"საყვარელო მამულო", "თბილისი ჩემი საფიცარია", "პატარა ქალბატონი", "ვერა", "შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება"... რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის ამ და სხვა სიმღერებზე უკვე რამდენიმე თაობა აღიზარდა. მის სიმღერებს ყველაცნობილი ქართველი მომღერალი და ანსამბლი ასრულებდა. 2006 წელს ქალბატონ რუსუდანს ვარსკვლავიც გაუხსნეს, მაგრამ ყველაზე ძვირფას ჯილდოდ, რომელიც კი თავისი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების განმავლობაში მიუღია, მაინც მსმენელის სიყვარული მიაჩნია... მისი სიმღერების მსმენელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც ქალბატონი რუსუდანის შემოქმედება ასე შეაფასა: "მისი მუსიკა სიცოცხლეს გვიხალისებს". ჟურნალ "ბომონდის" იანვრის ნომერს სწორედ რუსუდან სებისკვერაძის სიმღერების დისკი ახლავს.
- ვიცი, რომ ამგვარი პროექტების განხორციელება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბევრს შესაძლოა ამა თუ იმ დისკის შეძენა სურდეს, მაგრამ ვერ ახერხებდეს, ამ პროექტის მეოხებით კი ჩემი სიმღერები ხელმისაწვდომი ხდება როგორც ჟურნალის მოყვარულთათვის, ასევე ჩემი შემოქმედების გულშემატკივრებისთვის. დისკში ჩემი თორმეტი სიმღერა შევიდა. ავარჩიეთ სიმღერები, რომლებიც მსმენელს განსაკუთრებით უყვარს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს სიმღერები ბევრ ოჯახში შევა. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამორჩეული ავტორებისა და მომღერლების დისკები გამოუშვით. ამიტომაც მიხარია ასე ძალიან, მეც რომ მერგო ასეთი პატივი.
- როგორ ირჩევთ თქვენი სიმღერების შემსრულებელს?
- მე იმისთვის ვწერ სიმღერას, ვინც მას პირველად შეასრულებს. მერე, ეს სიმღერა სხვასაც თუ მოეწონა, რა თქმა უნდა, ისიც იმღერებს, მაგრამ პირველ შემსრულებელს ყოველთვის მე ვირჩევ. სიამაყით ვამბობ, რომ არაერთ კარგ შემსრულებელს დავუწერე სიმღერა და მათაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემი შემოქმედების პოპულარიზაციაში, ზუსტად გადმოსცეს ჩემი სათქმელი. რამდენიმე კვირის წინ ჩვენგან წავიდა არაჩვეულებრივი მომღერალი ზაურ ბოლქვაძე. მისთვის ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი. სწორედ მას დავუწერე "მარტოხელა ქალბატონო", რომელიც მე-20 საუკუნის 20 საუკეთესო სიმღერის რიცხვში შევიდა.
- კიდევ რომელ შემსრულებლებს გაიხსენებთ?
- დიდი სიამოვნება მომანიჭა გოგი დოლიძემ, გოგისა და ეკა მამალაძის დუეტმა; არაჩვეულებრივად ასრულებენ ჩემს სიმღერებს მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე. ჩემი "იმერეთი" ნუკრიმ ისე შეასრულა, რომ მისი შემოქმედების ერთ-ერთ საეტაპო სიმღერად იქცა.
- როდესაც მარტო რჩებით, თუნდაც ერთი წუთით, რას ფიქრობთ განვლილ ცხოვრებაზე?
- ადამიანი საკუთარ თავთან ყოველთვის მარტოა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. ჩემ ირგვლივ უამრავი ხალხიც რომ იყოს, სულ რაღაცას ვფიქრობ, სულ რაღაც მღერის ჩემში. ჩემი საფიქრალი ყოველთვის ის იყო, რომ ჩემი სათქმელი, ტკივილი თუ სიხარული სიმღერით გადმომეცა. ყოველთვის ამის მიხედვით ვარჩევდი ლექსებს, რადგან ჯერ ლექსში უნდა დავინახო ის, რისი თქმაც მინდა და შემდეგ მივუსადაგო მუსიკა და ისე ავამღერო, რომ ჩემი სათქმელი სხვის გულამდეც მივიდეს. საფიქრალს ცოცხალ ადამიანს, აბა, რა გამოულევს... მეც კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი.
ლიკა კერატიშვცილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)