ავტორი:

გლობალური დათბობის გამოვლინება საქართველოში: უჩვეულოდ უხვნალექიანი მაის-ივნისი, წყალდიდობები ივლისში და ძლიერი ქარები - რა გველის წინ?

გლობალური დათბობის გამოვლინება საქართველოში: უჩვეულოდ უხვნალექიანი მაის-ივნისი, წყალდიდობები ივლისში და ძლიერი ქარები - რა გველის წინ?

ჩვენში ზაფხული კალენდარულად დიდი ხანია დადგა, მაგრამ, საქართველოში ჯერ კიდევ არ გვაქვს სტაბილურად თბილი პერიოდი. მაის-ივნისის უხვნალექიანობამ, უამინდობამ, წყალდიდობამ და წყალმოვარდნამ უკვე ივლისშიც ადამიანებს სიმშვიდის საფუძველი დაუკარგა.

რა იწვევს ასეთ ამინდს, არის თუ არა ეს გლობალური დათბობის გამოვლინება, როდის გვქონდა მსგავსი უხვნალექიანი პერიოდი უახლოეს წარსულში, რას ამბობს სტატისტიკა და რა ამიდნია მოსალოდნელი მიმდინარე ზაფხულში, ამაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლიკა მეგრელიძე გვესაუბრება.

- ადამიანები ბოლო დროს ბუნების კანონების შეცვლას ცდილობენ, რასაც ხშირად დადებითი შედეგი არ მოაქვს...

- კი, ასეა. კლიმატის ცვლილებას დიდწილად ეს იწვევს. სწორედ კლიმატის ამ ცვლილებას აქვს ადგილი ახლა დედამიწაზე, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში.

ამ ყველაფერს განაპირობებს როგორც ბუნებრივი ფაქტორი, ასევე ადამიანური, ანუ ანთროპოგენური ფაქტორი. არსებობს არაერთი სამეცნიერო-კვლევითი სტატისტიკაც, რომლის თანახმად, ეს ცვლილებები მეტად ანთროპოგენური ფაქტორის გამოა გამოწვეული, ვიდრე ბუნებრივით.

გლობალური დათბობა, მყინვარული საფარის შემცირება, მყინვარების უკან დახევა, გახშირებული ექსტრემალური მოვლენები, ზღვის დონის აწევა და კიდევ ბევრი რამ არის კლიმატის ცვლილების სავალალო შედეგი.

საქართველოშიც გვაქვს გარკვეული გამოვლინებები, მაგალითად, მომატებული ტემპერატურა. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი გრადუსითაა მომატებული, თუმცა ცალკეულ ტერიტორიებზე ტემპერატურის მატება ერთ გრადუსამდე აღწევს.

- ე.ი. დათბობის ტენდენციაა გამოკვეთილი.

- კი, თუმცა ჩვენ წლიური დათბობის მნიშვნელობებზე ვსაუბრობთ, რაც წლის განმავლობაში ტერიტორიაზეც არაერთგვაროვნად არის გადანაწილებული. არის ტერიტორიები, სადაც დათბობის მაღალი ნიშნულები გამოვლინდა და ასევე ისეთი, სადაც დათბობას არამდგრადი ხასიათი აქვს. როგორც ვნახეთ, წლის განმავლობაში დათბობა ზაფხულის პერიოდში და შემოდგომის დასაწყისში გვაქვს, თუმცა არის გარკვეული წლები, როდესაც დათბობა არ აღინიშნება და პირიქით, აგრილების ტენდენციებია, მაგალითად, იგივე მაისში, ასევე შემოდგომის ბოლოს, ზამთრის დასაწყისში... თუმცა ზოგადად, უპირატესი ტემპერატურის მატების ტენდენციაა.

- თუ ამ კონკრეტულ სეზონზე ვილაპარაკებთ, რასაც მიმდინარე და კალენდარული ზაფხული ჰქვია, მომატებული ტემპერატურა ჯერჯერობით არ იგრძნობა. სიგრილისკენ, ნალექისკენაა ყველაფერი მიდრეკილი, არასტანდარტული ამინდებია...

