"ვიკილიქსის" კიდევ ერთი მსხვერპლი რუსეთის თავდაცვის უწყება აღმოჩნდა. კონკრეტულად კი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ანატოლი სერდიუკოვი , რომელიც სომხეთისთვის საიდუმლო იარაღის მიწოდებაზე საუბრობს. ინფორმაციას "გარდიანი" აქვეყნებს.
სერდიუკოვმა რუსეთის გეგმები გასცა, რის შესახებაც აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ბაქოში, ენ დერსიმ შეიტყო. იგი თავის გზავნილში, რომელიც 2009 წლის მარტშია გაგზავნილი, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, საფარ აბიევთან შეხვედრაზე წერს. საფარ აბიევმა ელჩს გაანდო, რომ მოსკოვში, არაფორმალურ ვითარებაში ანატოლი სერდიუკოვი, ორი ბოთლი არყის დალევის შემდეგ, გამოტყდა, რომ რუსეთი სომხეთს იარაღს აწვდის, ამასთან მან წარმოთქვა ფრაზა - "თქვენ ერთ პრეზიდენტს ემორჩილებით, მე კი - ორს".
აღსანიშნავია, რომ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის თაობაზე, საუბარი იყო ასობით ტანკზე, საზენიტო კომპლექტებსა და საბრძოლო იარაღზე. თუმცა, მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფდა.