ჟანა ლანვინი - ფრანგული მოდის ელჩი

ჟანა ლანვინი - ფრანგული მოდის ელჩი

- "პატარა ომნიბუსი" მოვიდა.

- რომელმა დაინიშნეთ დრო? გუშინ უფრო ადრე არ დაბრუნდა იმავე ქუჩიდან?

- ზუსტად 25 წუთი. არის! რეკორდი მოხსნილია. გუშინ 26 წუთი და 17 წამი დასჭირდა. არადა, პირადად მე აქედან ფობურ სენტ ონორეს ქუჩამდე რომ მივიდე, 30 წუთი მაინც მჭირდება.

- ჟანა მაგარია.

- უთუოდ.

- ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. ...შვიდი, რვა და მეცხრე, მე. კიდევ - დედა და მამა. ერთ-ორ შეკვეთასაც დავარიგებ და დღეს საღამოს დედა გემრიელ ვახშამს მოამზადებს, - ბუტბუტებს ჟანა და სევდიანი თვალებით გასცქერის წვიმიან პარიზს. სახლში ცხრა ბავშვია. მამა კონსიერჟია, დედა - დიასახლისი.

13 წლის ჟანა კი ქუდების მკერავის სახელოსნოში მუშაობს კურიერად. შეკვეთებს ფეხით დაატარებს. ავტობუსისთვის ფული ენანება, ამიტომაც დასცინიან სახელოსნოსში მკერავები, "პატარა ომნიბუსი" ხარო.

- შეკვეთას ვინ წაიღებს? შენ, პატარავ? აბა შენ იცი, იცოდე, ავტობუსით წადი. მალევე მიხვალ და ფეხსაცმელიც არ გაგიცვდება. - ეს უკვე თვითონ ჟანაა. 16 წლის გახდა და მადამ ფელიქსთან დაიწყო მუშაობა, ქუდების სამკერვალოში ქუდებს კერავს. შეკვეთებს მის მაგივრად ახლა უამრავი პატარა "ჟანა" დაატარებს, ოღონდ მისგან განსხვავებით... ტაქსით.

- არ მოგბეზრდა ეს გაბღენძილი ფელიქსი? - ეს ჟორჟეტაა, ჟანას მეგობარი "მხატვრების უბნიდან". მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი და "ქერათმიანი".

- მერე რა, რომ მომბეზრდა?

- რა და საკუთარი სახელოსნო გახსენი.

ჟანას ეს იდეა მოსწონს. ერთ თვეში კრედიტს აიღებს და ბუასი დ"ანგლას ქუჩაზე ქუდების პატარა სამკერვალოს გახსნის. მადამ ფელიქსის კლიენტებიც, უმალ ჟანას სახელოსნოში გადაინაცვლებენ, მათ შორის არიან პარიზის დიდგვაროვანი ქალბატონები. ჟანას ძალიან უნდა მათ ჰგავდეს. მათ მსგავსად იმოსება და სუნამოს იპკურებს. დახვეწილი მანერებიც გადაიღო და საღამოობით თეატრსაც სტუმრობს.

- მადამ, თქვენი ხელთათმანი.

ჟანა შემოტრიალდა და ღიმილი აჩუქა უცნობ ახალგაზრდას. ეს იტალიელი გრაფი ემილიო დი პიეტროა, რომელიც უმალ მოიხიბლა ახალგაზრდა ქალით. ჟანაც მოიხიბლა, ოღონდ მისი... წარმომავლობით. რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ. ნეფე 21 წლისაა, პატარძალი 28-ის. ჟანა უკვე ნამდვილი ქალბატონია, თავისთვის საუკეთესო შლაპებს იკერავს და მხოლოდ დიდგვაროვანთა წვეულებებზე დადის. ორ წელიწადში ქვეყანას მათი შვილი მარგარეტი, იგივე რირიტი მოევლინება. 4 წლის მერე კი... ჟანა პიეტროსგან მიდის. რაღაში სჭირდება?! ის წარმატებულია, ცნობილი და რირიტი ჰყავს. პატარა გოგონათი შთაგონებული ჟანა საბავშვო კოლექციის შექმნას იწყებს, რომელიც ქუდებზე არანაკლებ პოპულარული ხდება. პატარა კაბები ძალიან ჰგავს დიდებისას და ამით ხიბლავს ახალგაზრდა დედებს. 1922 წელს მხატვარი პოლ ირიბი ხუმრობით ჟანას და რირიტს დახატავს, ერთნაირ იასამნისფერ კაბებში. მოგვიანებით ეს ნახატი "ლანვინის" მოდის სახლის სიმბოლო გახდება.

რირიტი გაიზარდა და დედამაც პირველი "გამოსასვლელი" კაბა შეუკერა, პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... ერთ დღესაც, მთლიანი კოლექცია შექმნა ახალგაზრდა ქალბატონებისთვის და საკუთარ მაღაზიაში გამოფინა. კოლექცია უმალ გაიყიდა. უკორსეტო, თავისუფალი, ანტიკურ სტილში შესრულებული შიფონის ლავანდისფერი კაბები ყველას მოსწონს. გასული საუკუნის ოციანი წლების ბოლო. ჟანამ თავისი კოლექციით მთელი ევროპა და ამერიკა მოიარა. 1926 წელს იგი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოეს. 1936 წელს კი "ფრანგული მოდის ელჩის" ტიტული მოირგო.

- დედა, ძალიან მომწონს ეს კაბა, მაგრამ არ ვიცი, რომელი სუნამო დავიპკურო. იცი, მინდა ისეთი სურნელი, რომელიც... - ეს რირიტია. მეუღლესთან, გრაფ დე პოლინიაკთან ერთად წვეულებაზე მიდის, სადაც უამრავ თავბრუდამხვევ სურნელს შორის სურს, მისი სურნელი გამორჩეული იყოს.

- დამაცადე, რირიტ. შენს სუნამოს ზამბახისა და იის სურნელი ექნება, - გაუნათდა სახე ჟანას.

- დედა, კი მაგრამ.....

- როდის არის წვეულება?

- ორ კვირაში.

- ჰოდა, ორ კვირაში მოდი.

ორ კვირაში სუნამოს სასიგნალო ვერსია მზად არის. ჟანა აღფრთოვანებული აწვდის შვილს პატარა, იისფერ ფლაკონს, რომელსაც აწერია Iრის.

- მოგწონს?

- მომწონს.

ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... შვიდი, რვა და ვინ იცის, რამდენი წელი გაივლის იმ დღიდან. 1946 წელს, მადამ ლანვინის გარდაცვალების შემდეგ, მოდის სახლს სათავეში რირიტი ჩაუდგება, მაგრამ მას ბიზნესის არაფერი გაეგება, სამაგიეროდ, დედის შეკერილ კაბებს იხდენს კარგად. რირიტს ესპანელი ანტონიო კანოვას დელ კასტილიო ცვლის, მერე ჟიულ ფრანსუა კრახე, მაგრამ მათი მოღვაწეობა მოდის სახლში კრახით სრულდება, სანამ...

მონტინიაკი, თავისი გუნდით, ეს ხანში შესული მადამი, პუარე და აი ის, წითელბაბთიანი "ვინი პუჰი" დატოვებენ მოდის სახლს. გმადლობთ, ქალბატონებო და ბატონებო, ივ სენ ლორანის მოდის სახლში გაწეული შრომისთვის, იმედი მაქვს, აქედან წასვლის შემდეგ... ეს ტომ ფორდია, ივ სენ ლორანის მოდის სახლის ახალი კრეატიული დირექტორი, ხოლო, წითელბაბთიანი "ვინი პუჰი".... ალბერ ელბაზი - ახალგაზრდა ებრაელი დიზაინერი, რომელიც სასაცილო ბაბთასა და შავჩარჩოიან სათვალეს არ იშორებს.

ელბაზი 1961 წელს მაროკოში დაიბადა, თუმცა ებრაელია. 10 წელი რომ შეუსრულდა, მისი ოჯახი მშობლიურ ისრაელს დაუბრუნდა, ქალაქ ჰულონში დასახლდნენ. ჯარშიც კი იყო, მოვალეობა მოიხადა, იქიდან დაბრუნებულმა კი, შენკარის კოლეჯში ჩააბარა ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტზე. მერე იყო ნიუ-იორკი და ბოლოს პარიზი, სადაც გაი ლაროშის მოდის სახლში დაიწყო მუშაობა დიზაინერად, თუმცა დიდხანს იქ ვერ გაჩერდა და ერთ დღეს სენ ლორანს მიადგა - ბაბთიანი, სასაცილო და იდეებით სავსე.

მოდის მეტრს სასაცილოდ ჩაცმული, ბუთხუზა ბიჭუნა მოეწონა. შესაბამისად, მისი იდეებიც და მას ქალთა ხაზზე მუშაობა მიანდო. მერე კი მოდის ბიზნესიდან წასვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე, სახლის კრეატიული მხარე გადააბარა. მაგრამ მალე GUCCI ჯგუფმა YSL RIVE GAUCHE შეისყიდა და მასში მოსულმა ტომ ფორდმა "ვინი პუჰიც" გარეთ მოისროლა.

- რა იყო, ალბერ, რამ ჩაგაფიქრა? - ფიქრიდან ნაცნობმა ხმამ გამოარკვია. გამოფხიზლდა, სათვალე გაისწორა და იცნო, ჯეფრი ბინი იყო, ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ ნიუ-იორკში შეამჩნია მასში ნიჭი და პარიზში გაუკვალა გზა.

- გამომაგდეს.

- ვინ? ტომმა? - ჯეფრიმ ხმამაღლა გაიცინა. მალე გაიგებს შენზე. ბაბთა გაისწორე და წამომყევი.

- სად?

- წამომყევი-მეთქი.

PS.. MR. Tom, გთხოვთ მობრძანდეთ, LANVIN-ის მოდის სახლის შემოდგომა-ზამთრის 2002 წლის კოლექციის ჩვენებაზე.

პატივისცემით, მოდის სახლის სამხატვრო დირექტორი ალბერ ელბაზი ან როგორც მას თქვენ უწოდებთ "წითელბაბთიანი ვინი პუჰი".

ქეთი ნიკოლავა

ყოველთვიური ჟურნალი ”ბომონდი”

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება