სანამ ჩვენი რუბრიკის თემაზე დავიწყებდით საუბარს, რატი დურგლიშვილს მასზე გავრცელებული საოცარი ჭორის შესახებ ვკითხე, რომლის მიხედვითაც ცნობილი მომღერალი მამაკაცი, რომელზეც ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ჯაბა ქარსელაძე ლაპარაკობდა, სწორედ რატია. ნანუკას შოუში, შეგახსენებთ, ტელეწამყვანმა თავის რესპონდენტს ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ის ამბავი, რომ ერთ-ერთ ცნობილ ახალგაზრდა მომღერალ მამაკაცთან მეგობრობაზე მეტი აკავშირებდა. ნანუკა ჟორჟოლიანმა შეგნებულად არ დაასახელა ვინაობა, მაგრამ მეორე დღეს თბილისში აქტიურად დაიწყეს ამ თემასთან დაკავშირებით რატის სახელის მოხსენიება. როცა ჩემს რესპონდენტს ამის შესახებ ვკითხე, ძალიან ბევრი იცინა, "რა თქმა უნდა, ეს არის ყველანაირ საფუძველს მოკლებული ჭორი. ჯაბას, როგორც მხოლოდ კოლეგას, ისე ვიცნობ, მასთან მეგობრული ურთიერთობებიც კი არ მაკავშირებს და კონცერტებზე თუ შეხვედრივარ. არ მესმის, რატომ ვრცელდება ასეთი ჭორები", - მიპასუხა მომღერალმა. ამით ეს თემა ამოვწურეთ და ჩვენს რუბრიკას დავუბრუნდით.
- რატი, მოგზაურობაზე მინდა გკითხო. გიყვარს ალბათ, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს.
- ხშირ შემთხვევაში იმიტომ მიყვარს, რომ რაც უფრო დიდხანს ვარ საზღვრებს გარეთ, მით მეტად ვხვდები, როგორ მიყვარს საქართველო. ეს შეგიძლია, არც დაწერო, უბრალოდ, მართლა ასე ვფიქრობ. ვაფრენ ამ ქვეყანაზე.
- არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც სიამოვნებით იცხოვრებდი?
- შემიძლია განახოთ ელექტრონული წერილები და მესიჯები, რაც სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერებისგან მოგვდის მე და მაკასაც და ცალკე მეც, შემოგვთავაზეს "ევროვიზიაზე" სხვა ქვეყნის სახელით გასვლა, ასევე სხვა კონკურსებზეც. არ ვიცი, საიდან აქვთ ჩვენზე ინფორმაცია, ალბათ იურმალაში ჩვენს გამოსვლას მიადევნეს თვალი. იუთუბზე იქ შესრულებულ ჩვენს სიმღერებს დიდი რეიტინგი აქვს და სამასი ათასზე მეტ ადამიანს აქვს ნანახი, შესაბამისად, პროდიუსერებიც ნახულობენ. ამ ბოლო პიეროდში ჩეხეთიდან შემოგვთავაზეს, რამდენიმე მესიჯი მოგვწერეს დიდი თხოვნით, მაგრამ თავი შევიკავეთ.
- რატი, საქართველოს სახელით "ვეროვიზიაზე" გამოსვლაზე არ გიფიქრიათ?
- ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ ამ კონკურსის შესაბამისი ფორმატის ჯგუფი არ ვართ... ვერ გეტყვით...
- და ვინ ფიქრობს ასე?
- მე, მართალი რომ გითხრა, ამასთან დაკავშირებით ხალხის მოსაზრება უფრო მაინტერესებს, ვიდრე ცალკეული ადამიანების. თუ ხალხი გადაწყვეტს, სიამოვნებით წავალთ, რატომაც არა? თუმცა თავს არ ვიკლავ ამ კონკურსში მონაწილეობაზე. დიდი ხანია დაწერილი მაქვს ერთი სიმღერა, რომელსაც ასეთი ექსტრემალური სიტუაციისთვის ვინახავ და მაკა სულ მეკითხება, რატომ არ ვწერთ ამ სიმღერასო. დუეტი "ჯორჯია" ერთ კონკურსზე აუცილებლად უნდა გავიდეს კიდევ და ამაზე ფიქრი დავიწყეთ. უკვე გვიჭირავს თვალი კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე. იმედია, გაიგებს ხალხი, რომ აქ კარიერის გაკეთება ძალიან რთულია. ჯერ არ ვიცი, რა და როგორ მოხდება, მაგრამ ვფიქრობთ. ვიყენებთ კონტაქტებს, რომლებიც უცხოეთში გვაქვს. იმედია, უფლის ნებით რაღაც გამოვა.
გული მწყდება, რომ შოუბიზნესში სიტუაციას მეტ-ნაკლებად არა უშავდა, ახლა კი საერთოდ არაფერი აღარ ხდება. მუსიკალური ტელევიზია არ გვაქვს, სადაც გადაცემები მომღერლებს მიეძღვნებათ. ძალიან გვიკვირს, როგორ ჰიტდება ჩვენი სიმღერები, როგორც ჩანს, ხალხს უბრალოდ, დიდი ინტერესი აქვს.
- რატი, მუსიკალურ თემას შევეშვათ. სად გინდა იმოგზაურო, საოცნებო ქვეყანა თუ გაქვს?
- საოცნებო არ მაქვს, მამას ბავშვობიდან დავყავდი და ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, ახლაც გველოდება რამდენიმე ტურნე იტალიასა და საბერძნეთში. ერთს გეტყვი, ქართველებზე თბილი ხალხი არსად შემხვედრია. ბერძნები გვგვანან მეტ-ნაკლებად და იქ ისე ვიგრძენი თავი, როგორც სახლში, ამბობენ, რომ იტალიელებსაც ჩვენნაირი ხასიათი აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით საკუთარი გამოცდილებიდან ამ ქვეყანაზე ვერაფერს გეტყვი. ძალიან მინდა რომის ნახვა, აუცილებლად უნდა წავიდე!.. ისე ბერძნები და იტალიელები ჰგვანან ერთმანეთს, ჩემთვის კულტურით თითქმის ერთი და იგივეა. ყველაზე კარგად პრაღის მოგზაურობა მახსენდება, რომლის დროსაც ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. თან უამრავი მაღაზია იყო (იღიმება)...
- შოპინგის მოყვარული ხარ?
- საცოდავი მაკა ჩემ გვერდით (იცინის). რიგაში რომ ჩავფირნდით, დილას ბარში დავჯექი, მთელი ღამე გათენებული გვქონდა, მაკას ეძინებოდა, ათის ნახევრამდე ველოდე და მერე მთელი მაღაზიები ჩამოვატარე. მერე მაკამ დაიძინა, მე კი გავეპარე და რვა საათი ვშოპინგობდი. ორიენტაცია კარგი მაქვს, მაგრამ პირველად ცხოვრებაში საზღვარგარეთ ყოფნისას დავიკარგე. თურმე წრეზე დავდიოდი და სასტუმრო შუაში ყოფილა. მოვხვდი რაღაც საშინელ უბანში, ტაქსისაც ვერ ვაჩერებდი, გავწამდი, ფეხით რობოტივით დავდიოდი, კუნთები აღარ მივარგოდა, თან ჩანთებით ვიყავი დატვირთული. ძლივს მივაგენი სასტუმროს.
- ენის ბარიერი შეგქმნია როდისმე?
- არა, ინგლისურადაც და რუსულადაც ნორმალურად ვლაპარაკობ. ჩემზე ღადაობდნენ, რატიმ რუსული არ იცისო, იურმალაში რომ ვთქვი ორი სიტყვა, იმით აფასებენ, არადა, იქ ძალიან ვნერვიულობდი. ამ ორ ენაზე ჩვეულებრივად ვლაპარაკობ და ვაგებინებ, შეიძლება, გრამატიკულად გამართულად ვერ ვლაპარაკობ.
- ქალებზე მითხარი ორიოდე სიტყვა. რომელი ქვეყნის მანდილოსნები გიზიდავენ?
- ასე არ ვყოფ ადამიანებს, რომელი ერის წარმომადგენელია. ისე, არ ვუჩივი ამ ამბავს (იცინის). იურმალაში რომ ვიყავი, შოკში ჩავვარდი, რადგან იქ ნარჩევი ქალები ჩამოდიან, მოდელები, ძალიან კარგად ჩაცმული ქალები. ხომ წარმოგიდგენია, მე და მაკა იგორ კრუტოის დაბადების დღეზე რომ ვიყავით, რა ხალხი შეიკრიბებოდა? ელ ჯეროს გვერდით ვისხედით, კონკურსანტებიდან მარტო ჩვენ ვიყავით, ჩვენთან ერთად იყვნენ ლელა წურწუმია და მამულიჩაც. გარეთ რომ გამოვედი, სასმლისა და გამარჯვებისგან გაბრუებული ვიყავი, მაკა მახლდა თან, უკნიდან ორი გოგონა მოგვადგა, ნინო, ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ ეს ყველაფერი ღვთაებრივი იყო... ნაძლევი ჰქონდათ დადებული, ერთი ფიქრობდა, რომ მე და მაკა შეყვარებულები ვიყავით, მეორე - არა და საკითხავად მოვიდნენ. მე ისე დავიბენი, რომ ხმა ვერ ამოვიღე და ბოლოს ამოვილუღლუღე, არა-მეთქი, ამ დროს მაკამ უთხრა, კი, შეყვარებულები ვართო (იცინის). აი, ასეთი რაღაც გამიჩალიჩა მაკამ. გოგონები ერთმანეთს უყურებდნენ გაკვირვებულები. აუუუ, რა გოგონები იყვნენ, მაკა ლამის ჩავქოლე, რა გამიკეთე-მეთქი (იცინის).
- ისე, ადვილია იმათი ქალების შებმა?
- არ დაიჯერო!.. რომ ამბობენ, უცბად ებმებიანო, თავმოყვარეობა ყველა ქალს აქვს, მეტ-ნაკლებად. ქალის ყურადღება ადვილად მეც მიმიღია, არ ვამბობ, რომ ცუდია, მაგრამ ყველა კისერზე არ ჩამოგეკიდება. ისე, ვინც მინდოდა, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო (იღიმება).
- რატი, ახლა მარტო ხარ?
- ვეღარ გავიგე, ვისთან მაწყვილებენ. მალე იტყვიან, რომ რატი უცხოპლანეტელია, მარსიანელიო, რომ თქვან, სამი თვალი და შვიდი ცხვირი აქვსო, არ გამიკვირდება. რას გაიგებ?!
- რატი, მოგზაურობისას გადახდენილი კურიოზი გაიხსენე...
- (ფიქრობს და სახე უნათდება) ვაიმეეე, ეს რა გამახსენდა. ისრაელში რომ ვიყავით, აეროპორტში უდიდესი "დიუთი ფრია". ყველას, ვინც იქ ვიყავით, საათი თბილისის დროზე გვქონდა დატოვებული. თურმე, თვითმფრინავი გაჩერებულია და ჩვენ გველოდება, გვაცხადებენ ერთი ამბით, მაგრამ ებრაული არც ერთს არ გვესმის. ჩვენი მასპინძელი იყო ერთ-ერთი იქაური ქართველი, აეროპორტის ხელმძღვანელი და მას უდიდეს მოკითხვას გადავცემ, დიდი პატივი გვცა მანაც და სხვა ადამიანებმაც. სწორედ მან მოჰკრა ყური, თვითმფრინავი აფრენას აპირებსო, გამოგვიძახა რაღაც მანქანა. მაკამ და ნოდიკო ტატიშვილმა შეასწრეს, მე კი ვერა, ვანგის სუნამოს ვყიდულობდი, რომელიც ძალიან მიყვარს, სასწაულია, გამყიდველს კი ხურდა არ ჰქონდა. სანამ დამიბრუნა, უკვე კისრისტეხით უნდა გავქცეულიყავი, გამიწყდა ლეპტოპის სამხარე, დამივარდა კომპიუტერი, კიდევ კარგი, დამტვრევას გადარჩა, მერე თვითმფრინავში არ მიშვებდნენ...
- ძალიან ბოდიალა ხარ ხომ?
- (იცინის) ძალიან დაბდურა ვარ. ყველაფერი მავიწყდება, რასაც მეუბნებიან. თუ არ შემახსენე, დამავიწყდება, რომ მეორე დღეს კონცერტი მაქვს. ხალხი გამწარებული მყავს, ყველას ჰგონია, რომ სპეციალურად ვაკეთებ. არადა, იმდენი საფიქრალი მაქვს.
- რა გაქვს ამდენი საფიქრალი?
- ვხატავ, ვწერ ლექსებს...
- ლექსებსაც წერ? წაგვიკითხე ერთი...
- არააა, ვერ წაგიკითხავთ!.. ნოველებსაც ვწერ, მოკლედ, ზოგჯერ ამქვეყნიური არ ვარ.
- შენ გვერდით ქალს გაუჭირდება?
- ძალიან, რამდენიც მყოლია, ვერავინ გამიგო. ქალები მეტ ყურადღებას მთხოვენ, რაც ჩემთვის ძნელია.
- მუზა არ გჭირდება?
- ჩემი მუზა ხალხია.
- კარგი ახლა. ქალი არა?
- კი, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის არ ვარ მზად და ალბათ დიდი ხანი არ ვიქნები კიდევ.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)