კიანუ რივზმა ათი წლის წინ ცხოვრების სიყვარული დაკარგა და მას შემდეგ ის ქალთან ერთად აღარ უნახავთ. მისი შეყვარებული ჯენიფერ საიმი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მხოლოდ ჯენიფერს შეეძლო კიანუს ახირებების ატანა. კიანუ რივზი სწორედ თავისი ახირებულობითაა ცნობილი.
მსახიობი პრინციპულად უარს ამბობს ელექტონულ ფოსტაზე და წერილებს ძველებურად ფოსტით აგზავნის. მას შეუძლია ერთი თვის მანძილზე ტელეფონი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამორთოს; შუაღამეს ადგეს და ასობით კილომეტრი გაიაროს მოტოციკლით იმის გამო, რომ ოკეანის სანაპიროზე მზის ამოსვლით დატკბეს. მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რომ საკუთარი სახლი არ აქვს. ვინ შეძლებდა ოთხი წლის მანძილზე სხვადასხვა სასტუმროებში ცხოვრებას? მხოლოდ ჯენიფერს შეეძლო კიანუ რივზის ეს უცნაურობები გაეგო. "ჯენიფერი ჩემნაირი იყო. ის მე ყველაფერში მიგებდა. მისი მსგავსი ქალი არ არის და არც იქნება", - ამბობს რივზი საყვარელ ადამიანზე.
მსახიობი ჯენიფერის სიკვდილის გარემოებებმა შოკში ჩააგდო. ქალის სისხლში დიდი რაოდენობით კოკაინი აღმოაჩინეს. ჯენიფერი მანქანას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა. ქალი ცდილობდა დეპრესიას ნარკოტიკებით გამკლავებოდა, რადგან მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ბავშვი მუცელში დაეღუპა.
"იმ დღეს ჯენიფერმა ლონდონში დამირეკა. ის ისე ქვითინებდა, თითქმის ვერ ვარჩევდი რას მეუბნებოდა. მხოლოდ ის გავიგე, რომ ჩვენს გოგონას რაღაც დაემართა. სასწრაფოდ ლოს-ანჯელესში გავფრინდი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი პატარა მუცელში დაიღუპა. ექიმებმა მშობიარობა ხელოვნურად გამოიწვიეს. იქ ვიყავი და ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე", - იხსენებდა კიანუ რივზი მოგვიანებით.
იმაში, რომ მან ვერ შეძლო შეყვარებულის გადარჩენა, კიანუ თავის თავს ადანაშაულებს. ბოლო ათი წლის მანძილზე ის ჯენიფერს გლოვობდა. არავის არსად უნახავს რივზი მეგობარ ქალთან, თუნდაც მეძავთან ერთად.
12 დეკემბერს კი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ქუჩაზე, კიანუ რივზი ქერა ქალთან ერთად გამოიჭირეს. ისინი ხელჩაკიდებულნი მიაბიჯებდნენ შეყვარებული წყვილივით. "რივზმა რამდენჯერმე მიიხუტა თანამგზავრი, ხოლო ქალბატონმა მას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. როდესაც ფოტოგრაფი შეამჩნიეს, მაშინვე ისეთი გამომეტყველება მიიღეს, თითქოს "საქმიანი შეხვედრა" ჰქონდათ და მანქანაში ჩასხდნენ", - ყვება თვითმხილველი.
მომდევნო დღეს კალიფორნიელმა ჟურნალისტებმა კიანუს ახალი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და აღმოჩნდა, რომ მსახიობის ახალ მეგობარს მია სპიოტი ქვია. გოგონა ყვავილების გამყიდველია და მათ ერთმანეთი ერთი თვის წინ საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. წყვილი ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ხვდება.
მია სპიოტის შესახებ გაცილებით მეტი მაშინ შევიტყვეთ, როდესაც ნიუ-იორკის ყვავილების მაღაზიებში დავრეკეთ. "სამწუხაროდ მასთან ვერ დაგაკავშირებთ, - გვითხრა მაღაზიის ადმინისტრატორმა, - მია შვებულებაშია". ცნობილ მსახიობთან მისი ურთიერთობის შესახებ მაღაზიაში არაფერი იცოდნენ.
პაპარაცების გადაღებული რივზისა და სპიოტის ფოტოების გავრცელების შემდეგ, მსახიობის თაყვანისმცემლები ინტერნეტში მისი არჩევანის შესახებ ალაპარაკდნენ - რაში სჭირდება მას უცნობი ქალი, როდესაც გარშემო უამრავი გრძელფეხება ლამაზმანია, რომლებიც მას უსიტყვოდ დანებდებიან?!
ვარსკვლავის მეგობარს კი მიაჩნია, რომ ამაში უჩვეულო არაფერია: "რივზს ცხვირაწეული თოჯინები, მაღალი წრის გოგონები, განსაკუთრებით კოლეგები არასდროს მოსწონდა. ის ძალიან უბრალო ადამიანია და მთელი ცხოვრება უბრალოებისკენ მიისწრაფვის. საიმიც უბრალო გოგონა იყო. მიას კი, ამბობენ, რომ მისი არცერთი ფილმი არ უნახავს. ის სილამაზის ქალღმერთი ნამდვილად არ არის, თუმცა კიანუს ეს არც სჭირდება - მას უკვე დიდი ხანია დიდმკერდიანი მოდელები აღარ იზიდავს. მისთვის ყველაზე მთავარი ურთიერთგაგებაა".
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კენაუმ განაცხადა: "ბოლო დროს გავაცნობიერე, რომ მეუღლე და შვილები მინდა. ამ მიმართულებით მივდივარ, ცოტა დრო მომეცითო".
მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.