ჯგუფ "პინკ-ფლოიდის" ყოფილმა დრამერმა ნიკ მეისონმა (Nick Mason) ჯგუფთან ერთად დაკვრაზე უარი თქვა. ჯგუფს ძველი შემადგენლობით ერთ-ერთ პრივატულ საღამოზე უნდა დაეკრა. უარის მიზეზიც სწორედ ეს იყო. მუსიკოსმა ამის შესახებ გაზეთThe Independent-თან ისაუბრა.
მეისონმა განაცხადა, რომ ჯგუფის ხელახალი გაერთიანების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ ამის მიზეზი საკმაოდ უხეიროდ შეარჩიეს. თავდაპირველად ღონისძიების ორგანიზატორად რომელიღაც საქველმოქმედო ორგანიზაცია გამოვიდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ კონცერტი მედიამაგნატის ჯეიმს გოლდსმიტის (James Goldsmith) ქალიშვილის, ჯემაიმა ხანის (Jemima Khan) სახელზე უნდა გამართულიყო.
"თავდაპირველად დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბომონდური წვეულება გლამურული გოგონებით საუკეთესო ადგილი არ არის ისეთი ეპოქალური მოვლენისთვის, როგორც ჯგუფ "პინკ-ფლოიდის" ხელახლა გაერთიანებაა", - განაცხადა მეისონმა.
დაგეგმილი ღონისძიება ბოლო 25 წლის განმავლობაში ჯგუფის მეორე გაერთიანება იქნებოდა. ჯგუფი კლასიკური შემადგენლობით (უოტერსი, გილმორი, მეისონი და რაიტი) 2005 წელს სიღარიბესთან ბრძოლისადმი მიძღვნილი შოუს, Live 8-ის ფარგლებში გაერთიანდა.
როჯერ უოტერსმა (Roger Waters), რომელიც ჯგუფის დამაარსებლად ითვლება, პინკ-ფლოიდი 1985 წელს დატოვა. 2008 წელს ჯგუფის პიანისტი რიკ რაიტი (Rick Wright) გარდაიცვალა. ასე რომ, ჯგუფის ნებისმიერი შემდგომი გაერთიანება არ შეიძლება სრულყოფილად ჩაითვალოს.
მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.