ავტორი:

"ამბობს, ჩემი ძმის დაკავების შემდეგ დავაპირე სამალავიდან გამოვსულიყავიო, მაგრამ... ის შორსაც არ წასულა, იქვე იყო" - რა მოყვა ბადრი ესებუამ ადვოკატთან?

"ამბობს, ჩემი ძმის დაკავების შემდეგ დავაპირე სამალავიდან გამოვსულიყავიო, მაგრამ... ის შორსაც არ წასულა, იქვე იყო" - რა მოყვა ბადრი ესებუამ ადვოკატთან?

თითქმის სამწლიანი ძებნის შემდეგ დღეს დილით ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში ბადრი ესებუა დააკავეს. ის პირდაპირ ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანეს.

ესებუას საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

  • ბადრი ესებუა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

ცნობილია, რომ ესებუა ბრალს არ აღიარებს. AMBEBI.GE დაკავებულის ადვოკატს სოსო ჯანაშიას ესაუბრა, რომელმაც ახლახან მოინახულა სკანდალური საქმის ფიგურანტი.

- როგორც ბადრი ესებუამ მითხრა, ჯიქიების სახლში ის დღეს შემთხვევით აღმოჩნდა, როგორც კი მათთან მივიდა, თითქოს ელოდნენო და მაშინვე დააკავეს. შესაძლოა, უთვალთვალებდნენ და ამიტომ. იმ ოჯახმა არც იცოდა, თუ მივიდოდა, რომც სდომოდათ, ფაქტობრივად, ვერც მოახერხებდნენ, ვინმესთვის ეცნობებინათ. ჯიქიები ნათესავები კი არიან, მაგრამ ამასობაში ბადრი იქ ნამდვილად არ იმალებოდა. დღეს გავიცანი ბადრი და მასთან საქმეზე დეტალური საუბარი არ მქონია. რომელი თანხა უნდა ეხსენებინა, ის საერთოდ უარყოფს ამ დანაშაულს, ამბობს, ეს ყაჩაღობა მე არ ჩამიდენიაო და ბუნებრივია, თანხასთან დაკავშირებით კითხვები არც ყოფილა. ესებუა საერთოდ გამორიცხავს ამ დანაშაულთან შემხებლობას და აპირებს ბოლომდე ბრძოლას.

- თუ თავს უდანაშაულოდ თვლიდა, მაშინ რატომ არ გამოჩნდა მანამდე?

- იმიტომ რომ, როგორც ამბობს, სამართალდამცველების მხრიდან თავიდანვე ჩემი სახელი გაჟღერდა და ჩემი სიცოცხლის მოსპობის საფრთხეც იდგა, ამიტომ ვიმალებოდიო. ბადრის მერე ძმაც დაუჭირეს - ბიძინა ესებუა (რომლის ადვოკატიც გახლავართ) აბსოლუტურად უკანონოდ გაასამართლეს და ამის მერე იმედი საერთოდ გადამეწურა, რომ გამოვჩენილიყავი, ჩემს მიმართ რაიმე სასიკეთო მოხდებოდაო. ესებუა მეუბნება, ყაჩაღობის ღამით სახლში ვიყავი და მეორე დღეს, როგორც კი ჩემი სახელი გაჟღერდა, წავედი და დავიმალეო. ის შორსაც არ წასულა, იქვე იყო და...

ამბობს, ჩემი ძმის დაკავების მერე, დავაპირე სამალავიდან გამოვსულიყავი, მაგრამ მოვლენები როგორც განვითარდა და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი გაასამართლეს, მერე იმედი გადამეწურა და აღარ გამოვჩნდიო. მგონია, რომ ის გულწრფელია, დაცვა სხვას ბუნებრივია, ვერც იტყვის, მაგრამ ადამიანურადაც ვფიქრობ, ეს კაცი ამ საქმესთან არაფერ შუაშია. იმაზე, თუ სად იმალებოდა 2 წლის განმავლობაში, ალბათ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. მას აინტერესებდა სასამართლო პროცესი, დეტალები, კონკრეტულად რა მტკიცებულებებია მის წინააღმდეგ, პროცესი 20 თებერვალსაა ჩანიშნული და რა პოზიცია ექნება და რა სტრატეგიით მივუდგებით საქმეს, ეს თემები გავიარეთ..

ზოგადად ამაზე ვისაუბრეთ, თორემ სად იყო, როგორ იყო, შეიძლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანი.. ვფიქრობ, ესებუას წინააღმდეგ მყარი მტკიცებულებები არ არსებობს ამიტომ ვიდავებთ ბოლომდე და შევუდგებით იმის მტკიცებას, რომ წარდგენილი მტკიცებულებები გაყალბებულია. როგორც ბიძინას საქმე გააყალბეს, დაახლოებით ასეთივე თემაა აქაც. სიმართლე გითხრათ, ბიძინა ესებუას საქმის მერე, მას სიმართლის დამტკიცების დიდი იმედი არ აქვს. დღევანდელ პირობებში, როცა ეს ნომერ პირველი საქმეა და სახელმწიფოს დაკვეთა, მეც არ მაქვს დიდი იმედი, სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ რამეს გადაწყვეტს. ყველაფრის მიუხედავად, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რომ საბოლოოდ, აქ თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც გავერკვეთ, მისი ბრალდების საქმეზე იყო თუ არა რეალური მტკიცებულებები.

ნახეთ ასევე: