"ჩახლაფორთებული" გამოცდა და მსახიობების ავადმყოფობა

"ჩახლაფორთებული" გამოცდა და მსახიობების ავადმყოფობა

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, სცენაზე დგას და თეატრში უამრავი საინტერესო სახე აქვს შექმნილი, ბატონ ნუგზარ ყურაშვილს მაყურებელი ძირითადად, ფილმიდან - "ფესვები", "სვანი" და ტელესერიალიდან - "ცხელი ძაღლი" იცნობს.

- როგორც ვიცი, წარმოშობით სოხუმიდან ხართ. როდის დაინტერესდით თეატრით და რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც მსახიობის პროფესია აგერჩიათ?

- სოხუმში ულამაზესი წლები მაქვს გატარებული. პირველ საშუალო სკოლასთან ვცხოვრობდი და ცხადია, ამ სკოლაში ვსწავლობდი, ბოტანიკური ბაღიც იქვე იყო. ხანდახან მესიზმრება, ვითომ ისევ ბავშვი ვარ და იმ ადგილებში დავრბივარ, ვთამაშობ. ეჰ, კარგი დრო იყო... სოხუმის თეატრს მსახიობების სამჭედლოს, ტრამპლინს ეძახდნენ, სადაც ისეთი კორიფეები მუშაობდნენ, როგორებიც იყვნენ: სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, ოთარ კობერიძე, კუკური ლაფერაძე და სხვები. მათი ყურებისას საოცარი შთაბეჭდილებებით ვივსებოდი და საღამოობით, როცა ისინი ბულვარში სეირნობდნენ, ბავშვები უკან დავდევდით ხოლმე. არ შეიძლებოდა, სოხუმის თეატრში ერთხელ მაინც შესულიყავი და იქაურობა არ შეგყვარებოდა.

- კარგი ვოკალური მონაცემები გაქვთ...

- სოხუმის პიონერთა სასახლის გუნდში ვმღეროდი. მაშინ კარგი ხმა მქონდა და გასტროლებზეც ხშირად დავდიოდით. სხვათა შორის, სპექტაკლში თუ მჭირდება, ახლაც ვმღერი.

- სამსახიობო ფაკულტეტზე იოლად მოხვდით?

- მისაღებ გამოცდაზე რომ შევედი და იქ მიშა თუმანიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, დოდო ალექსიძე, საშა მიქელაძე დავინახე, ყველანაირი ტექსტი დამავიწყდა. ამ დროს აკაკი ხორავაც შემოვიდა. ის საპატიო სტუმრად ჰყავდათ მოწვეული და მისი დანახვისას სულ ამერია დავთრები (იცინის). ბოლოს, როგორც იქნა, რაღაც "ჩავახლაფორთე" და მიმიღეს. თეატრალურში ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა.

- იმ დროისათვის რომელ სპექტაკლებში მონაწილეობდით და როგორ პერსონაჟებს ასახიერებდით?

- თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ყოველთვის მთავარი და საინტერესო როლები მქონდა... ინსტიტუტში სწავლისას ვთამაშობდი გორკის "მოხუცში", მოლიერის "ტარტიუფში", თამაზ ჭილაძის "დაუპატიჟებელ სტუმარში". ჩემი პედაგოგი კუკური პატარიძე იყო. საერთოდ, ადამიანს არტისტიზმს ვერ ასწავლი, მას საქმე უნდა ასწავლო. კუკური პატარიძე სანდრო ახმეტელის თანაშემწე იყო და როცა ახმეტელი დახვრიტეს, კუკურიც გააციმბირეს. ის განათლებული კაცი გახლდათ და ისეთ რაღაცებს მიყვებოდა, რომ ეს პროფესია შემაყვარა... ახლა ერთ ფაკულტეტზე 200 კაცი სწავლობს, მაშინ კი მთელ ინსტიტუტში ვიყავით ამდენი, თანაც - სწავლაში ფულს ვინ გამოგართმევდა? ოღონდ შენგან რამე "გამომდნარიყო" და ფული ვის ადარდებდა?!.

- როგორც წესი, მაშინ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მსახიობების განაწილება ხდებოდა. თქვენ სად მოხვდით?

- სოხუმის თეატრში, სადაც 4 წლის მანძილზე ბევრ საინტერესო სპექტაკლში ვითამაშე. მახსოვს, ნოდარ დუმბაძეს ახალი დაწერილი ჰქონდა "საბრალდებო დასკვნა" და ეს ნაწარმოები მთელი საქართველოს მასშტაბით, ძალიან პოპულარული გახლდათ. 23 წლის ვიყავი, როცა ლიმონას როლი შევასრულე, თანაც - დიდი სახალხო არტისტების გვერდით მომიხდა მუშაობა, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

- როგორც ვიცი, ახმეტელის თეატრში მისი დაარსების დღიდან მუშაობთ...

- დიახ, ასეა და აქაურობას ვერც ველევი... ბევრი როლია ჩემთვის ძვირფასი. მაგალითად, "აპრაკუნე ჭიმჭიმელში" ყეყეჩი ვარდენია ვიყავი და ყველას გაუკვირდა, ეს როლი როგორ მოირგეო, სიცილით იხოცებოდნენ; ეროვნულ თემაზე გაკეთებულ კოლაჟში კი დემეტრე თავდადებული განვასახიერე... მერე თეატრში ნუკრი ქანთარია მოვიდა და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მისი მოსვლის დღიდან ახმეტელის თეატრში რენესანსის ეპოქა დაიწყო. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ნიჭიერი კაცი პოლიტიკაში ჩაერთო. ერთ ამბავს გავიხსენებ: იმ პერიოდში ოთარ ჭილაძის "ლაბირინთი" დაიდგა და სახელმწიფო პრემიები მივიღეთ. მე და ბესო მეგრელიძე ("მოზარდის" მსახიობი), გიჟების როლს ვასრულებდით: ბაბილა პირველი და ბაბილა მეორე საგიჟეთიდან გაიქცევიან და ბაღში იმალებიან. ჩემი პერსონაჟი მეგობარს ეუბნება: - მოდი, ვითამაშოთ, მე მგელი ვიქნები, შენ ირემი; გაიქეცი და თუ დაგიჭირე, შეგჭამო. ჰოდა, ეს "მგელი" "ირემს" იმდენ ხანს დასდევს, რომ მართლა მოუნდება მისი შეჭმა. მახსოვს, ამ სპექტაკლის პრემიერაზე, წინა რიგებში ქალები ისხდნენ; ერთ-ერთ მათგანს ისე შეეშინდა, რომ ყვირილით წამოხტა და გაიქცა (იცინის).

- რაზეა დამოკიდებული სპექტაკლის წარმატება?

- ნაწარმოებზე, რეჟისორზე, კარგად გადაწყვეტილ სცენარზე და მსახიობზე. 5-6 წლის წინ სამეფო უბნის თეატრში, თემურ ჩხეიძის ერთ სპექტაკლში ვითამაშე. ამ რეჟისორთან მუშაობა ძალიან მომეწონა და გამიხარდა, როცა თავადაც აღნიშნა, - შენთან მუშაობა სასიამოვნოაო... ახმეტელის თეატრზე საუბრისას, არ შემიძლია არ ვილაპარაკო დათო ანდღულაძეზე, რომელიც ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და თეატრისთვის თავგადადებული ადამიანია. მასთან მუშაობა საინტერესო იყო. ანდღულაძის წასვლის შემდეგ, ჩვენს თეატრში სრული სიბნელის, სიყრუის ხანა დადგა, ახალმა მმართველებმა არ იცოდნენ, რა იყო თეატრი... საბედნიეროდ, ახლა კარგი მმართველი გვყავს - მეურნე კაცია, პატიოსანი და სულ რაღაცას აკეთებს...

- ბევრი აღნიშნავს, რომ შესანიშნავად ასრულებთ ამიკოს როლს სპექტაკლში - "ამიკო", რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა. მეტიც - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს პიესა სპეციალურად თქვენთვის დაიწერა...

- ეს სპექტაკლი რეჟისორმა ოთარ ბაღათურიამ დადგა. ამიკოს როლი თენგიზ არჩვაძეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ იმ პერიოდში ბატონმა თენგიზმა სმას მიჰყო ხელი და როლი ვეღარ გაითავისა... ერთ დღეს, რეჟისორ ქეთინო ხარშილაძესთან ვიყავი სტუმრად. მან ოთარს ხუმრობით უთხრა, - მოდი, ეს როლი ნუგზარს მიეციო. ეტყობა, ბაღათურიას მისი წინადადება ჭკუაში დაუჯდა და 1 კვირის შემდეგ დამირეკა, - მოვსინჯოთო. ჰოდა, მოვსინჯეთ და მოვსინჯეთ...

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა სცენაზე მყოფს ტექსტი დაგვიწყნიათ?

- ეს ყველა მსახიობის ავადმყოფობაა. სცენაზე გასვლისას მღელვარება იმდენად დიდია, რომ შეიძლება, რაღაც მომენტში გაითიშო, მაგრამ მაყურებელი ამას ვერ უნდა მიხვდეს.

- წლებია, რაც სცენაზე დგახართ და მიუხედავად ამისა, მაყურებლის წინაშე ყოველი გასვლისას მაინც ღელავთ?

- რაც დრო გადის, ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა უფრო გემატება. ასე რომ, ამაში გასაკვირი არაფერია.

- პირველი ფილმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ, თუ არ ვცდები, "პორფირიონი" იყო, ამას მოჰყვა "ზღვის მაშვრალნი" და "ფესვები"...

- ბევრ ფილმში მითამაშია, ერთ წელიწადს კი 3 ფილმზე ერთდროულად ვიყავი მიწვეული... "პატე-სინემას" და რეზო ჩხეიძეს "დონ-კიხოტი" ერთობლივი ძალებით უნდა გადაეღოთ, მაგრამ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. ჩვენი ბუნებით აღფრთოვანებულმა ფრანგებმა გადაწყვიტეს, სხვა ფილმზე ემუშავათ და შეიქმნა "ზღვის მაშვრალნი", რომელმაც პირველი წარმატება მომიტანა. ამ ფილმის რაღაც კადრები საქართველოში გადაიღეს, ნახევარი - საფრანგეთში.

- როგორ დაგამტკიცეს როლზე?

- ამ ფილმის მეორე რეჟისორი ილია გოგელია იყო და მან შემომთავაზა, - სინჯებზე მოდიო. მსახიობებს ჯერ ფოტოები გადაგვიღეს, მერე ვიდეოფირზე ჩაგვწერეს და საფრანგეთში წაიღეს. როცა 3-4 თვის მერე დამირეკეს და მითხრეს, - როლზე დაგამტკიცესო, ძალიან გამიხარდა. ამ ფილმში ნოდარ მგალობლიშვილი და იმედა კახიანიც თამაშობდნენ და 2 თვე საფრანგეთში, ერთად ვიცხოვრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში - "ზღვის მაშვრალნი" უფრო დიდი როლი მაქვს, ვიდრე "ფესვებში", ხალხს მაინც, ამ უკანასკნელიდან უფრო ვახსოვარ.

- როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა?

- ქართველი კაცი სხვანაირია - უფრო ეროვნული, გულიანი, ჰოდა, ანრი, როგორც ქართველი კაცის ძმაკაცი, ძალიან მოეწონათ და თქვეს, - ეს რა ჯიგარიაო; მერე ხალხი ჩემი პერსონაჟის მიმართ კეთილად განეწყო და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ქუჩაში ინსპექტორებიც კი აღარ მაჩერებდნენ.

- დოდო აბაშიძე როგორი პარტნიორი იყო?

- სამწუხაროდ, მასთან ურთიერთობა ცოტა ხანს მომიხდა. ის უნიჭიერესი კაცი იყო. ამ ფილმზე მუშაობისას, უკვე მოხუცი გახლდათ და მალევე გარდაიცვალა.

- სერიალ "ცხელ ძაღლში" თქვენი პერსონაჟი - უჩა ზერაგია უარყოფითი პიროვნებაა...

- დიახ, უსაშინლესი კაცია. უჩა ზერაგია იგორ გიორგაძის პროტოტიპია ანუ ამ ფილმში აღწერილია ის, თუ რას აკეთებდა და ხლართავდა ეს ადამიანი. სხვათა შორის, ამ სერიალის ბოლო ნაწილი ეკრანზე არ გამოუშვეს... ფილმ "სვანში" კიდევ უფრო უარყოფითი პერსონაჟი განვასახიერე. დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და მაქვს სურვილი, ახმეტელის თეატრი ისეთსავე რელსებზე დადგეს, როგორზეც ნუკრი ქანთარიას დროს იდგა...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება