ერაყელმა პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტეს, რა მოუხერხონ ყურანს, რომელიც დამხობილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის სისხლით არის დაწერილი.
1990-იან წლების ბოლოს სადამ ჰუსეინი ორი წლის განმავლობაში წიგნის ხელნაწერზე მედდასა და ისლამური კალიგრაფიის ოსტატთან ერთად რეგულარულად "მუშაობდა". მედდა მას სისხლს უღებდა - ყურანის დაწერას სულ 27 ლიტრი სისხლი დასჭირდა. კალიგრაფი ამ სისხლით ყურანს წერდა. კოალიციური შეიარაღებული ძალების მიერ ბაღდადის აღების შემდეგ, წიგნი ბაღდადის ერთ-ერთ მეჩეთში სამმაგი საკეტით ინახება.
ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა იმ მეჩეთის საცავში შესვლა შეძლო, რომელსაც სადამმა "ყველა ბრძოლის დედა" უწოდა. "ის, რაც აქ ინახება, გადაჭარბების გარეშე ფასდაუდებელია, მილიონობით დოლარი ღირს", - განუცხადა ჟურნალისტს ერაყის სუნიტური საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ახმედ ალ-სამარაიმ.
"შიიტების მიერ მართულ რეჟიმს ნებისმიერი სიმბოლოს დაბრუნების ეშინია, რომელსაც აფეთქებებისა და მკვლელობების ორგანიზატორთა შორის აჟიოტაჟის გამოწვევა შეუძლია", - ნათქვამია სტატიაში.
სუნიტები კი ხელისუფლების უკმაყოფილებასა და ალაჰის რისხვას უფრთხიან: შეიხ სამარაის თქმით, ყურანის სისხლით დაწერა ისლამით აკრძალულია. წიგნი სამმაგ საკეტში ინახება: ერთი გასაღები სამარაის აქვს, მეორე პოლიციის უფროსს, მესამე კი ბაღდადის ერთ-ერთ რაიონშია. საცავში მნახველის შეშვება მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.