თინა მახარაძე მთავარი გმირია ტელესერიალისა "გოგონა გარეუბნიდან". მისი ნამდვილი სახე მაყურებელს ჯერ არ უნახავს და ჯერჯერობით ვერც ნახავს, რადგან ეს სერიალის სცენარზეა დამოკიდებული. როგორც კი თინას გმირი, თამუნა ჭელიძე გალამაზდება, მსახიობიც გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს.
არადა, ძალიან ლამაზი გოგოა. თინას მეგობრები მემეს ეძახიან, 20 წლისაა. იცვამს არაორდინარულად და აქვს თავისი სამყარო, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს.
- დავიბადე რუსთავში. მე-7 კლასიდან კი თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და ისევე როგორც ჩემი გმირი, მეც გლდანში ვცხოვრობ. რეალურადაც გოგონა ვარ გარეუბნიდან (იცინის).
- სად სწავლობ?
- თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამისა და კინოს ფაკულტეტზე. რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში ვარ.
- სერიალში როგორ მოხვდი?
- შემთხვევით. პირველად "ზუმის" სახე გავხდი. 2009 წლის ზაფხულში სპექტაკლ "როჯერის ქვრივებზე" ვმუშაობდით. სწორედ მაშინ დამირეკა მეგობარმა და მითხრა, ამა და ამ ადგილზე შერჩევაა და აუცილებლად მიდიო. მართლაც, დახეული კედებით, შორტებით და ამოჩაჩული მაისურით გავვარდი. მოკლედ, სამივე ტური გავიარე და ერთ მშვენიერ დღესაც დამირეკეს და მითხრეს, მთავარ როლზე დაგამტკიცეთო.
ვერ აგიწერთ, სიხარულისგან რა დამემართა, კინაღამ შევიშალე... არ გეგონოთ, რომ მთავარი როლი გამიხარდა, "თამუნა ჭელიძე", ანუ ამერიკელი ბეტის ქართული ანალოგი რომ უნდა განმესახიერებინა, ეგ გამიხარდა.
- ტელესერიალში ფიზიკურად როგორ გაუშნოებენ?
- არ მკითხოთ... წარბებს მისქელებენ, რკინამიკრულ კბილებს მიკეთებენ ჩემს კბილებზე, რომელიც ტუჩებს მიუშნოებს და საშინლად მაცმევენ. თუმცა, ჩემი გმირი, თამუნა ძალიან კარგი ადამიანია.
- რა მსგავსებაა თამუნა ჭელიძესა და თინა მახარაძეს შორის?
- ორივე კეთილი და დაბნეულია. ყველაფერი ხელიდან უცვივდებათ და ყველაფერს კარგავენ. მაგალითად, გადაღების დაწყებამდე კბილების "ჩასმა" ხშირად მავიწყდება...
- შენს გმირს ტელესერიალში დასცინიან, რადგან გლდანელია. რეალურად, შენც გლდანში ცხოვრობ და თუ გქონია შემთხვევა, ამის გამო დაეცინათ?
- არ ვაღიარებ და არ ვცნობ ე.წ. თბილისურ ელიტას. ასეთ კატეგორიას ყოველთვის ირონიით ვუყურებ. ჩემი მეგობრების 90 პროცენტი, ისევე როგორც მე, სამოსს, ე.წ. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ყიდულობს; უყვართ ტროტუარზე ლუდის დალევა. მართალია, ლუდს არ ვსვამ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვუწევ კომპანიონობას. უშუალო და თბილი მეგობრები მყავს. ასეთი ადამიანური დამოკიდებულება, როგორიც ჩემს სამეგობრო წრეშია, ე.წ. ელიტურ წრეებში არ არის. ამიტომაცაა ეს ხალხი ჩემი მსუბუქი ირონიის ობიექტი.
- თეატრალურ ინსტიტუტში იციან, რომ ხარ "გოგონა გარეუბნიდან"?
- ადრე არ იცოდნენ, მაგრამ ახლა იციან. ხმით მიცნეს, თორემ ჩემი გრიმის წყალობით, გარეგნობით ვერავინ მცნობდა.
- როგორია თინა მახარაძე რეალურად?
- საშინელი იდეალისტი ვარ. წარმოუდგენელ რაღაცებზე ვოცნებობ. მინდა ვიყო უნივერსალური მსახიობი და არ არსებობდეს როლი, რომელსაც არ შევასრულებ. პლასტიკა და ვოკალი დასამუშავებელი მაქვს და მინდა, რომ ამის დრო მქონდეს. მაგალითად, ერთ-ერთ სერიაში ნაბახუსევის თამაში გამიჭირდა. როდესაც დავინახავ, რომ "პახმელიაზეც" კარგად ვთამაშობ და არაადამიანურადაც ვიცინი, მერე ვიტყვი, რომ საქმე წინ მიდის.
- ბოლო ხანს გადაღებულ ქართულ ფილმებს როგორ შეაფასებ?
- საშინელებაა სცენარი, ოპერატორული ნამუშევარი, მსახიობები - ეს ყველაფერი კონტექსტიდანაა ამოვარდილი და, ჯამში, ფილმს კი არა, მარაზმს ვიღებთ. ახლახან ამერიკული ფილმი "ფორესტ გამპი" ვნახე და გავოგნდი. 1994 წელს არის გადაღებული და ჩვენ ახლა ამ ფილმის ნახევარსაც ვერ ვაკეთებთ.
ბოლო ხანს მხოლოდ კოტე მიქაბერიძის მიერ თითქმის ასი წლის წინ გადაღებული ფილმი "ჩემი ბებია" მომეწონა, რომელიც თავის დროზე ცენზურის გამო დაბლოკეს და წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველად უჩვენეს. ეს ფილმი შედევრია. ბოლო ხანს საქართველოში აქცენტი გაშიშვლებაზეა გამახვილებული და ფილმის მთელი არსიც ეს არის. ეს იმიტომ ხდება, რომ ცოტა ხნის წინ არავინ შიშვლდებოდა, ახლა კი სწორედ ამით ყიდიან ფილმს.
- შენ თუ გაშიშვლდები ფილმში?
- ახლო მომავალში არავითარ შემთხვევაში, შემდეგ კი, როდესაც მივაღწევ რაღაცას და ქართულ კინოსივრცეში ჩემს სათქმელს ვიტყვი, დაუფიქრებლად გავშიშვლდები.
- შეყვარებული ხარ?
- (იცინის) ამ თემაზე არ ვლაპარაკობ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ძალიან დიდხანს ოჯახის შექმნას არ ვაპირებ. 15-20 წელიწადს მაინც, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე ბავშვის გაჩენა არ მომინდება. მომწონს, როგორც ვცხოვრობ. მიყვარს და ვუყვარვარ. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.
- ახალ წელს სად ხვდები?
- შინ, შემდეგ კი მეგობრებთან გავიქცევი.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)