2009 წლის თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ ობიექტების ვრცელი სია შეადგინა, რომელთა მწყობრიდან გამოსვლაც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას დიდ საფრთხეს შეუქმნის.
რუსეთში აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიმორსკისა და ნოვოროსისკის პორტები, გაზის საბადოები და ნადიმის ახლოს მდებარე გაზსადენების ქსელი, ასევე ურანისა და ნიკელის მაღაროები აღმოჩნდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სიაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაა ნახსენები. ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს საბადოები და ინფრასტრუქტურის ნაწილები განეკუთვნება, თუმცა სიაში დანიის ინსულინის ქარხანა და ავსტრალიაში მდებარე ფაბრიკაცაა მითითებული, რომელიც გველის ნაკბენისგან თავდაცვით საშუალებებს აწარმოებს.
სია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე აშშ-ის საელჩოებმა მოამზადეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო მიმოწერის გამოქვეყნება საიტმა WikiLeaks 2010 წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ საიტის ადმინისტრაციამ, დაახლოებით, ათასი დოკუმენტი გამოაქვეყნა.
მომზადებულია BBC News-ის მიხედვით.