ის ”პრადას” მოტრფიალე ჭირვეული რედაქტორიც არის და თბილ სვიტერში შეფუთული ფსიქოანალიტიკოსიც, ის ჯინსის კომბინიზონში მოფუსფუსე დიასახლისის იმიჯსაც შესანიშნავად ირგებს. მერილ სტრიპის ფილმოგრაფიაში უამრავი ბრწყინვალე ცხოვრებაა, ბიოგრაფია კი თანამედროვეობის საუკეთესო მსახიობის შესაფერისი აქვს. დიახ, ის ”პრადას ატარებს”, მაგრამ ვერ იტანს კორსეტებს, უკვე მეთექვსმეტედ გახდა "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიალის ნომინანტი. მოკლედ, მერილ სტრიპისგან ნამდვილად ღირს ქალური სიბრძნის სწავლა.
საიდუმლო პირველი: მახინჯი იხვის ჭუკის მეტამორფოზა
მშობლები გიჟდებოდნენ პატარა მერილზე. ის შეუზღუდავი ფანტაზიის მქონე პატარა უშნო იხვის ჭუკს ჰგავდა. მერი ლუიზა სილამაზით არ გამოირჩეოდა - სქელმინიანი სათვალე, თმის ფერი კი მეტად გაურკვეველი ჰქონდა. სამაგიეროდ, ის დედობის მაგივრობას უწევდა თავის ორ უმცროს ძმას და თავადაც დიდ და ბედნიერ ოჯახზე ოცნებობდა. ის "დედიკოს გოგო" იყო, სწორედ ისეთი, რომელიც მშობლებს სხვა ცელქი ბავშვებისთვის მაგალითად მოყავთ ხოლმე.
მერი ლუიზას ფანტაზიორობა უყვარდა. ხან ოპერის მომღერლად წარმოიდგენდა თავს, ხან თეატრის მსახიობად და თამაშის დროს თუ ტრაგიკულ როლს ასრულებდა, გულწრფელად შეეძლო ეტირა.
თხუთმეტი წლის ასაკში სამყარო მის გარშემო შეიცვალა, სტრიპის დაქალები მშვენიერ ქალიშვილებად იქცნენ და პაემნებზე დარბოდნენ, მერი ლუიზას კი სარკეში ჩახედვას გლამურული ჟურნალების თვალიერება ერჩივნა. მისნაირ გოგონებს მხოლოდ ორი შანსი ჰქონდათ: ან სახე სვიტერში უნდა ჩაემალათ, ან მსოფლიოსთვის საკუთარი თავი უკეთ გაეცნოთ.
გოგონამ გაბედულად დაიწყო მოდური სამოსის შერჩევა. თმა ქერად გადაიღება, სათვალეები ლინზებით შეცვალა. სახელი მერი ლუიზა მერილით შეცვალა და ....
გამოსაშვები საღამო მის ტრიუმფად გადაიქცა. უშნო იხვის ჭუკის მშვენიერ გედად იქცა. სტრიპი გამოსაშვები საღამოს დედოფლად აღიარეს. მან შეძლო ლამაზმანის როლის შესრულება, მაგრამ არც ის ავიწყდებოდა, რომ გარეგნობის შეცვლა ერთია და საკუთარი თავის ღალატი კი - მეორე. მიუხედავად იმისა, რომ ცხვირის ოპერაციის გაკეთებას ბევრი ურჩევდა, სტრიპმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა: ”ჩემი ცხვირი-ჩემი ხასიათია!", - ამბობდა ის.
დიდი ხნის შემდეგაც ის საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩება და უარს იტყვის კორსეტებსა თუ დიეტებზე.
საიდუმლო მეორე: ორი საქმე ერთდროულად
მერილმა წარმატებით ჩააბარა იელის უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტზე. ის მალევე იქცა ლექტორების საყვარელ სტუდენტად.
ერთ დღეს მას რეჟისორმა ჯოზეფ პაპმა დაურეკა და ნიუ-იორკის პრესტიჟულ თეატრალურ გუნდთან თამაში შესთავაზა. სწორედ აქ მოხდა მერილ სტრიპის ცხოვრებაში მისი პირველი და უკანასკნელი სკანდალი.
სპექტაკლს "თვალი თვალის წილ" ერქვა. სტრიპის პარტნიორი კი ფილმ "ნათლიით" სახელგანთქმული მსახიობი ჯონ კაზალე იყო, მან ვერ გაუძლო მერილის მომხიბვლელობას და მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა, ცოლობა შესთავაზა, მაგრამ მათ დაქორწინება არ ეწერათ. კაზალეს ძვლის კიბოს ბოლო სტადია დაუდგინდა.
ეს მსახიობის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. გადაღებები ქანცავდა. "ირმებზე მონადირის" გადაღების შემდეგ მერილი "ჰოლოკოსტის" გადაღებებზე გაემგზავრა. გადაღებებიდან მერილი ჯონის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. კაზალემ ვერ გაიგო, რომ მისი საცოლე "მონადირეში" შესრულებული როლისთვის პირველად წარადგინეს "ოსკარზე", "ჰოლოკოსტში" შესრულებული როლისთვის კი "ემი" მიიღო. მერილი ძმასთან გადასახლდა და მუშაობაში ჩაეფლო.
მან მალევე გაიცნო მოქანდაკე ჯონ გამერი, რომელსაც ცოლად გაჰყვა და ახლა წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
მერილს მუდმივად ეკითხებიან მისი ოჯახური იდილიის საიდუმლოზე, რაზეც სტრიპი ყოველთვის პასუხობს: "როცა ახალგაზრდა ვიყავი, კეტრინ ჰეპბერნის გამოთქმა დამამახსოვრდა: "შენ შეგიძლია ან ერთი აკეთო, ან მეორე, შენ არ შეგიძლია ორივე საქმის ერთდროულად კარგად კეთება" . როცა დავორსულდი, ვიფიქრე, რომ ვეღარასოდეს გავხდებოდი კეტრინ ჰეპბერნი". თუმცა ჰეპბერნის რეკორდი მან უკვე მოხსნა: ოსკარის 16 ნომინაცია - ჰეპბერნის 8-ნომინაციის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, ყოველდღე აცილებს ქმარს და შვილებს დილას სამსახურში.
საიდუმო მესამე: ამპლუის შეცვლა
ქორწილის შემდეგ მერილ სტრიპმა ვუდი ალენის "მანჰეტენში" და რობერტ ბენტონის ფილმში "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" ითამაშა. ამ უკანასკნელში "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი" აიღო. შემდგომ წლებში ყველაზე მოთხოვნად მსახიობად იქცა და ჯილდოს ჯილდოზე იღებდა. თავად მერილი თავს დიდ მსახიობად არ მიიჩნევს.
მერილ სტრიპმა ერთნაირი წარმატებით ითამაშა დრამებში: "სოფის არჩევანი", "აფრიკიდან", კომედიებში "სიკვდილი მას შვენის", "ჩემი საუკეთესო საყვარელი" და ა.შ.
ის თანაბრად მომხიბვლელია ”პრადაში” და სამზარეულოს წინსაფარში, გაპუტული ქათმით ხელში.
მერილ სტრიპი სამოცი წლისაა და ასაკს არასოდეს მალავს.
მომზადებულია lady.mail.ru-ს მიხედვით.