ახალ წლამდე, მხოლოდ 5 დღით, ამერიკიდან მსახიობი, ცუცა კაპანაძე ჩამოვიდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" ხელმძღვანელმა მანანა გეგიძემ ის "წლის ბრენდის" დაჯილდოების ცერემონიაზე საგანგებოდ მოიწვია და ნომინაციაში - "საზღვარგარეთ ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისათვის" დააჯილდოვა... "სანამ ამერიკაში წავიდოდი, 4 წლის განმავლობაში მე მიმყავდა "ქართული ბრენდის" დაჯილდოების ცერემონიალი... ვერ წარმოიდგენთ, როგორი ამაყი და ბედნიერი ვიყავი, როდესაც სცენაზე ავედი და ასეთი საპატიო ჯილდო გადმომცეს - ე.ი. ჩემს ხალხს ვახსოვარ და საქმე, რომელსაც უცხო ქვეყანაში ვემსახურები, საქართველოშიც დაფასდა", - აღნიშნა ცუცამ, რომელიც ამერიკაში ახალი წლის დადგომამდე გაემგზავრა.
- ნიუ-იორკში ვცხოვრობ... მძიმეა ემიგრანტის ხვედრი... ამ ქალაქმა რომ არ ჩაგყლაპოს, უნდა იბრძოლო, მის რიტმს აჰყვე. თუ ჩამორჩი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვეღარაფერს გააკეთებ და ერთ ადგილზე გაიყინები. მოკლედ, ნიუ-იორკი ჩარლი ჩაპლინის კინოს აჩქარებული კადრებივით ცხოვრობს...
- ნოსტალგია ალბათ ხშირად გეძალება, არა?
- რა თქმა უნდა. ქართველ ემიგრანტს ნოსტალგია მუდმივად აწუხებს და ამას მისი ქართული მენტალიტეტი განაპირობებს... წარმოიდგინე, ზემო იმერელმა ცუცა კაპანაძემ, სოფელ მერჯევიდან პირდაპირ ნიუ-იორკში ამოვყავი თავი! მაგრამ როცა შენი საქმე გიყვარს და შენს გასაკეთებელს უცხო ქვეყანაშიც აკეთებ, ხვდები, რომ არ დაკარგულხარ...
- ისე, პოპულარობა, წარმატება და საყვარელი საქმის კეთება არც აქ გაკლდა. რატომ გადაწყვიტე ამერიკაში გამგზავრება?
- ჩემი უახლოესი მეგობრები ნიუ-იორკში ცხოვრობენ, რომლებიც მუდმივად მიჩიჩინებდნენ, მათთან ჩავსულიყავი... მეც ავდექი და წავედი...
- ამერიკის მოქალაქეობას როდის მიიღებ?
- ერთ წელიწადში. მაგრამ როგორც ქართველი ემიგრანტები ამბობენ, თურმე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას ადამიანებს საშინელი განცდა ეუფლებათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფიცს დებენ და წარმოთქვამენ სიტყვებს, რომ უარს ამბობენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეობაზე. ვინც იქაური მოქალაქეობა მიიღო, ყველა იმას აღნიშნავს, რომ თავს იკავებდა, რომ არ ეტირა... მეგობრებს ვუთხარი, როდესაც ფიცის დასადებად გავალ, ცალ ხელში ჯვარს დავიკავებ ან თითებს გადავაჯვარედინებ-მეთქი (იცინის)... მე და ჩემს მეგობრებს იუმორისტული შოუს - "პა-სეანსის" აღდგენა გვინდოდა; ამასთან, იუმორისტული სერიალის გაკეთების სურვილიც გვქონდა, მაგრამ როდესაც ტელეკომპანიებში მივედით, ყველაფერზე უარი გვითხრეს... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აქ აღარ მომეცა მუშაობის საშუალება და ამიტომ წავედი, რაზეც გული ძალიან მწყდება, მაგრამ არა უშავს, მალე დავბრუნდები...
- როგორც ვიცი, ამერიკაში მარტო არ წასულხარ...
- დიახ, მე და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი ერთად გავემგზავრეთ და იქ 3 თვეში "მწვანე ბარათი" მივიღეთ, როგორც "ამერიკისთვის საჭირო" ადამიანებმა. სასაცილო არ არის? ამერიკისთვის "საჭირო ადამიანი" აღმოვჩნდი და ჩემი ქვეყნისთვის - არა!
- იმ 3 თვის განმავლობაში, სანამ "მწვანე ბარათს" მიიღებდით, რას საქმიანობდით?
- ამერიკაში რომ ჩადიხარ, თუ არ იმუშავე, ვერ იცხოვრებ. თავიდან მანჰეტენზე, ჩემს მეგობართან ვიყავი და მათ ბავშვებთან ვმუშაობდი - ქართულს ვასწავლიდი... ამასთან, იქ იყო ქართული კულტურის ცენტრი - "გეზი", რომელსაც მაია ბარამიძე ედგა სათავეში, სადაც პატარ-პატარა, საბავშვო სპექტაკლებს დგამდნენ. იმ ცენტრში ქალბატონი ხათუნა მიიწვიეს და შესთავაზეს, რომ სპექტაკლები დაედგა. მან "ნაცარქექიაზე" დაიწყო მუშაობა და მითხრა, ამ სპექტაკლში იქნებ ვახუშტის როლი ითამაშოო (ზღაპარს ეს პერსონაჟი მან დაამატა). დავთანხმდი და მგონი, ცუდი ვახუშტი არ ვყოფილვარ (იცინის). შემდეგი წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი - "ჰელადოსი" იყო, რაც მწერლის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა (წარმოდგენებში ძირითადად ბავშვები იყვნენ დაკავებულები. უფროსი მსახიობი მხოლოდ მე ვიყავი). შემდეგ ეს ჯგუფი დაიშალა და ამასობაში, ამერიკელმა, ქართული კულტურის უდიდესმა დამფასებელმა და ქომაგმა, ბატონმა ვიქტორ სირელსონმა ქართული თეატრის დაარსების სურვილი გამოთქვა. 2008 წლის 14 სექტემბერს, მანჰეტენზე ქართული თეატრი გაიხსნა და ხმამაღლა ვთქვით: - ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!
- უფრო ახლოს გაგვაცანი ბატონი ვიქტორ სირელსონი.
- ის ამერიკელი გახლავთ, ჰყავს ქართველი მეუღლე, ლია ბახტურიძე. ბატონი ვიქტორი 15 წელია, ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. დააარსა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი - "მოცეკვავე წერო", ვაჟთა შვიდკაცა - "მგზავრული", ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი - "ფესვები", ბავშვთა საყმაწვილო თეატრი და ჩვენი, ქართული თეატრი. საქართველოს წარმომადგენლობიდან თეატრის გახსნაზე ირაკლი ალასანიაც ბრძანდებოდა. ის მაშინ გაეროში საქართველოს ელჩი გახლდათ. ძალიან გაუხარდა, როდესაც პრემიერაზე მოსვლა ვთხოვეთ.
- რა იყო საპრემიერო სპექტაკლი?
- თეატრი გაიხსნა ოტია იოსელიანის პიესით - "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი". სპექტაკლის შემდეგ 15-წუთიანი პოეზიის საღამოც გავმართეთ, რომელიც საქართველოს მივუძღვენით... იქ ქართველების მიერ ჩატარებული ყველა კონცერტი ქართული სიმღერით, ცეკვითა და ლექსით იწყება... გასული წლის 28 ნოემბერს მეორე სპექტაკლის - "სარკე" - პრემიერაც ანშლაგით გავმართეთ. ნიუ-იორკის მერიამ როგორც ქართული დიასპორის თეატრი, ისე გვაღიარა და ალბათ გრანტსაც მოგვცემენ, რითაც თეატრის მცირედი დაფინანსება მაინც გახდება შესაძლებელი; ბატონი ვიქტორი მსახიობებს გზის ფულს უხდის და პატარა ჰონორარსაც აძლევს; ამას საქართველოს სიყვარულით აკეთებს.
- ვაშინგტონში მდებარე ის თეატრიც ქართული ხომ არის, სადაც ირაკლი კავსაძე მუშაობს?
- იმ თეატრში ქართველი მსახიობები კი მუშაობენ, მაგრამ იქ პანტომიმისა და მეტყველების სინთეზია და ყველაფერი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მათ ნიუ-იორკში ხშირად აქვთ გასტროლები. ძალიან წარმატებული დასია.
- ცუცა, ამ უცხო ქვეყანაში ყველაზე დიდი სიძნელე რა აღმოჩნდა?
- ისევ და ისევ ნოსტალგიის დაძლევა... სიზმარშიც კი საქართველოში ვარ... ნებისმიერი, უცხოეთში ემიგრაციაში წასული ქართველი ამბობს, რომ დაბრუნდება, მაგრამ წლები გადის და ჩამოსვლას მაინც ვერ ახერხებს. მუდმივად ქართული ფილმი - "ფესვები" მახსენდება... სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე ემიგრანტობა, ვერ მივხვდი იმ ფრაზის მნიშვნელობას - საქართველოდან ერთი მუჭა მიწა წამომიღე, რომ ფეხსაცმელში ჩავიყაროო. დიახ, უმრავლესობას ტერფის ქვეშ მართლაც უყრია მშობლიური ქვეყნიდან წაღებული მიწა და ისეთი შეგრძნება აქვს, რომ თითქოს ფეხზე უფრო მყარად დგას... ნიუ-იორკში 10 ათასი ქართველი ცხოვრობს... ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ამერიკაში დაბადებული პატარა ქართველები საქართველოსთვის დაკარგული თაობაა... ისინი აქ არ დაბრუნდებიან, მხოლოდ ტურისტებად ჩამოვლენ. მე და ქალბატონი ხათუნა ხომ საბავშვო თეატრში ვმუშაობთ, პატარებს ლექსს, პროზას, იგავ-არაკს, ქართულ მწერლობას ვასწავლით და ჩვენთან ინგლისურად ლაპარაკს ვუშლით, მაგრამ შესვენებაზე მაინც ინგლისურად საუბრობენ.
- თქვენი თეატრი გასტროლებს ხომ არ გეგმავს?
- კი, ცოტა ხანში კანადაში გვიწევს გასტროლები. იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს. ახლა ხელშეკრულებას ვაფორმებთ, გასტროლებს გერმანიაში, სანდკორნის თეატრში ვაპირებთ. უმთავრესია, რომ გასტროლებით საქართველოში, თბილისში, თეატრალურ ფესტივალზე ჩამოვიდეთ.
- ისე, აქ ამბობდნენ, ცუცა ამერიკაში გათხოვდაო...
- არა, არ გავთხოვილვარ (იცინის). სხვათა შორის, ბევრი მილოცავდა... ვაპირებდი; იყო პიროვნება, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ცოლად გავყოლოდი, მაგრამ ის - ოკეანის ერთ მხარეს, მე კი ოკეანის მეორე მხარეს აღმოვჩნდი. ასე რომ, ოკეანემ დაგვაშორა და ერთმანეთის მიმართ მხოლოდ პლატონური სიყვარული შეგვრჩა. ამიტომ, ისევ მოლოდინში ვარ (იცინის)... ვისაც დაოჯახების სურვილი ექნება, გამომეხმაუროს, მაგრამ თუ იმას იფიქრებს, რომ მე უნდა ვარჩინო, მაშინ თავს ტყუილად შეიწუხებს...
- სანამ საუბარს დავიწყებდით, მითხარი, რომ ამერიკაში სწავლობ კიდეც...
- კოლეჯში ვსწავლობ, რომ ინგლისურ ენას კარგად დავეუფლო. ცოტა ხანს თავისუფალ მსმენელად ნიუ-იორკის კინოაკადემიაშიც ვიყავი. მინდა, სატელევიზიო და თეატრალური სასწავლებლები დავამთავრო და მერე - ვნახოთ.
- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებ.
ლალი ფაცია
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)