მოდასა და გემოვნებაზე "მის საქართველო-2010" დეა არაყიშვილი გვესაუბრება. დეამ წელს საქართველო "მის მსოფლიოზე" წარადგინა და სამშობლოში შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.
- ვინაიდან ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიწევს სიარული, თითქმის ყოველთვის კლასიკურად მაცვია, თუმცა თავისუფალი სტილის სამოსში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. მომწონს დაბალძირიანი ფეხსაცმელი და ჯინსი, თუმცა დიდი ხანია ამ სტილს დავემშვიდობე.
- ...და დღეს უკვე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია შენი სტილის განუყოფელი ელემენტი?
- ცხადია, უმეტესად მაღალქუსლიანით დავდივარ. ჩემი ფეხსაცმლის ქუსლის მაქსიმალური სიმაღლე 8-10 სმ-ია. მომწონს წვრილი, კლასიკური ქუსლი, თუმცა ჩექმებზე სქელი თანამედროვე ქუსლიც დასაშვებად მიმაჩნია.
- ბევრი ქალი ფეხსაცმელს ჩანთას უხამებს...
- მიმაჩნია, რომ ქალის ჩაცმულობაში ორი-სამი ფერი უნდა დომინირებდეს, ამიტომ ვცდილობ, ჩანთა ფეხსაცმელსაც შევუხამო და სამოსის სხვა დეტალსაც.
- როგორია დეას ჩანთა?
- სრულიად სხვადასხვანაირი: ან ძალიან დიდი, ან ძალიან პატარა - ასეთს რამდენიმეს ვატარებ ერთდროულად (იცინის). თან უამრავი რამ დამაქვს, თმის საშრობით დაწყებული, მაღალქუსლიანი თუ დაბალძირიანი ფეხსაცმელებით დამთავრებული.
- სტუდენტი ხარ და, ალბათ, ჩანთაში წიგნებიც გიწყვია...
- ცხადია. მთელი დღის განმავლობაში იმდენი რამე მაქვს მოსასწრები, ტანსაცმლის გამოსაცვლელად შინ შერბენასაც ვერ ვახერხებ, ამიტომ როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ, სამოსი, პარფიუმერია ჩანთაში მიდევს.
- შინიდან გასვლის წინ დიდხანს ფიქრობ, რა ჩაიცვა?
- ამაზე საღამოს, დაწოლამდე ვფიქრობ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც დილით ვიღებ.
- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?
- ვიდრე სილამაზის კონკურსში მივიღებდი მონაწილეობას, მაკიაჟს არ ვიკეთებდი - ბუნებრივი სილამაზის მომხრე ვარ, მაგრამ ამჟამად მაკიაჟი ჩემთვის აუცილებელია, ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მსუბუქად შევიღებო. მომწონს "ლანკომის", "შანელის" და "ივ სენ-ლორანის" პარფიუმერია.
- სუნამოს რომელს იპკურებ?
- "შანელი #5"-ის ერთგული ვარ. "შანელი" კლასიკაა, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა. მიყვარს ეს ბრენდი, მისი ყველაფერი მომწონს.
- "შანელისთვის" დამახასიათებელი შავისა და თეთრის შეხამებაც?
- შავისა და თეთრის შეხამება ძალიან მომწონს. ახლახან გარდერობს შევმატე წითელი ფერი, რაც, ალბათ, ჩინეთის გავლენაა. ჩინეთში უამრავი წითელი სამოსი შევიძინე. ასევე მომწონს კაკაოსფერი. ნაზი, ბაცი ფერები მირჩევნია.
- ესე იგი, საზამთროდ გარდერობი უკვე განიახლე. რაზე გააკეთე აქცენტი?
- ყურადღება ტყავის, ბეწვის ჟილეტებზე გავამახვილე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდას ბრმად მივდევ. მხოლოდ იმას ვყიდულობ, რაც მომწონს და მიხდება.
- ქართველი მოდის მესვეურების გემოვნებას ითვალისწინებ?
- რომ გითხრათ, ქართველი დიზაინერებით აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. ტენდენციები, რომლებსაც ისინი გვკარნახობენ, არ მიზიდავს. არც თბილისის მოდის კვირეულებს ვსტუმრობ. უცხოელი მაღალი მოდის წარმომადგენლების გემოვნებას ვენდობი. საქართველოშიც რამდენიმე ნიჭიერი დიზაინერია, რომელთა კოლექციებიც მომწონს, მაგრამ მათთან არ ვიკერავ.
- მაშინ ის უცხოელი დიზაინერი დაგვისახელე, რომლის ყოველი კოლექციაც მოგწონს.
- ვერავინ შეედრება ლუი ვიტონს, შანელს, მაქვს მათი რამდენიმე აქსესუარიც.
- აქსესუარებიდან ყველაზე ხშირად რომელს იყენებ?
- მიყვარს საყურეები და საათი. უსაათოდ შინიდან არ გავალ. სხვა აქსესუარები, მაგალითად, მძივები, სამაჯურები, დიდად არ მხიბლავს.
- სილამაზის სალონს ხშირად სტუმრობ?
- საკმაოდ ხშირად. მაკიაჟის ხელოვნება არ ვიცი, ამიტომ გადაღებებისთვის მაკიაჟს სალონში ვიკეთებ. ასევე ხშირად ვიწესრიგებ ფრჩხილებს და თმას.
- გამაჯანსაღებელ ცენტრებს?
- დავდივარ აუზზე, ტრენაჟორების დარბაზებში და მასაჟებზე, სიმართლე გითხრათ, გამაჯანსაღებელი ცენტრები ჩემი დღის რეჟიმის განუყოფელი ნაწილია.
- ფორმის შესანარჩუნებლად დიეტა ხომ არ გჭირდება?
- დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, თითქმის მთელ დღეს ვმოძრაობ. გარდა ამისა, ტრენაჟორების, მასაჟებისა და ცურვის წყალობით დიეტის დაცვა არასდროს დამჭირვებია.
- პლასტიკურ ქირურგიას ემხრობი?
- თუ ადამიანს გარეგნული ნაკლი აქვს და ეს თრგუნავს, გალამაზება აუცილებელიც კი არის. თუმცა ზოგიერთს პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მანიად ექცა. უადგილო და სახის შეუსაბამო ცვლილებები ადამიანს კი არ ალამაზებს, ამახინჯებს.
- თუ გაგჩენია გარეგნობის შეცვლის სურვილი?
- ერთფეროვნებას ვერ ვეგუები, სიახლეები მიყვარს, ამიტომ ხშირად მომისურვებია, გარეგნობაში რამე შემეცვალა, მაგრამ ახლობლების თხოვნით გადამიფიქრებია.
- ვინ არის, შენი აზრით, ყველაზე გემოვნებიანი ქართველი ქალი?
- ჩემთვის იდეალი მაკა ასათიანია. ეს არის ქალი, რომელსაც ნაკლს ვერ უპოვი. გარდა იმისა, რომ ლამაზია, დახვეწილი გემოვნებაც აქვს.
ნათია მალიშავა
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)