თამუნა ნიკოლაძეს კვირის დღეები არ ჰყოფნის და ოცნებობს, რომ ერთი კვირა ათი დღისგან მაინც შედგებოდეს. მაშინ არავინ აღარ გაუნაწყენდებოდა და არც მეგობრები დაუტოვებდნენ შეტყობინებას, "თამუნა, თუ ცოცხალი ხარ, იქნებ, დაგვიკავშირდე". ამჟამად "თავისუფალ თეატრში" ახალ სპექტაკლზე მუშაობს. ავთო ვარსიმაშვილმა "მშვენიერ ქართველ ქალში" მთავარ როლზე დააკავა. მალე პრემიერა შედგება, მანამდე კი თამუნა ნიკოლაძე თავის ერთ დღეზე მოგვიყვება.
- თამუნა, დილას გაღვიძება გიჭირს?
- უკვე აღარ (იცინის). არადა, ძალიან მიყვარს ძილი. როდესაც აგვისტოს არდადეგები მაქვს, ასე ვეძახი შვებულებას (იცინის), მაშინ კიდევ ვახერხებ, რომ პირველ საათამდე დავიძინო. დასვენება მთავრდება, როდესაც პირველი სექტემბერი დგება და ჩემი ზარი ირეკება. როგორც გითხარით, შევეჩვიე და დილას გაღვიძება რომც მეზარებოდეს, მაინც თავისით მეღვიძება. ცხრა საათზე ვდგები და ამას მაღვიძარას გარეშე ვახერხებ.
- სარკესთან დიდხანს ტრიალებ?
- დიახ, გაგიკვირდებათ და, ძალიან ნელი ვარ. ნელა ვალაგებ საწოლს, მერე აბაზანაში თავს ვიწესრიგებ, ნელა ვსაუზმობ და მერე სახლიდან ჩქარა გავრბივარ (იცინის). ახლაც, თქვენთან რომ მოვდიოდი ინტერვიუზე, ჩაი დავლიე, კარაქიანი პური და ერთი ნაჭერი ნამცხვარი დავაყოლე და მერე გამოვიქეცი (იცინის).
- სახლიდან გამოსული რის გამო შეიძლება მიბრუნდე უკან?
- ასეთი რამ არ არსებობს, არაფერი მრჩება. რაც დღის განმავლობაში მჭირდება, ყველაფერს წინასწარ ვამზადებ. ყოველდღიურად არ ვიპრანჭები და არც გამოსასვლელი კაბით ქუსლებზე შემდგარი დავდივარ. ჩემი სამოსია ჯინსი, აუცილებლად ბუნებრივი ქსოვილის ზედატანი და კედები ან დაბალძირიანი ფეხსაცმელი.
- როგორც ვიცი, ტაქსით მგზავრობ და ალბათ ხშირად ფულსაც არ გართმევენ...
- დიახ, უფასოდაც დავდივარ, მაგრამ ბოლო დროს ძირითადად ერთ ტაქსის ვიძახებ, სამსახურში მაკითხავს, მივყავარ, მოვყავარ. ისე, ძალიან მინდა, პირადი ტაქსი მყავდეს და ამბავს ვუტოვებდე, სად და რომელ საათზე უნდა მომაკითხოს. როდესაც მეკითხებიან, რისი შეძენის სურვილი მაქვს, ვპასუხობ, რომ მანქანას ვიყიდდი, მაგრამ შიში ვერ გადავლახე, ვიცი, რომ როგორ ჩქარაც დავდივარ, ისე ჩქარა ვატარებ მანქანასაც (იცინის).
- მახსოვს, მარტო ცხოვრებაზეც ოცნებობდი.
- ეგ დღესაც ძალიან მინდა, მარტო ცხოვრება ადამიანისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და პირველ რიგში, დამოუკიდებლობას ეჩვევი. საერთოდ, დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ როცა სახლში მივდივარ და დედა საჭმელსა და გამზადებულ ტანსაცმელს მახვედრებს, ვხვდები, რომ გარკვეულწილად მაინც დამოკიდებული ვარ. მარტო რომ ვიქნები, ყველაფრის გაკეთება თავად მომიწევს.
- ტელევიზიასა და თეატრში დღეებს როგორ ანაწილებ?
- სულ ვამბობ, რომ კვირაში შვიდი დღე არ მყოფნის და ნეტა კვირაში ათი დღე იყოს, იმ დღეებს მეგობრებს დავუთმობდი. ძალიან მენატრებიან და ვერავის ვერ ვხედავ. სახლში მირეკავენ და ტელეფონზე შეტყობინებას მიტოვებენ, "თამუნა, თუ ცოცხალი ხარ, იქნებ, დაგვიკავშირდე". რა ვქნა, ყველა მახსოვს, ყველა მიყვარს და არ შევცვლილვარ. უბრალოდ, ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ კვირაში შვიდი დღე ვმუშაობ. აქედან სამი დღე "შუა ქალაქის" პავილიონში ვცხოვრობ, ოთხი დღე კი "თავისუფალ თეატრში". ხანდახან დღეში ორი სპექტაკლი მაქვს, დილას და საღამოს. სამსახურიდან პირდაპირ სახლში ვბრუნდები და საწოლთან მივდივარ (იცინის).
- ალბათ ვერც წვეულებებზე ახერხებ სიარულს...
- დაბადების დღეზე სულ გვიან მივდივარ და ბოლო ჭიქას თუ მივუსწრებ (იცინის). ეს აუცილებლად უნდა გიამბოთ. ერთი კვირის წინ ჩემი ბიძაშვილის ქორწილი იყო. ერთად გავიზარდეთ და ნათესავებში ერთადერთი გვარის გამგრძელებელია. ქორწილი ჩვენს ოჯახში გადავიხადეთ. წარმოიდგინეთ, დაახლოებით პირველ სექტემბერს მომიხდა თეატრისა და ტელევიზიის გაფრთხილება, რომ ამ დღეს არაფერი დაეგეგმათ და ერთი დღე ეჩუქებინათ.
- დღეს საქართველოში ყველაზე ხშირად მსახიობები როლზე წუწუნებენ...
- ძალიან ბედნიერი მსახიობი ვარ, იმიტომ, რომ ვმუშაობ ორ უზარმაზარ პიესაზე და ახლაც რეპეტიცია მეწყება ავთო ვარსიმაშვილთან. მალე იქნება პრემიერა, კარლო გოლდონის "მშვენიერი ქართველი ქალი".
- შენ ვის როლს თამაშობ?
- (იცინის) მე მშვენიერი ქართველი ქალი ვარ, რაც ძალიან საპასუხისმგებლო როლია. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. სულ ვამბობ, ჯერ შედგეს პრემიერა, მივიღოთ შედეგი და მერე ვილაპარაკებ. ახლაც თქვენთან ვთქვი პირველად.
- ალბათ დრო გართობისთვის აღარ გრჩება...
- იშვიათად. ერთხელ ძალიან დავიღალე, ერთდროულად რეპეტიცია და სპექტაკლი მქონდა და მაინც ჩემს მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში წავედი. არ ვიცი, როგორ მეყო ენერგია, რომ ვიცეკვე. ეტყობა, ძალიან დატვირთული რომ ხარ, მერე ერთბაშად ვერ ეშვები და ვერ იძინებ, ჯობია, ისევ დაიხარჯო.
- თამუნა, ინტერვიუსთვის რომ დაგირეკე, მითხარი, რომ პრესასთან ურთიერთობისგან თავს იკავებდი.
- დიახ, მინდა, რაღაც პერიოდი მკითხველი დავასვენო. არ მინდა, ერთი და იგივე ვილაპარაკო და მერე ხალხმა თქვას, ეს ხომ უკვე ვიცით, რამდენჯერ უნდა თქვასო. ახლა რუბრიკა მომეწონა და იმიტომ დაგთანხმდით, თუმცა სანამ მოსაყოლი არ დამიგროვდება, ალბათ ინტერვიუს აღარ მივცემ.
- გართობისთვის ხანდახან ვიცლიო, პირადი ცხოვრებისთვის თუ იცლის თამუნა ნიკოლაძე?
- როცა პირადი ცხოვრება გაქვს, ყველაფრის მოხერხება და მოსწრება შეიძლება. არ არსებობს სიტყვა ვერ ვასწრებ, ან პირად და შემოქმედებით ცხოვრებას ერთმანეთს ვერ ვუთავსებ. უბრალოდ, მე მქონდა ცხოვრებაში ძალიან დიდი და ლამაზი ეტაპი, როდესაც პირად და შემოქმედებით ცხოვრებას ერთმანეთს მშვენივრად ვუთანხმებდი. ძალიან მაგარი და ძალიან ლამაზი პერიოდი იყო. დღესდღეობით აღარ არის პირადი ცხოვრება, მაგრამ არის შემოქმედებითი.
- ამის მიუხედავად, მაინც ბედნიერია თამუნა?
- დიახ, ბედნიერი ვარ, ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად წარიმართა, ისე, როგორც ვიმსახურებდი. რა იქნება მომავლში, არ ვიცი.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)