- გარკვეული სინოპტიკური სიტუაციაა შექმნილი და ამჟამად ეს ცირკულაციური პროცესია (გასულ თვეებზე ვსაუბრობ, მაისსა და ივნისზე), რაც ხელს უწყობს ნალექიანი პირობების ჩამოყალიბებას. ასეთი პირობები ჩამოყალიბებული იყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მთელ კავკასიაზე და ასევე ხმელთაშუაზღვის აუზის, მთლიანად ევროპის ნაწილზე. მაშინ, როდესაც ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გასული მაისი-ივნისი, განსაკუთრებით მაისი, გამორჩეულად ცხელი და მშრალი იყო, ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით, ყველგან მომატებული ნალექიანობა აღინიშნა - ძლიერი წვიმები, შტორმები. ამან განაპირობა ყველგან მდინარეების ადიდება და გარკვეული სტიქიური, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების გააქტიურება.

ივნისში ჩვენი ტერიტორია ძირითადად იმყოფებოდა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილზე განვითარებული ციკლონების გადაადგილების ზონაში, შესაბამისად, ამ ციკლონების ზემოქმედების ქვეშ. ნოტიო ჰაერის მასები ძირითადად დასავლეთიდან შემოდიოდა. როდესაც დასავლეთიდან შემოდის ჰაერის მასები, ის შავ ზღვას გამოივლის და უფრო ტენიანი ხდება. ამასთან ერთად, ხშირად ადგილი ჰქონდა ე.წ. სამხრეთულ ტალღებს ანუ სამხრეთიდან შემოსული ციკლონის მოქმედებას, რამაც თავის მხრივ განაპირობა ძლირი ქარი და ატმოსფერული ნალექი.

- მოკლედ რომ ვთქვათ, როგორია ნალექის ჯამი ივნისში ჩვენს ტერიტორიაზე...

- დაახლოებით 60-70%-ით აღემატებოდა ნორმის მაჩვენებელს. ნალექი რომ იყო მომატებული, სამხრეთიდანაც ჰქონდა ჰაერის მასების შემოსვლას ხშირად ადგილი. ივნისი არ იყო ისეთი გრილი, ვთქვათ, როგორიც იყო, მაგალითად, მაისი. მაისში ტერიტორიაზე ნორმიდან გადახრა ნახევარი გრადუსის ფარგლებში იყო. გვქონდა ნორმის მახლობელი და უფრო თბილი ივნისი, თუმცა საკმაოდ ნალექიანი.

ჩვენ ვნახეთ სტატისტიკა, შევამოწმეთ და შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში 2023 წლის ივნისი ყველაზე ნალექიანი იყო 2002 წლის ივნისის შემდეგ, ანუ მეორე ყველაზე ნალექიანი თვე. 2002 წელს 2-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე ნორმალურად მოდის ხოლმე. მაისი ნალექით დასავლეთში უფრო გამოირჩეოდა, ვიდრე აღმოსავლეთში.

ივნისში არა მხოლოდ ნალექის სიჭარბე, სტიქიური მოვლენებიც აღინიშნა, ერთ-ერთი იყო გურჯაანში. ნალექიანი დღეები იყო გახშირებული, კერძოდ, მაისში ასეთი დღეების რიცხვი 4 დღით მეტი იყო ნორმაზე, ცალკეულ რაიონებში - 6-9 დღით. რაც შეეხება ივნისს, უკვე 7 დღით მეტი იყო ნალექიან დღეთა რიცხვი, ვიდრე ჩვეულებრივად. ფაქტობრივად, ერთი კვირით უფრო გახანგრძლივებული იყო ასეთი დღეები. ცალკეულ რაიონებში მაგალითად, კახეთში, ქართლში 10 დღით აღემატებოდა კლიმატურ ნორმას, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

- კი, ივნისი ექსტრემალური მოვლენებით მართლაც გამოირჩეოდა...

- გურჯაანი ვახსენეთ და 15 ივნისს იქ ძალიან ძლიერი წვიმა სეტყვასა და ძლიერ ქართან ერთად იყო. ფაქტობრივად, ნალექი ძლიერ ქარში გადაიზარდა. უხვმა ნალექმა სანიაღვრე არხების გადავსება გამოიწვია, გზებზე წყალი გადმოვიდა, სახლების პირველი სართულები დაიტბორა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ამ მოვლენის დროს ერთ საათში 48 მილიმეტრი ნალექი მოვიდა. რაც გურჯაანის თვის ნორმის თითქმის 50%-ს შეადგენს. შემდეგ იგივე მოხდა ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში, გურიაში.

- როგორია მიმდინარე თვის პროგნოზი?

- მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გამოდარებას ველოდებით. ზოგიერთ ადგილას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ელჭექს და ხანმოკლე წვიმას. უნალექო ამინდები გვექნება 16-17 ივლისამდე. 17-ში დასავლეთიდან ისევ ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლის გამო ამინდის გაუარესებას ველოდებით, თუმცა ინტენსიურ ნალექს და ტემპერატურის ასეთ კლებას აღარ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისის თვე დასავლეთ საქართველოში თბილი იქნება, დაახლოებით ერთ-ორი გრადუსით ნორმაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. აღმოსავლეთში კიდევ უფრო თბილი, დაახლოებით, 2 გრადუსამდე მაღალი. რაც შეეხება ნალექიანობას, დასავლეთში ველოდებით, უფრო მეტი ნალექი იქნება, ვიდრე ნორმალურ პირობებში. აღმოსავლეთში შედარებით მშრალია ივლისი.

რაც შეეხება სეზონურ პროგნოზს, მთელი ზაფხულისთვის - მოსალოდნელია თბილი ზაფხული, უფრო ცხელი, ვიდრე ჩვეულებრივად არის ხოლმე (ერთი-ორი გრადუსით). ნალექების განაწილებას რაც შეეხება, საშუალოდ ზაფხულის განმავლობაში უნდა მერყეობდეს, თუმცა ეს არ გამორიცხავს კონკრეტულ პერიოდში ძლიერ ნალექიან ეპიზოდებს. ადგილი არ ექნება მშრალ, გვალვიან პერიოდებს.

- კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შესარბილებლად საპრევენციოდ რა შეიძლება გაკეთდეს?

- საკმაოდ მკაცრი დღის წესრიგია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, კლიმატის ცვლილებების უარყოფითი შედეგების შესარბილებლად თუ მათთან შესაგუებლად. ჩვენი სამსახურის მიმართულებაა, რომ მოწყვლადობა შევამციროთ კლიმატის მიმართულებით, მაგალითად, გვქონდეს კარგად გამართული ადრეული გაფრთხილების სისტემები, რათა მოსახლეობამ თუ სხვა უწყებებმა ამ სისტემების საშუალებით კარგად გამართული ამინდის პროგნოზი მიიღონ. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საიმედო და დროული ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.

ეს ადრეული გაფრთხილების სისტემები ახლა ინერგება, ვითარდება და ხდება მათი კონკრეტულად საქართველოსთვის შერჩევა. ეს იმ შვიდი საფრთხის - გვალვა, ძლიერი ქარი, სეტყვა, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი - საპირისპიროდ იქმნება. სისტემები სარგებელს იმ კუთხით მოგვიტანს, რომ ვიქნებით უფრო მომზადებული საფრთხეების მიმართ. ასევე ხდება დაკვირვების სისტემების გაუმჯობესება და გაფართოება. ესეც ამ ამოცანებს მიეკუთვნება და იმ პროექტის ფარგლებში, რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და რაც ჩვენს უწყებაშია დაგეგმილი. 2025 წლისთვის თითქმის გაორმაგდება მეტეოროლოგიური ქსელის დაკვირვების სადგურების რაოდენობა, ესეც ხელს შეუწყობს შესაძლებლობების ამაღლებას.

იხილეთ ასევე: