23 დეკემბერს, რუსთაველის თეატრის წინ რიგით მეექვსე, ზინაიდა კვერენჩხილაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის საზეიმო გახსნამდე, ამ მსახიობის მონაწილეობით დიდ სცენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი "მოხუცი ჯამბაზები" და აჩვენეს კადრები მის მიერ ნათამაშები სპექტაკლებიდან. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც რუსთაველის თეატრში გელა კანდელაკი და მისი ჩრდილების თეატრი მოღვაწეობს. 2011 წლიდან ეს დასი სპექტაკლებს ისევ ამ თეატრის შენობაში წარმოადგენს. თეატრის 132-ე სეზონის მეორე ნახევარში რამდენიმე პრემიერაც იგეგმება. თეატრალურ ცხოვრებასა და მოახლოებულ ახალ წელზე რუსთაველის თეატრის მმართველსა და მსახიობს ზაალ ჩიქობავას ვესაუბრეთ:
- რუსთაველის თეატრში წლევანდელი სეზონის გახსნიდან დღემდე მაყურებელს რამდენი პრემიერა შესთავაზეთ.
- ექსპერიმენტულ სცენაზე "ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?", "ბენიამინი" და "ქარი მწყურია მე პირდაპირის" პრემიერა შედგა, ხოლო დიდ სცენაზე მაყურებელმა განახლებული სპექტაკლი, ფრიდრიხ დიურენმატის "ვთამაშობთ სტრინდბერგს" ახალი ვერსია იხილა. ახალი წლის დღეებში ბავშვებს "სალამურას" და "ვარსკვლავბიჭუნას" წარმოვუდგენთ. ამავე პროგრამაში ჩაჯდება "შობის მეთორმეტე ღამე". ჩვენი წარმოდგენები 3 იანვრიდან დაიწყება და თეატრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. 31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს ვისვენებთ.
- ამ დასვენების დღეებსა და ახალ წელს როგორ ატარებთ?
- ბოლო წლების განმავლობაში ახალ წელს ქუჩაში ვხვდებოდი. ხან საახალწლო კონცერტი მიმყავდა და ხან მათი ორგანიზატორი ვიყავი. მგონი, ახლა ახალ წელს სახლში შევხვდები, რაც ალბათ, ყველაზე კარგია. იმ შეგრძნებას, რაც ახალი წლის დადგომას თან ახლავს, შინ ყველაზე კარგად, თბილად და მყუდროდ აღვიქვამ. ჩემს ოჯახშიც, ისევე როგორც ყველა ქართულ ოჯახში, გაშლილია სუფრა, დგება ახალი წელი და შესცქერი კარს, თუ ვინ შემოაღებს (იღიმის).
- თქვენი ოჯახის მეკვლეები თქვენი შვილები არიან?
- შვილები, მაგრამ ალბათ მეკვლედ მაინც ის ადამიანი ითვლება, ვინც ახალი წლის დადგომისას ოჯახში პირველი გეწვევა.
- საახალწლო სუფრის სამზადისში ერევით?
- არა, ეს საკითხი ოჯახის დიასახლისზე - მეუღლეზე მაქვს მთლიანად მინდობილი. ამ საქმეს ის უძღვება.
- ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი გაიხსენეთ...
- ძალიან საინტერესო იყო და დასამახსოვრებელი, როცა პირველად მომიხდა საქართველოს მოსახლეობისთვის ახალი წლის დადგომის მილოცვა. ეს იყო 2004 წელი. კონცერტი თავისუფლების მოედნიდან მე და გოგოლა კალანდაძეს მიგვყავდა. იმ ახალმა წელმა განსაკუთრებული განწყობა და ენერგია
დამიტოვა.
- ტელეფონით პირველად ახალ წელს ვის ულოცავთ?
- თუ ისე ხდება, რომ მთელი ოჯახი ერთად არ ვართ, პირველად ვულოცავ ჩემს ძმებსა და დედას, რომელიც ჩემს რომელიმე ძმასთან არის ხოლმე. ამის შემდეგ, აუცილებლად რომელიმე ძმის ოჯახში ვიკრიბებით. იმედი მაქვს, წელს ყველა ჩემს ოჯახში შეიკრიბება და მათთან დარეკვა არ მომიწევს (იღიმი).
- და ახალ წელთან ერთად, ახალმოსახლეობასაც აღნიშნავთ. ალბათ საახალწლო დღეებში თეატრის მსახიობებსაც ხვდებით...
- რა თქმა უნდა. ჩვენ მრავალი წლის მეგობრები და კოლეგები ვართ, შესაბამისად, ჩვენი ტრადიციებიც გვაქვს. 2 იანვარს დათო დარჩიასთან ვიკრიბებით. ორი წლის წინ ამ დღეს დათოსთან მთელი სამეგობრო შევიკრიბეთ. მაშინ ნიკუშა გომელაური ცოცხალი იყო და ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა - მუსიკალური, პოეტური, არტისტული, გიჟური და გადარეული (იღიმის).
- ცნობილია, რომ კარგად მღერით. მცირე ხნის წინ "ბრავოში" თქვენს სიმღერას საზოგადოებაში დადებითი შეფასებები მოჰყვა...
- მე და მარინა ბერიძე რისკზე წავედით. მარინა მარიკო ებრალიძის ლობისტი იყო, ხოლო მე ლობისტის ლობისტი (იღიმის). მარინას პიარკამპანიაში დიდი სიამოვნებით დავეხმარე, რადგან მარიკოს დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მიმაჩნია, რომ ის ქართული ესტრადის ერთ-ერთი კარგი მომღერალია. ძალიან მინდოდა გაემარჯვა, მაგრამ წარმატება არანაკლებ კარგ შემსრულებელს ნინი წიკლაურს ხვდა წილად. მარინამ და მე ვაჟა აზარაშვილის "ტანგო" შევასრულეთ. საერთოდ, ძალიან უცნაური თვისება მაქვს, ვერც ერთი სიმღერის ტექსტს ვერ ვიმახსოვრებ. ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ ამ სიმღერის ტექსტიც არ შემშლოდა. ყველა მელოდიას შემიძლია ავყვე, მაგრამ ტექსტი არ მახსოვს, თუ ეს რომელიმე ჩემთვის ნაცნობი პოეტის ლექსი არ არის.
- თუმცა ლექსებს ძალიან კარგად კითხულობთ...
- ლექსებს კარგად ვიმახსოვრებ, მაგრამ სიმღერისთვის დაწერილი "განცალკევებული" ტექსტები არ ვიცი. როლის ტექსტებს და ბევრ სხვა რამესაც ვიმახსოვრებ (იღიმის). მაგალითად, ტელეფონის ნომრებს. ბევრ ნომერს ზეპირადაც ვკრეფ.
- ქალბატონ მარინას დიდი ხანია იცნობთ?
- ძალიან. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ერთად ბევრი პროექტი გაგვიკეთებია და დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს.
- თქვენი სიმღერა პროექტ "იმღერე რამედანაც" გვახსოვს. ამ მხრივ რაიმე განათლება გაქვთ მიღებული?
- სიმღერაში არანაირი პროფესიული განათლება არ მიმიღია. გარდა იმისა, რომ სკოლაში III-IV კლასებში ხალხური სიმღერის გუნდში ხალხური სიმღერების შესწავლა დავიწყე. სწორედ ამ გუნდიდან დაიბადა ანსამბლი "მართვე" და მეც მცირე პერიოდის განმავლობაში მისი წევრი ვიყავი. ასევე ბავშვობაში შოთა ჯოჯუას საბავშვო ოპერაში მივიღე მონაწილეობა და ვიმღერე. სულ ეს იყო, ახლა მეგობრებთან ერთად ვმღერი და ზოგჯერ სიმღერას ჩემი პროფესიაც მოითხოვს (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)