ვის უწოდებს გურამ საღარაძე თავის სულიერ მამას

ვის უწოდებს გურამ საღარაძე თავის სულიერ მამას

27 დეკემბერს, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, თეატრმცოდნემ და პროექტის ავტორმა ია შერაზადიშვილმა მაყურებელი გურამ საღარაძეს შეახვედრა. საღამოზე მსახიობმა გაიხსენა საინტერესო მომენტები თავისი ცხოვრებიდან, შემოქმედებიდან და რამდენიმე ლექსიც წაიკითხა...

გურამ საღარაძე 1929 წლის 12 იანვარს თბილისში, თეატრალურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამა, გიორგი საღარაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, რომელმაც შვილი პიონერთა სასახლეში დრამწრეზე შეიყვანა. სწორედ იმ პერიოდში მომავალმა მსახიობმა პირველად წაიკითხა გიორგი ლეონიძის ლექსი, "არ დაიდარდო, დედაო". დიდი აპლოდისმენტებიც დაუმსახურებია და ის განცდა დღემდე მოჰყვება.

დედამ რამდენიმე ენა იცოდა. ცდილობდა, შვილისთვის ფრანგული ენა ესწავლებინა, შვილი ეურჩებოდა. დედამ მასწავლებელი დაუქირავა. არც ამგვარმა მიდგომამ გაჭრა, როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, ის დედასაც და პედაგოგსაც "დაეთესებოდა" ხოლმე და სადღაც გარბოდა. დღეს ნანობს, რომ ფრანგულის შესწავლას ასე უდგებოდა. მან რუსთაველის თეატრის დასთან ერთად მსოფლიო მოიარა. ორჯერ ავსტრალიაში იყო, ორჯერ მექსიკაში, ევროპა ხომ "ატალახებული" მქონდა და უცხო ენების ცოდნა უდავოდ გამომადგებოდაო...

გურამ საღარაძემ 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მაშინვე რუსთაველის თეატრის დასში ჩაირიცხა.

თავდაპირველად თეატრში მოხვედრილი ახალგაზრდები, თავიანთ საგრიმიოროს "სმერტნიკების კამერას" ეძახდნენ, რადგან იქ ძალიან ციოდა, სარკეები არ ჰყოფნიდათ და ა.შ. მერე ყველაფერი შეიცვალა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ამ მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა როგორც სცენაზე, ისე ეკრანზე. 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გურამ საღარაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

თავად გურამ საღარაძე თავის სამსახიობო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ ნამუშევრად მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლს "როცა ასეთი სიყვარულია" მიიჩნევს. ეს რეჟისორიც თავის საუკეთესო ხუთ დადგმაში, "სიყვარულს" ერთ-ერთ წარმატებულ სპექტაკლად მოიხსენიებდა.

მრავალი წელია, რაც გურამ საღარაძე თეატრალურ უნივერსიტეტში მეტყველების ხელოვნებასა და კულტურას ასწავლის. ამბობს, რომ დღევანდელ ახალგაზრდებში ბევრი რამ მოსწონს, ბევრიც - არა. ფიცხი ხასიათი აქვს და შეიძლება, რაღაცაზე მოულოდნელად აფეთქდეს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, მათ გაუგოს, თუმცა ზოგჯერ ეს წარმოუდგენელია. დღევანდელობას ასე აფასებს: "ახლა ძალადობისა და სექსის ეპოქა დადგა"...

გურამ საღარაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრული კითხვის ოსტატია. ერთხელ, როცა სერგო ზაქარიაძეს მხატვრულ კითხვასა და მის ოსტატებზე ესაუბრებოდნენ, უთქვამს, გუშინ მე ვიყავი და დღეს გურამ საღარაძეს დავასახელებო. იგივე შეკითხვა ამჯერად გურამ საღარაძეს დაუსვეს. მას ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია - იქვე პარტერში მჯდომ მურმან ჯინორიაზე მიუთითა, დღეს ასეთი მურმანიაო...

მიუხედავად იმისა, რომ გურამ საღარაძეს არაერთი პოეტის ლექსი აქვს საზოგადოების წინაშე წაკითხული, მათგან გალაკტიონს გამოარჩევს და ამ პოეტს სულიერ მამას უწოდებს. ამაყობს, რომ ერთხელ ქართული პოეზიის შედევრი გაისმა ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორ­განიზაციაში, სადაც გურამ საღარაძემ "ვეფხისტყაოსნიდან" ნაწყვეტი წაიკითხა. იმ საღამოს რუსთაველის თეატრში მყოფ საზოგადოებას გურამ საღარაძემ რამდენიმე პოეტის შემოქმედებასთან ერთად, ილიას პუპლიცისტური წერილი "რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!" წაუკითხა. წერილი, რომლის შინაარსიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას...

ეკრანზე გასული საარქივო ვიდეომასა­ლით მაყურებელს სა­შუალება ჰქონდა გა­ეხსენებინა მსახიობის როლები სპექტაკლებში: "ანტიგონე", "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", "მშვენიერი ქართველი ქალი", "კავკასიური ცარცის წრე" და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, უმეტესი მათგანი თავად მსახიობსაც არ ჰქონდა ნანახი და იმ კადრებს პირველად ადევნებდა თვალყურს...

პარტერში იჯდა ჯემალ ღაღანიძე. გურამ საღარაძე მისი პიონერხელმძღვანელი იყო. საღამოს მთავარმა გმირმა გაიხსენა, როგორ იპარავდა სკოლის მოსწავლე ჯემალი ქათმებს და დროდადრო ხელმძღვანელს უმასპინძლდებოდა. "ქათამს ჯოხს თავში ჩასცხებდა და ისე კლავდა, საღამოობით მოდიოდა და მეუბნებოდა: პიონერხელმძღვანელო, მზად არის!.."

ჯემალ ღაღანიძემ კი გურამის მარცხიანობის შესახებ გვიამბო. ყველასთვის ცნობილია, რომ გურამს მარცხიანი ხელი აქვს და ამიტომ არაფერს აკარებენ. თეატრის გასტროლების დროს ის და ჯემალ ღაღანიძე ყოველთვის ერთ ოთახში ხვდებიან. თავის და კოლეგის საუზმე-ვახშამს ჯემალი ამზადებს ხოლმე. ერთ დილასაც მას სუფრა უკვე გაშლილი დახვდა. როგორც აღმოჩნდა, გურამს უაქტიურია. ქაფქაფა ჩაიც ისე ჩამოასხა ფინჯნებში, რომ ყველაფერი რიგზე იყო. თან მეგობარს ეუბნებოდა, თეატრში რომ მიხვალ, ეს ამბავი მოჰყევიო. ამის თქმა იყო, ჭიქა პირთან მიიტანა და ბრახ! ფინჯანი გასკდა!!! მსახიობი დამწვრობას ძლივს გადაურჩა...

გურამ საღარაძემ საღამო მუხრან მაჭავარიანის ლექსით დაასრულა. ხანგრძლივი აპლოდისმენტები ისმოდა სიტყვების შემდეგ: "და... იარონ! იარონ! იარონ! ამინ!"

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება