დიმიტრი ტატიშვილმა ბავშვობაში ირაკლი აბაშიძე აატირა

დიმიტრი ტატიშვილმა ბავშვობაში ირაკლი აბაშიძე აატირა

ზაზა იაქაშვილის, გოგა პიპინაშვილისა და ალეკო მახარობლიშვილის შემდეგ, My Club-ში გამართული თეატრალური საღამო მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს დაეთმო. წლევანდელი ზაფხულიდან მოყოლებული დიმა ევროპაში გადაღებებზე ხშირად დადის.

რეჟისორი ლევან ახობაძე მუშაობს ახალ პროექტზე, რომელშიც გაერთიანებული იქნება 16-მდე დოკუმენტური ფილმი თორმეტ ქვეყანაზე, რომლებსაც ოკუპაცია შეეხოთ. დიმა ამ ფილმში მთხრობელია, რომელიც მაყურებელს ამა თუ იმ ქვეყანის ისტორიულ ადგილებზე, ტრაგიკულ ფაქტებსა და ეროვნულ გმირებზე უამბობს. ახლახან ის ვენიდან მოხიბლული დაბრუნდა, საიდანაც მან თეატრალური საღამოების ორგანიზატორ ირაკლი ჩოლოყაშვილს საჩუქარი ჩამოუტანა. 4 დეკემბერს ირაკლი დაბადების დღე ჰქონდა და დიმამ მას ავსტრიის დედაქალაქიდან ვიოლინოს ფორმის მუსიკალური ფანქარი უსახსოვრა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რამდენიმე მათგანზე საუბრისას დიმამ ისიც გვითხრა, რომ საფრანგეთში ყოფნისას, ნოე ჟორდანიას ქალიშვილთან ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტი უნახავს, რომელზეც სხვებთან ერთად მსახიობის ბაბუის ივანე ტატიშვილის ხელმოწერაა დაფიქსირებული.

საღამო პუშკინის "ევგენი ონეგინიდან" ნაწყვეტით გახსნა, რის შემდეგაც მსახიობმა არაერთი რუსული და ქართული ლექსი წაგვიკითხა. თავდაპირველად მსახიობი შებოჭილი ჩანდა, თუმცა შემდეგ დაძაბულობამ გაუარა და აუდიტორიას საკმაოდ გულწრფელად ესაუბრა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების ოჯახში დაბადებული დიმიტრი ტატიშვილის მშობლები მისი მსახიობობის წინააღმდეგი იყვნენ. ამიტომ, მან დაუკითხავად დაიწყო სიარული პიონერთა სასახლეში თეატრმცოდნეობის წრეზე. დაახლოებით ორ კვირაში ფილარმონიაში სცენაზე ლექსი წაიკითხა და დღემდე ახსოვს ის დღე, ეგონა, მისი გულის ბაგა-ბუგი მთელ დარბაზს ესმოდა.

დედა 12 წლის ასაკში დაეღუპა, მამაც რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მან მოასწრო ენახა, როგორ კითხულობდა შვილი პიონერთა სასახლეში ლექსს, რომელმაც ავანსცენაზე მჯდარი ირაკლი აბაშიძე აატირა. დიმა ტატიშვილი თეატრალურის სტუდენტი გახდა, 1990 წლიდან კი ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მცირე ხნის წინ, კრიმინალურ სერიალში "დეტექტივები" დიმა ერთ-ერთ მთავარ გმირად მოგვევლინა.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება