისის მოდის კვირეულზე გამოფინა, თეთრ და კრემისფერ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ასევე ნეიტრალურ დამოკიდებულებას იწვევდა, თუმცა საკმაოდ კარგი მიგნება იყო ნაჭრით დაწნული სამხარეები, რომლებიც სამოსს ერთი-ორად ალამაზებდა და ორიგინალურობას სძენდა.

მესამე დღეს გვანცა ჯანაშიას, მა­რიკა კენჭაძისა და მანანა ანთელიძის ჩვენებები ვიხილეთ. ამ უკანასკნელმა კოლექციაში მწვანე და ყავისფერი, ასევე წითელი გამოიყენა, აფრიკულ მოტივებზე შექმნილი სამოსი, შესაბამისი თავსაბურავებით, ყველაზე მეტად უცხოელმა კრიტიკოსებმა მოიწონეს და ერთ-ერთმა მათგანმა თქვა კიდეც, რომ მანანა ანთელიძე არის დიზაინერი, რომელიც სხვაში არ შეგეშლება. მესამე დღე ნინო ჩუბინიშვილის წარმოდგენით დაიხურა, რომელსაც ჩვენებას ვერ დავარქმევთ, ჩუბიკამ, როგორც დიზაინერს მოიხსენიებენ, თავისი კოლექცია პროექტორის საშუალებით წარადგინა, რის გამოც საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ნინო ჩუბინიშვილი ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა სახელია ქართული მოდის სფეროში.

მეოთხე დღეს ანა ჩანგიანისა და თამარ ნადირაძის, ასევე მურა მოსოს კოლექციები ვიხილეთ, შემდეგი კი სალომე ამანათაშვილი იყო, რომელმაც გრძელი თხელი კაბები, მოსაცმელები და ულამაზესი ბეწვის ჟილეტები წარადგინა. სალომეს ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ მის კოლექციას ყოველთვის კარგი ჩანთები ამშვენებს და ახლაც ასე იყო. შემდეგი ჩვენება კი, რომლის შესახებაც უნდა მოგიყვეთ, გამართა გიორგი შაღაშვილმა, რომელიც დანიაში ცხოვრობს, მაგრამ როგორც დიზაინერი, პირველმა სწორედ თბილისის მოდის კვირეულმა აღმოაჩინა.

გიორგი შაღაშვილის კოსტიუმები, მთლიანად შავი ფერის, შარვალი, რომელიც ქურთუკად პოდიუმზევე გადაკეთდა, უდავოდ საინტერესო იყო, მაგრამ ჩვენება იმდენად შემზარავი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა, რომ უამრავმა ადამიანმა დატოვა და­რბაზი. შესაძლოა, დიზაინერი სწორედ ამ შემზარავობაზე აკეთებდა აქცენტს, თუმცა ამ მუსიკის გაძლება ახალგაზრდებისთვისაც კი რთული აღმოჩნდა, ხანში შესულ ადამიანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

თბილისის მოდის კვირეული 25 ნოემბერს დასრულდა - ჯერ ახალბედა დიზაინერების ჩვენება გაიმართა, სადაც 18-მა მოდელიერმა საკუთარი კოლექციები წარადგინა, შემდეგ კი ჟიურიმ მათ შორის ორი აარჩია და 5000 ლარი გადასცა. ბოლოს ვნახეთ უტა ბექაიასა და თამუნა ინგოროყვას კოლექციები. ამდენი ჩვენების შემდეგ თამუნას ჩვენებაზე მართლაც დავისვენეთ და თვალს წყალი დავალევინეთ, მისი თხელი სიფრიფანა წითელი თუ ლურჯი კაბები, წინ მოკლე და უკან გრძელი, კარგად კონსტრუირებული პიჯაკები და ერთი სიტყვით, ძალიან გემოვნებიანი კოლექცია იმის იმედს აჩენს, რომ ქართულ მოდას ჰყავს რამდენიმე ძლიერი სახე, მათ შორის კი უდავოდ ერთ-ერთი თამუნა ინგოროყვაა.

თბილისის მოდის კვი­რ­ეულის ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს შემდეგ კვირეულზე ფიქრი, რომელიც ექვს თვეში გაიმართება. მთლიანობაში ორგანიზების თვალსაზრისით ამ ღონისძიებას არანაირი სერიოზული პრობლემა არ ჰქონია, თუმცა არ შემიძლია, ყურადღება არ გავამახვილო იმაზე, რომ ჟურნალისტებისთვის დასაჯდომი ადგილის გამოძებნა ყველანაირი ღონისძიების ორგანიზატორებისთვის რატომღაც სულ პრობლემაა. იმედია, გა­ითვალისწინებენ, რომ სტატიის დასაწერად კოლექციების ნორმალურად ნახვა და პრესისთვის სამუშაო პირობების შექმნა აუცილებელია, რაც, თუკი პრესისთვის მოწყობილ კუთხეს ნახავდით "გრატო პასაჟში", თავადაც მიხვდებოდით, რომ ამ მოდის კვირეულზე პრიორიტ­ეტული ნამდვილად არ ყოფილა.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება