ჰოლივუდში ინტერნეტ-პორტალ WikiLeaks-ის დამფუძნებლის შესახებ ოთხ პროექტს ამზადებენ. ამის შესახებ ამერიკული ვებ-გვერდი Wrap-ი იტყობინება.
ერთ-ერთი პროექტის რეჟისორი ცნობილი ამერიკელი დოკუმენტალისტი - გახმაურებული ფილმის "ფარენგეიტ 9\11"-ის ავტორი მაიკლ მური იქნება, რომელიც სოციალურ ქსელ Twitter-ზე ჯულიან ასანჯს მხარდაჭერას უცხადებს.
ახალ პროექტში მური სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის საიდუმლო კავშირებზე გაამახვილებს ყურადღებას. გარდა ამისა, ფილმში მური ახალი საიდუმლო დოკუმენტების გამოყენებას აპირებს.
ოთხივე ფილმის ბიუჯეტი 100 მლნ-მდე დოლარს შეადგენს. მურის გარდა, პროექტებში, შესაძლოა, ცნობილმა რეჟისორებმა - სტივენ ჰეგანმა, ჯონ კამერონ მიტჩელმა, როლანდ ემერიხმა ("2012"-ის ავტორი) და "სოციალური ქსელის" ავტორებმა - აარონ სორკინმა და დევიდ ფინჩერმა მიიღონ მონაწილეობა.
ასანჯის როლის განსახიერების პრეტენდენტთა შორის არიან - ლაიემ ნისონი, აარონ ეკჰარტი და ბრედ პიტი. ფილმების ჟანრები სათავგადასავლოც იქნება და დოკუმენტურიც.
მომზადებულია Wrap-ის მიხედვით.