”ჯეოსტარის” კონკურსანტმა ანი სირაძემ, რომელიც გასულ ორშაბათს სმს-ლიდერი იყო, პროექტი დატოვა. ამის მიზეზად ანის ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებენ. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ანის წასვლა მარინა ბერიძისა და ანის ოჯახის დაპირისპირებას უკავშირდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ”ამბები.ge” ვითარების გარკვევას შეეცადა.
"კარგად ნამდვილად არ ვარ, თუმცა არც ფსიქიატიულში ვწევარ. ამას ვერ ეღირსებიან მარინა ბერიძე და ისინი, ვინ ცდილობენ, იქ მომახვედრონ. საერთოდ, ვიტყვი, რომ "ჯეოსტარში" ჩემი მონაწილეობა დიდი შეცდომა იყო. ჩემს გულშემატკივრებს კი დიდ მადლობას ვუხდი მესიჯებისთვის და იმისთვის, რომ მათი წყალობით, პირველ ადგილზე ვიყავი. მე სიმღერას გავაგრძელებ და ძალიან მალე ტელეეთერით მიხილავთ, ოღონდ ჯერ არ გეტყვით, რომელ არხზე", - განაცხადა ”ამბები.ge”-სთან საუბარში ახალგაზრდა შემსრულებელმა.
ანი სირაძის "ჯეოსტარში" მონაწილეობა არაერთხელ გამხდარა მითქმა-მოთქმის მიზეზი. ანის დედამ ნინო ელბაქიძემ განაცხადა, რომ "ჯეოსტარის" მონაწილენი და ჟიურის წევრები მის ქალიშვილს ფსიქოლოგიურ წნეხში აქცევდნენ.
"მარინა ბერიძემ ძალიან კარგად იცოდა, რატომ ვერ შეასრულა ანიმ კარგად სიმღერა. დაპირდნენ, გაციებული ყელით რომ გამოდიოდა, შეფასებისას ამას აუცილებლად აღნიშნავდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თან ის სამარცხვინო სამეული რომ დაასახელა, პატარა გოგონაა და გარკვეული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. მე მესმის მარინა ბერიძის პოზიცია, მაგრამ შენიშვნაც არის და შენიშვნაც", - განუცხადა ”ამბები. ge”-ს ნინო ელბაქიძემ.
"ყველამ კარგად იცის, რომ არ ვარ შაქარი და "საყვარელო" და "შენ შემოგევლეთი" არავის მივმართავ, - აცხადებს მარინა ბერიძე, - შენიშვნას ვაძლევ მათ, ვინც უკეთ მინდა გამოვიდეს სცენაზე და პროფესიულად გაიზარდოს. ანი ახლაც ძალიან მიყვარს, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, სწორედ ჩემი სურვილი იყო, რომ "ჯეოსტარში" ემღერა, თუმცა მისმა ყელმა ვერ გაუძლო და თქვენ კარგად იცით, რომ სიმართლის მოყვარული ადამიანი ვარ. ამას ბავშვებზე მეტად მშობლები ვერ იგებენ ხოლმე".
კიდევ ერთი საკითხი, რამაც ანი სირაძის დედა გაანაწყენა, მარინა ბერიძის განცხადებაა, რომ სმს-ებში ამდენი ფულის გადახდას ჯობია, ანიმ 40 კლიპი გადაიღოს.
ნინო ელბაქიძის თქმით, მარინა ბერიძემ სწორედ ასე მიმართა ანის: "პირდაპირ იძახდა, სირაძე, სირაძეო. ბავშვი კულისებში, ერთ-ერთ კარადაში დაიმალა და იქედან დამირეკა, ამოდი და ჩამიყვანე აქედანო".
"ეს ისეთი პროექტია, სადაც ბავშვები ყოველგვარი პროტექციისა და ფულის გარეშე ხალხის სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ. ანის რამდენიმე კლიპი აქვს გადაღებული, კარგად მღერის, მაგრამ ამჯერად ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა. ასეც ხდება ხოლმე", - აღნიშნა მარინა ბერიძემ.
ანის სირაძის მიერ პროექტის დატოვებაზე კომენტარი კომპანია "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირმა ცქიტიშვილმაც გააკეთა. რადიო "პალიტრასთან" საუბარში ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სირაძის გადაწყველებაზე გული ძალიან დაწყდა. ამასთან, დასძინა, რომ პროექტის რეიტინგი და პოპულარობა მხოლოდ ანიზე არ არის დამოკიდებული.
"ჯეოსტარი" არა მარტო ანის გამოა რეიტინგული, ხალხს პროექტი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით უყვარს და არა მგონია, ანის ეს გადაწყვეტილება პროექტის რეიტინგზე აისახოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, "ჯეოსტარი" საიმიჯო და არაკომერციული პროექტია და მერწმუნეთ, შემოსული სმს-ები ნამდვილად ვერ დაფარავს პროექტზე დახარჯულ თანხას", - განაცხადა ირმა ცქიტიშვილმა.
მალხაზ ჭკადუა