"მეკვლეობას ვინმეს როგორ დავამადლი"

"მეკვლეობას ვინმეს როგორ დავამადლი"

მსახიობ გურამ ფირცხალავას საახალწლოდ ღვინო მეგობარმა, იმედა კახიანმა აჩუქა, მაგრამ ის ჯერ არ გადაუწყვეტია, საცივისთვის ინდაურს იყიდის თუ სოფლის ქათამს. როგორც მსახიობი აცხადებს, შემოტანილი ინდაურები გენმოდიფიცირებულია და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

- ბატონო გურამ, დღესასწაუ­ლებიდან რომელს გამოარჩევდით?

- ახალი წელი სიახლეებს უკავშირდება, კარგ ასოციაციებს იწვევს. მაგრამ ამ ბოლო დროს, რომ ვუფიქრდები, ვხვდები, დრო მიდის და ცოტათი მტკივა გული. მე დღესასწაულებიდან მაინც აღდგომას გამოვარჩევდი.

- ბავშვობაში როგორ ხვდებოდით ახალ წელს?

- ჩემს ბავშვობაში იყო ნამდვილი ახალი წელი, მაშინ ზეამაღლებული სულითა და გულით მოველოდით ამ დღესასწაულს. ბავშვობაში ყველაფერი სასიამოვნო იყო. 14 იანვარი რომ დადგებოდა, ბებია იტყოდა, აი, სადაცაა დადგება ახალი წელიო, ვხვდებოდი, რომ რაღაც დიდი დღესასწაული ახლოვდებოდა.

- მეკვლე თუ გყავდათ ხოლმე?

- ოჯახში გვქონდა ტრადიცია, რომ ახალ წელს მეკვლედ ისეთი ადამიანი უნდა გვყოლოდა, რომელსაც კარგი ფეხი ჰქონდა. ჩვენთან მეკვლედ მოდიოდა მეზობლის ქალი, რომელსაც დედა წინასწარ ეპატიჟებოდა. იმ პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ოჯახში დადიოდნენ მეკვლეებად. მათ ბევრი მთხოვნელი ჰყავდათ, არიქა ჩემთან მოდი, არიქა ჩემთანო (იღიმის).

- ბატონო გურამ, თქვენ თუ ყოფილხართ მეკვლე?

- კი, როგორ არა. ახლა სტუმრად მყავს ჩემი ნათლული, მეხვეწება, წელს შენ იყავი ჩემი მეკვლეო. ბევრმა მეგობარმა მთხოვა, მეკვლეობას როგორ დავამადლი ვინმეს.

- მეკვლის სპეციალური ფრაზებით შედიხართ ოჯახებში?

- მე ჩემი ფრაზა მაქვს - გაიხარეთ, აყვავდით, ჯანმრთელობა მოგცეთ ღმერთმა, მრავალჟამიერი გაისმოდეს მუდამ ამ სახლიდან, გკოცნით, თქვენი გურამი-მეთქი. "შემოვდგი ფეხი" უკვე მოძველებული ამბავია. მე ხალხს გულით ვუსურვებ იმას, რასაც ვამბობ, ეს ფუჭი სიტყვები არ გეგონოთ. გულიდან ამოსული სიტყვა ლოცვაა, ლოცვა კი ადრე თუ გვიან თავისას იზამს.

- ნაძვის ხეს დგამდით ბავშვობაში?

- ჩემი ბავშვობის ნაძვის ხე ბუნებრივი იყო. მასზე ჩამოკიდებული იყო ჩურჩხელები, კამფეტები, ვაშლები, მანდარინები, შოკოლადები.

- თოვლის ბაბუაც მოდიოდა?

- რა თქმა უნდა. მას ბავშვებისთვის მოჰქონდა ხურდა ფული, ტკბილეული და კამფეტები.

- ახლა როგორ ხვდებით ახალ წელს?

- ცუდად, ჩემო კარგო, ცუდად, რადგან საქართველოს ცუდი პერიოდი უდგას. დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობა, განათლება ისპობა, ახალგაზრდებს სხვა მიმართულებით ზრდიან, აღარც სამუშაო ადგილებია, ფასებიც კატასტროფულად იზრდება. ახლობლებისთვის საჩუქარსაც ვეღარ ვყიდულობ. სათამაშოებიც ისე გააძვირეს, ისიც კი არ ვიცი, ბავშვებისთვის ყიდვას შევძლებ თუU არა. როგორც გავიგე, წელს ნაძვების ფასიც მოიმატებს. კატასტროფისკენ მივდივართ. ეს აღარ არის ქვეყანა. არ ვიცი, რამ შეაძულა ჩვენს ხელისუფლებას ყველაფერი ქართული. რაც დრო გადის, ახალი წელი უფრო და უფრო უფასურდება. ეს ბრჭყვიალები რომ ჩამოგვიკიდეს ქუჩებში, ესეც სულ სხვა რამეზეა გათვლილი.

- ბატონო გურამ, თქვენი შვი­ლი­შვილებისთვის თქვენ ხართ თოვლის ბაბუა?

- მთხოვენ, მაგრამ ვერ ვახერხებ. უფრო ხშირად ჩემი მეზობელია. ის სიმბოლურად იკეთებს ულვაშებს, ქუდს და პატარ-პატარა საჩუქრებით მოდის ბავშვებთან. მე საჩუქრებს შვილიშვილებს ბალიშის ქვეშ ვუდებ ხოლმე.

- თქვენი მეუღლე როგორი მზა­რეულია?

- კარგი, მაგრამ წელს ახალი პრობლემა გაგვიჩნდა. არ ვიცით, ინდაური ვიყიდოთ თუ ნამდვილი სოფლის ქათამი. ამბობენ, შემოტანილი ინდაურები გენმოდიფიცირებულია და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნისო. მე მგონი, წელს სოფლის ქათამს შევიძენთ და მისგან გავაკეთებთ საცივს. დანარჩენ რაღაცებსაც მივამატებთ და მოსული სტუმრების გამასპინძლებასაც შევძლებთ. რაც მთავარია, ღვინო მაქვს. იმედა კახიანმა მაჩუქა, არ დამეჩაგროო (იღიმის).

- ბატონო გურამ, თქვენ არა­ჩვ­ე­ულებრივი თამადა ბრძანდებით, ახალი წლის სუფრასაც თქვენ უძღვებით?

- ხშირად ვარ თამადა, თუმცა საახალწლოდ მირჩევნია, სხვა დავნიშნო. თამადობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მე ლაღად და მშვიდად მინდა შევხვდე დამდეგ წელს.

- ახალ წელს ბევრი სტუმარი გყავთ?

- მეზობლებიდან დაწყებული, დამთა­ვრებული მეგობრებით, ყველა ჩვენი სტუმარია. ხშირად დასავლეთიდან ჩამოდიან ჩვენი ნათესავები. მათ მოაქვთ ჩვენთვის კაი-კაი დედლები და რაღაც-რაღაცები. განა მათ აქვთ საშუალება, ვალს დაიდებენ, მაგრამ მაინც დატვირთულები მოდიან.

- ანუ, ძველი ტრადიციები აქვთ შემორჩენილი?

- ნამდვილად, მაგრამ საშუალება აღარ აქვთ, რადგან ხელისუფლება მათაც ქათამივით პუტავს.

- დაბოლოს, რას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას?

- მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი, ვუსურვო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მასზე იზრუნებს. თქვენს ჟურნალს კი ბევრ მკითხველს, გამარჯვების გზაზე სიარულსა და დიდხანს არსებობას ვუსურვებ.

ნონიკა ვაშაყმაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება