"ზოგიერთ დიზაინერს პირდაპირ ვეტყოდი, რომ არასდროს არ უნდა გამოიტანოს საკუთარი კოლექცია არც მოდის კვირეულზე და არც არსად"

"ზოგიერთ დიზაინერს პირდაპირ ვეტყოდი, რომ არასდროს არ უნდა გამოიტანოს საკუთარი კოლექცია არც მოდის კვირეულზე და არც არსად"

თბილისური მოდა ამ ბოლო დროს ახმაურდა, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას, რომელსაც ჯერ არც ერთი მოდის კვირეული არ ჰქონდა, ერთსა და იმავე დროს ერთბაშად ორი "ფეშენ ვიკი" შეემატა. წინა კვირას თბილისის რიგით მეორე მოდის კვირეული დასრულდა, მანამდე რამდენიმე კვირით ადრე კი საქართველოს მოდის კვირეული გაიმართა.

მოდის სფეროში საკმაოდ კარგად ჩახედული ქალბატონი დალი ჩიტალაძე, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში "ვერსაჩეს" მაღაზიაში მუშაობდა, მიიჩნევს, რომ ერთი მოდის კვირეული ასეთი პატარა ქვეყნისთვის სავსებით საკმარისია. ჩვენი რესპონდენტი აპირებს, საქართველოში მოდის პროფესიულ კრიტიკას ჩაუყაროს საფუძველი, რაც, მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარებისთვის.

- ერთხელ ვთქვი და ბევრჯერ გავიმეორებ, რომ ჩემი ძალიან დიდი სურვილია, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში უნდა გვქონდეს ერთი მოდის კვირეული, ისე, როგორც ეს ამერიკასა თუ საფრანგეთშია. ორი სათაური, ორი ახალი წელი და ორი მარინა ფერაძე ჩვენი მახასიათებელია, მაგრამ იქნებ, რამენაირად შევჯერდეთ ერთ კვირეულზე (იცინის). ის დიზაინერები, რომლებიც საქართველოს მოდის კვირეულზე ვნახე, აქაც ვიხილე. ასე რომ, ცოტა დავიბენი. ავთანდილსაც ვესაუბრე იმის შესახებ, რომ აუცილებელია, მოდის სფეროში პროფესიული კრიტიკა არსებობდეს და ვაპირებ, ამ საქმეს სათავეში ჩავუდგე. არ გვყავს მოდის კრიტიკოსები, საჭიროა, რომ ეს სფერო დაიფერთხოს. არ შეიძლება, ყველას ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ დიზაინერია.

- ალბათ ქვა რომ ააგდო, დიზაინერს დაეცემა თავში...

- (იღიმება) კარგია, რომ მოდის მიმართ დაინტერესება საქართველოში დიდია. გაიხსენეთ, ჩვენს ქვეყანაში სულ იყო ამ სფეროს მიმართ ინტერესი, ქართველი ქალი სულ კარგად ჩაცმული დადიოდა. არა უშავს, თავიდან, როცა სფერო განვითარებას იწყებს, ბევრი ნიჭიერი, მაგრამ ბევრიც ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი ჩანს, თუმცა აუცილებლად დაიფერთხება. გახსოვთ ის პერიოდი, ყველამ ბანკის გახსნა რომ დაიწყო? მაგრამ შემდეგ ხომ დალაგდა სიტუაცია? როცა ჯანსაღი კრიტიკა იარსებებს, ვითომ დიზაინერები დატოვებენ ამ სფეროს. შეიძლება, დაამთავრო სამხატვრო აკადემია, მაგრამ არ იყო დიზაინერი და არ გქონდეს ამისი ფანტაზია და ნიჭი. ხომ გინახავთ ძალიან განათლებული ადამიანი, მაგრამ უიღბლო, რომელიც საკუთარ განათლებას გასაქანს ვერ აძლევს?

- ჯანსაღი კრიტიკის გამოთქმის საშუალებას გაძლევთ. რა მოგეწონათ და არ მოგეწონათ ამ მოდის კვირეულებზე?

- როცა კოლექციას ამზადებ, უნდა იყოს აგებული გარკვეულ თემატიკაზე, უნდა იყოს დაცული ტენდენცია. ზოგს აქვს პრეტენზია, რატომ უნდა ავაგო ვიღაცის მიერ ნაკარნახევ ტენდენციაზეო, მაგრამ არსებობს მსოფლიო შეთანხმება მოდაში. წელს, მაგალითად, გათანამედროვებული 50-იანი წლების სამოსია მოდური. ამას მერე დიზაინერი ამატებს საკუთარ ხედვასა და ფანტაზიას. ყოველთვის ვცნობ ავთანდილს, თამუნა ინგოროყვას, მათ აქვთ თავიანთი ხელწერა. ავიღოთ ბიჭოლა - მისი ეპატაჟურობა მომწონს. ხელოვნებაში პროვოკატორი უნდა იყო.

- მაგრამ პროვოკაციასა და გოიმობას შორის ალბათ პატარა ზღვარია.

- ბიჭოლა არანაირად არ არის გოიმი. ზოგადად რომ ვისაუბროთ, რასაკვირველია, ძალიან მცირე ზღვარია. სწორედ ამას ვეძახი ინტუიციასა და ხედვას, რომ ეს ბეწვის ხიდი ისე გაიარო, არ გადავარდე.

რაც შეეხება მათ, ვინც არ მომეწონა - მესმის, რომ დღეს ქართველ დიზაინერებს ძვირფასი ქსოვილების შეძენის საშუალება არ აქვთ, რაც შექმნილი ნაწარმის ხარისხს აამაღლებს, მაგრამ რა ნაჭრებიც აქვთ, რთული კონსტრუქცია, რაღაც სიახლე მაინც დაგვანახვონ. არ მომწონს პლაგიატობა, ზოგადად ხელოვნებაში ეს მოსულა, მაგრამ ცოტა უნდა მოიპარო და ცოტა შენიც დაამატო, როცა პირდაპირ პლაგიატს ვხედავ, საშინლად არ მომწონს. სახელებსა და გვარებს არ დავაკონკრეტებ, თუ შევხვდები სადმე, პირადად ავუხსნი, მინდა ვნახო, კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ და მერე ვიფიქრებ მათი ვინაობის დასახლებაზე (იღიმება). მოდის მცოდნეები რომ შევიკრიბებით ოფიციალურად, ნამდვილად გავაკრიტიკებთ პირდაპირ. ჯანსაღი კრიტიკა არავის არ უნდა ეწყინოს, თუ გინდა, რომ განვითარდე, პროფესიონალების აზრი უნდა მოისმინო და მიიღო. ზოგიერთს, მაგალითად, პირდაპირ ვეტყოდი, რომ არასდროს არ უნდა გამოიტანოს საკუთარი კოლექცია არც მოდის კვირეულზე და არც არსად.

- დალი, რაც შეეხება მოდელებს, მათი სიარულის მანერა კრიტიკას ვერ უძლებს...

- აქაც დაიფერთხება სიტუაცია, გვყავს ბევრი პროფესიონალი მოდელი, 15-16 წლის კარგი გოგონები მოდიან, ტოპმოდელებიც მომწონს, მაგრამ ერთი-ორი ძალიან არ მომეწონა. თაკო ჩხეიძეს ვენდობი და ძალიან კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ მოდელების მხრივაც მგონი, ახლობლობის მომენტი მუშაობს, რაც ჯერჯერობით ვერ გადავლახეთ საქართველოში.

- იქნებ, გვითხრათ, რა არის მოდური წელს?

- ძალიან მოდურია ბევრი "პადიუპკიანი" ქვედაბოლოები, ასევე მაღალწელიანი შარვლები.

- რომლებიც ქართველმა ქალებმა ვერ მოვიხდინეთ.

- ნუ იტყვით ასე. გახსოვთ, რომ თავის დროზე დაბალწელიან შარვლებს არ იცვამდნენ, ახლა მაღალწელიანს ვერ იცვამენ (იცინის). იმას, რომ მოდის ტენდენცია გაითვალისწინო და შენს ტანზე მოირგო, ცოდნა უნდა. შეიძლება, სხვადასხვა დიზაინერის სამოსი აიღო და ერთმანეთს შეუხამო, ესეც ხელოვნებაა.

- თქვენი სტილი როგორ იპოვეთ?

- ადამიანს ალბათ გემოვნებაც, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, გენეტიკურად მოსდევს. გემოვნებას ვერ იყიდი, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ გემოვნებაზე დავობენ და მე ყოვეთვის ვდავობ (იღიმება)...

- დალი, ყველას რომ ბეწვის ჟილეტი აცვია, ამაზე რას იტყვით?

- ქართველებმა ვიცით ატაცება და ყველგან აცვიათ, მაგრამ ასე არ შეიძლება. მე სპეციალურად არ შევიძინე ბეწვის ჟილეტი, ისე გამოდიოდა, რომ ყველას ვემსგავსებოდი, მე კი მიყვარს, როცა განსხვავებული ვარ. შევიძინე ბეწვის ქურქი, რომელსაც ძალიან გამოსასვლელ ადგილას ვიცვამ ხოლმე. თუ ყინვები არ არის, ქურქს ყოველდღიურად არ ვატარებ.

- ბოლოდროინდელ მოდის კვირეულებზე თუ ნახეთ განსაკუთრებული გემოვნებით ჩაცმული ადამიანები?

- საკმაოდ ბევრი. თიკო სადუნიშვილმა ყოველთვის იცის, სად რა ჩაიცვას. ხომ ქართველი დიზაინერების ნამუშევრები აცვია? მაგრამ ყოველთვის გემოვნებიანია. დღეს, მაგალითად, თამუნა ინგოროყვას კაბა ეცვა და მოკლე პიჯაკი ჰქონდა მოცმული. ძალიან გემოვნებიანად აცვია ყოველთვის ავთანდილის მეუღლეს, ხათუნას, ასევე თამუნა ინგოროყვას. რაც შეეხება მამაკაცებს, მოდის კვირეულებზე მათი სიმცირეა და დამსწრე მამაკაცებს შორის ან ფოტოგრაფები არიან, ან დიზაინერები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო დათუნა სულიკაშვილი და კარგია, რომ არ გამომრჩა. მისი კოლექციები ყოველთვის თემატურია, დგამს შოუს, დათუნა ყოველთვის გამორჩეულია. ულამაზესი იყო საქართველოს მოდის კვირეულის გახსნა ავთანდილის კოლექციით. ვგიჟდები ასეთ რაღაცებზე (იღიმება). რაღაც მაჩვენე, დადგი...

- ნინო ჩუბინიშვილზე რას იტყვით?

- ის მოდას სცილდება, ხელოვნებაა, რაღაც კოსმოსურია. მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი არსებობს საქართველოში. აშკარად გამოიკვეთა რამდენიმე ნიჭიერი დიზაინერი, რომლებიც ამ ინტერვიუში ჩამოვთვალეთ. საკმაოდ საინტერესო იყო გიორგი შაღაშვილის კოელქცია, მაგრამ ძალიან ცუდად იყო დადგმული და არც მუსიკა ვარგოდა, ეს რომ ცოტა სხვანაირად დადგმულიყო, უფრო დასამახსოვრებელი სანახაობა იქნებოდა.

- უცხოურ მოდის კვირეულზე ყოფილხართ?

- რასაკვირველია, ნიუ-იორკისა და პარიზის მოდის კვირეულებზე ვარ ნამყოფი. ამერიკაში ეს დიდი ღონისძიება ნიუ-იორკში იმართება, საფრანგეთში პარიზში, იტალიაში მილანში და ა.შ. იქ მოხვედრა ძალიან რთულია დიზაინერისთვის, რაც უნდა ბევრი ფული გქონდეს, იქ არსებობს შესაბამისი ცენზურა და უნიჭო მათ პოდიუმზე ვერ მოხვდება. ძალიან მინდა, რომ ნიჭიერი ქართველ დიზაინერებს გარკვეული დაფინანსება ჰქონდეთ. დათუნა სულიკაშვილი ძალიან წვალობს, აუცილებლად სჭირდება სპონსორი.

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მოგახსენებდით - ვერსაჩესთან რადგან ვმუშაობდი, მოსაწვევი მქონდა. ძალიან ცნობილი სახეები იყვნენ დაპატიჟებული. გარდა ამისა, დიზაინერები მოდის კრიტიკოსებზე არიან დამოკდიებული და აინტერესებთ, როგორ შეაფასებენ, ეშინიათ მათი თითოეული სიტყვის. პარიზში ნამყოფი ვარ თავად ატელიე ვერსაჩეს კოლექციის ჩვენებაზე, როდესაც "ოტ კუტიური" წარმოადგინეს. ამის შექმნა ურთულესია, თითო კაბა 15 000-ზე ნაკლები არ ჯდება და შემდეგ ასი ათასად შეიძლება გაიყიდოს.

- საქართველოში ქმნის ვინმე?

- "ოტ კუტიურს"? მე არ მინახავს აქ, შესაძლოა, ვინმე ქმნის. ყველაფერი დაფინანსებაზეა დამოკიდებული. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სფერო წელში გაიმართება.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

თბილისური მოდა ამ ბოლო დროს ახმაურდა, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას, რომელსაც ჯერ არც ერთი მოდის კვირეული არ ჰქონდა, ერთსა და იმავე დროს ერთბაშად ორი "ფეშენ ვიკი" შეემატა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება