ირაკლი სანაია პრემიერისას ერთ ბილეთს გარდაცვლილი დედისთვის ყიდულობს

ირაკლი სანაია პრემიერისას ერთ ბილეთს გარდაცვლილი დედისთვის ყიდულობს

24 ნოემბერს მსახიობი ირაკლი სანაია 27 წლის გახდა. მაყურებელმა ის რეალური შოუ "დასის" მსვლელობისას გაიცნო. ამ პროექტის შემდეგ ის რუსთაველის თეატრის შტატში მოხვდა. მცირე ხნის წინ მსახიობი ახალი როლით გამოჩნდა სცენაზე - სპექტაკლში "ბენიამინი". ირაკლისვე მონაწილეობით კინოთეატრებში ქართული ფილმი "უშენოდ მგონი მოვკვდები" გადის. ირაკლი სანაიასთან გამოვლილ წლებსა და შემოქმედებით სიახლეებზე ვისაუბრეთ...

- მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე. ვმუშაობდი ბენზინგასამართზე, "სტაიანკაზე", მზესუმზირის პლანტაციიდან მზესუმზირას ვიპარავდი, ტომარას ვავსებდი და იმას ვაბარებდი. თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ჩემს მშობლებს ძალიან უჭირდათ და რადგან ფასიანზე მოვხვდი, თანხის გადახდა მე მიწევდა. რამაზ იოსელიანთან ვსწავლობდი, რომელმაც შემდეგ გორში წამიყვანა. გორის თეატრში სამი წელი ვმუშაობდი. რეალური შოუ "დასის" შესახებ ჩემი მეგობრისგან შევიტყვე, მითხრა, საბუთები ერთად შევიტანოთო. არ მჯეროდა, რომ საქართველოში ჩაწყობის გარეშე რამის მიღწევა შეიძლებოდა. უარი ვუთხარი, მაგრამ მაინც გავყევი. ჩემი მეგობარი ერთი საათის განმავლობაში ავსებდა "დასის" ანკეტას. ნერვები მომეშალა და ვიფიქრე, ბარემ მეც შევავსებ-მეთქი, ასეც მოვიქეცი. მეორე დღეს პროექტიდან დამირეკეს. მადლობა ღმერთს, რომ მოვხვდი და გავიმარჯვე. დავრწმუნდი, რომ რაღაცის მიღწევა ჩაწყობის გარეშეც შესაძლებელია.

თავს უფლებას მივცემ და რობერტ სტურუას სიტყვებს გავიმეორებ, რომელმაც მითხრა, ირაკლი, იცოდე შენი "ბალელშიკი" ვარო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. მერე ყველა დასელის წინაშე მითხრა, შენ გაიმარჯვებო... "დასში" გამარჯვების შემდეგ ბატონმა რობერტმა თავის კაბინეტში დამიბარა. ეს შარვალი გაიხადე და კისერზე რომ მძივი გიკეთია, მოიხსენიო. ამიერიდან შენი დიზაინერი ვიქნები და თუ ჭკვიანად მოიქცევი, რუსთაველის თეატრში დარჩებიო. მადლობა ღმერთს, ცხოვრებაში გამიმართლა, ხალხის წყალობითა და ბატონი რობიკოს დამსახურებით მესამე წელია რუსთაველის თეატრში ვარ. ამის შემდეგ ლევან თუთბერიძემ გადამიღო ფილმში "უშენოდ, მგონი, მოვკვდები", სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ. ვფიქრობ, კარგი ფილმი გამოვიდა.

- მაყურებელს შენი გმირის შესახებ უამბე...

- ფილმი აკა მორჩილაძის "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების" მიხედვით არის გადაღებული. ფაქტობრივად, ახალბედა მსახიობი ვიყავი, სცენისგან განსხვავებით ფილმში თამაში უფრო რთულია, რადგან ეკრანზე თვალებით "საუბარი" გიწევს. ძალიან გამიძნელდა მუშაობა იმ სცენებზე, სადაც ბატონ მიშა გომიაშვილს თავში უნდა წამოვარტყა, იარაღი ჩავარტყა და ა.შ. მისი ცემა ძალიან რთული იყო. მიშა მეხმარებოდა და მეუბნებოდა, ნუ გეშინია, ბიჭო, დამარტყიო! ყველა მეხმარებოდა იმაში, რომ რაღაც გამომსვლოდა. ფილმის გადაღების დასრულებამდე, ვფიქრობდი, რომ რაღაც ბოლომდე ვერ გავაკეთე. კამერასთან ისე ვერ იხსნები, როგორც სცენაზე და ალბათ ეს განცდა სწორედ ამიტომ მქონდა.

- ირაკლი, როცა შენს პერსონაჟს მეგობარს უკლავენ, ტირი. ეს სცენა მომეწონა - კარგად ტირი...

- ადრე სადაც ვცხოვრობდი, ის უბანი ნარკომანებით იყო სავსე. მივდიოდი და ვეკითხებოდი, როგორი განცდა იყო "ლომკა". წამლის გასინჯვას მთავაზობდნენ. მე ვერ გავსინჯავ, თქვენ მომიყევით-მეთქი. მათი მონათხრობიდან ყველაფერი კარგად გავიგე. ისინი ამ საქმეში პროფესიონალები არიან და დამანახვეს, როგორ სტკივათ და აღიზიანებთ ყველაფერი, როცა წამალი არ აქვთ. წამლის გამო გაყიდიან დედას, მამას, შვილსაც... ეს ძალიან ცუდია და შევეცადე ეს ყველაფერი ეკრანიდან გადმომეცა. როცა ჩემს გმირ მამუკას ძმაკაცს - დათუშკის უკლავენ, სრულიად უპატრონოდ რჩება. ამ ტრაგედიის შემდეგ მამუკა თავის ემოციებს ვეღარ მოთოკავს და ტირის. მითხრეს, თვალში რამეს ჩაგაწვეთებთ, რომ იტიროო, მაგრამ უარი ვთქვი. არაფერი მჭირდებოდა, შინაგანად შევეცადე, ყველანარი დახმარების გარეშე მეტირა. თვალში ჩაწვეთება სერიალებში ხდება ხოლმე (იღიმის).

- რაც შეეხება თეატრს, აქაც სიახლე გაქვს. რომელ სპექტაკლებში ხარ დაკავებული?

- მე რომ თეატრში მოვედი, ბატონმა რობერტმა დამაკავა "სალამურაში", სადაც ერთ-ერთი ვეზირის როლს ვთამაშობ. ვფიქრობ, ეს როლი ჩემი გამოცდა იყო და ყველანაირად ვცდილობდი იმ ხალხის იმედები გამემართლებინა, ვინც "დასის" დროს მგულშემატკივრობდა. კარგი არტისტების გვერდით მომიხდა მუშაობა, რომლებიც გვერდში დამიდგნენ. ამის შემდეგ სანდრო მრევლიშვილმა "კვერცხში" გამაკავა, სადაც კვლავ არაჩვეულებრივი მსახიობების გვერდით ვიდექი. ამის შემდეგ იყო სპექტაკლი "გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება", სადაც პატრულის როლს ვთამაშობ. აქვე მინდა ვახსენო რეჟისორი რამაზ ჩაჩანიძეც, რომელმაც გადაიღო მისტიკური თრილერი "სპამი". ამ ფილმის სპეცეფექტებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიდის მუშაობა და სულ მალე ეკრანებზე იხილავთ.

- და ახალ სპექტაკლს, "ბენიამინს" მივადექით...

- ჩვენი დასის მმართველი დავით უფლისაშვილი ყოველთვის მიდგას გვერდით და თუ კი რამ პროექტია, უნდა რომ ჩასვას. სწორედ მან წარუდგინა ჩემი თავი პოლონელ რეჟისორ ტომაშ ლეშჩინსკის, რომელიც "ბენიამინს" დგამდა. ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. პირადად მე პიესა არ მომწონს, აზრს ვერ გამოიტან, მაგრამ ჩემი კოლეგები ძალიან კარგად თამაშობენ. ფაქტობრივად, ეს არის ლურჯწვერა რაინდის ცხოვრება. რუსულად კარგი წასაკითხია, მაგრამ ქართულად ნაკლებად. თარგმანისას შევამცირეთ და რამდენიმე სცენა ამოვიღეთ. ვფიქრობ, ყველა მსახიობი იხარჯება და ვცდილობთ, მაყურებელს სიხარული ვაჩუქოთ.

- ირაკლი, ყველა მსახიობის საოცნებო თეატრში მუშაობ, ფილმებშიც გადაგიღეს. ამ ეტაპზე რა გრჩება საოცნებოდ?

- ეგ იგივეა, რომ მითხრა, შენი ოცნებები ამოიწურაო,. არა, არავითარ შემთხვევაში! საოცნებო როლებზე არ ვფიქრობ, ასეთები არც მაქვს, რადგან მუშაობა მინდა. ვითამაშებ ყველაფერში, რაც წარმატებას მომიტანს. ძალიან ბევრი რამ დარჩა ჩემს ცხოვრებაში ჯერ კიდევ გასაკეთებელი. მინდა ისე ვიცხოვრო, რომ როცა ჩემი შვილი თამარი გაიზრდება, ჩემზე და ჩემს გაკეთებულ ყველა სასიკეთო საქმეზე თქვას, ირაკლი მამაჩემი იყოო.

- თამარი რამდენი წლისა?

- წლისა და ხუთი თვის. ჩემი მეუღლე თეონა მიმინოშვილია. არაჩვეულებრივი პიროვნება და მეუღლე. ძალიან საყვარელი ადამიანია, თბილი, თბილი (იღიმის). თეონა რუსთაველის თეატრში გავიცანი, სადაც ის ორგანიზატორ-მენეჯერად მუშაობდა. თეატრში ხელშეკრულების დადებისას ხელი მომაწერინა და მერე მე მოვაწერე ხელი, ცხოვრების ბოლომდე ჩემთან ერთად რომ იყოს (იღიმის).

- ირაკლი, რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე გქონდა. გიყვარს ეს თარიღი და მისი აღნიშვნა?

- ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა ეს ჩემთვის მტკივნეული თარიღია და არ მიხარია. ბოლო ორი წელი და მათ შორის ჩემი ორი დაბადების დღე საავადმყოფოში, დედას მოვლაში გავატარე. დედა სიმსივნით გარდამეცვალა. ამიტომ ეს ჩემთვის რთული თემაა... დღეს თუ რამეს ვაკეთებ და რაღაც წარმატებას მივაღწიე, დედაჩემის დამსახურებაა. ბევრჯერ ყოფილა, რომ საჭმელი არ გვქონია. დედა წყალს აადუღებდა, ცხელ უშაქრო ჩაის მასმევდა, ერთ "პავიდლოიან" კამფეტს ჩამიდებდა პირში და ამით მანაყრებდა. ფულს სესხულობდა, რომ თეატრალურში მევლო და ტანსაცმელი მეყიდა. მეც ვმუშაობდი, მაგრამ დედას მზრუნველობა არ მაკლდა. "დასის" დროს ჩემს ამბავს ძალიან განიცდიდა და ვფიქრობ, მისი გარდაცვალება ამ ნერვიულობამაც დააჩქარა. თბილი ადამიანი იყო, ყველასთვის ლოცულობდა. გარდაცვალებამდე მითხრა, შვილო, ნურაფრის შეგეშინდება, ახალგაზრდა მამა გაბრიელი დგას ჩემ წინაშე და მიღიმის, არ შეგეშინდესო...

მას შემდეგ, სულ ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრება მართლა არაფერია იმის გარდა, რომ მხოლოდ სიკეთე აკეთო. მთელი ის პერიოდი, რაც დედა საავადმყოფოში იწვა, მის გართობას ვცდილობდი - ვცანცარობდი და ვტინგიცობდი. არ მინდოდა სცოდნოდა, რომ სიმსივნე სჭირდა და ცუდად ყოფნა ეგრძნო. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პირიქით, ჩემს მაყურებელს ენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი, გემოვნებიანი და სამართლიანი მაყურებელი დედაჩემი იყო. და თუ რამეს ვთამაშობ, მას ვუძღვნი. აქამდე არ მითქვამს ეს, მაგრამ ახლა ყოველ პრემიერაზე ერთ მოსაწვევს ვიღებ, ან ბილეთს ვყიდულობ, ის ერთი სკამი ყოველთვის დედაჩემისთვისაა განკუთვნილი. ჩემთვის მის გარეშე ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ ამ ტკივილის გადატანა ჩემმა შვილმა და მეუღლემ შემაძლებინეს. თეონა გვერდით ძალიან დამიდგა.

- უკაცრავად, რომ ამ თემაზე საუბარი მოგვიხდა...

- არა, მე მსიამოვნებს მასზე ლაპარაკი. ყოველთვის სიამოვნებით მოვუყვები ადამიანს დედაჩემის განვლილ ცხოვრებაზე. გეფიცები, ეს იყო პიროვნება, რომელიც ადამიანების სიყვარულს გასწავლიდა. ამას წინათ სახლში ლოცვების წიგნი ვიპოვე, სადაც მას თავის ხელით აქვს დაწერილი ლოცვა საქართველოსა და ქართველ ერზე. სასწაულად ტკბილი სიტყებია!..

- ირაკლი, შენს თაყვანისმცემლებზეც გკითხავ. ერთხელ ინტერვიუზე ვიყავი ისტორიკოსსა და პოეტ მაყვალა ზანდუკელთან, რომელიც "დასის" მსვლელობისას შენი დიდი გულშემატკივარი ყოფილა...

- დიახ, არაჩვეულებრივი ადამიანია... თეატრალურ უნივერსიტეტში ერთ-ერთ გამოცდაზე ქალბატონი მაყვალას ლექსი წავიკითხეთ. მისი ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ძალიან მომეწონა, იყო "ვინ აგებს პასუხს". "დასის" მსვლელობისას აუტსაიდერების სკამზე ყოფნისას ეს ლექსი წავიკითხე. თურმე ქალბატონ მაყვალას ის გადაცემა უნახავს და ეს ფაქტი ძალიან გახარებია. ამის შემდეგ ის სიხარულით მოვიდა ჩემთან "დასში", ვისაუბრეთ და თავისი წიგნიც მაჩუქა. ხშირად კითხულობდა ჩემს ამბავს, მერე ტელეფონის ნომერი შევცვალე და ურთიერთობა შეწყდა. ძალიან მინდა, რომ ქალბატონი მაყვალა ახალ სპექტაკლზე "ბენიამინზე" დავპატიჟო.

- მისი კოორდინატები მე მაქვს და დაგეხმარები...

- გაიხარე! მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ქალბატონ მაყვალას, მისი ლექსების წიგნი ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი და რელიქვიაა (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება