მოსკოვის მერმა ქალაქის ტაქსის მძღოლებს საგანგებო სიტუაციებში მგზავრების უფასოდ, ან მინიმალური ტარიფით გადაყვანა დაავალა. მითითება "მოსგორავტოტრანსის" ხელმძღვანელობას მისცეს.
ორგანიზაციამ ტაქსოპარკებთან შეთანხებები უნდა გააფორმოს. შეთანხმების თანახმად, საგანგებო სიტუაციებში ტაქსები მგზავრებს უფასოდ, ან დაბალი ტარიფით უნდა მოემსახურონ.
"ჩვენ ტაქსოპარკის მუშაობასთან დაკავშირებით, ასეთ სიტუაციას წავაწყდით: ტაქსისტები მგზავრობისთვის ძალიან დიდ თანხას ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრების გადასაყვანად დამატებითი ავტობუსები გამოიყო, ასეთი შემთხვევები მაინც გახშირდა", - განაცხადა სობიანინმა.
მსგავსი შემთხვევა 2010 წლის ბოლოსაც იყო, როდესაც დომოდედოვოს აეროპორტში ელექტროენერგია გაითიშა. მაშინ ტაქსისტები მგზავრობისთვის 20 ათას რუბლს ითხოვდნენ.
დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტში აფეთქება გუშინ დაახლოებით 16:32 სთ-ზე მოხდა. უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 35, დაშავდა - 100-ზე მეტი.
მომზადებულია rbcdaily.ru-ს მიხედვით.